ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სამზარეულოსთან გაერთიანებული მისაღები ოთახი საკმაოდ ტრენდული გადაწყვეტაა ბინის გეგმარების კუთხით. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ ინტერიერის დიზაინერები და უძრავი ქონების მეპატრონეები, ვინაიდან ღია გეგმარება იძლევა სივრცის დაზოგვის საშუალებას და ინტერიერს მეტად ჰაეროვანსა და მსუბუქს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებს მეტი იზოლაცია და პირადი სივრცეების შექმნა უწევთ, ღია გეგმარება მაინც ერთ-ერთ პოპულარულ ვარიანტად რჩება. მაინც რა არის ის მთავარი დადებითი თვისებები, რაც ამ ტიპის სივრცის მოწყობას ახასიათებს? ამ კითხვით ჩვენ დიზაინერ თიკო კობახიძეს მივმართეთ, რომელიც ღია გეგმარების 5 მთავარ უპირატესობაზე გვიამბობს:
1. დიდი სივრცე და მეტი ბუნებრივი განათების წყარო
სამზარეულოსა და მისაღები ოთახის გაერთიანება საშუალებას გვაძლევს, მივიღოთ მეტი სივრცე. რაც მთავარია, არასაჭირო ტიხრების დემონტაჟის მეშვეობით, ბინაში ბუნებრივი განათება ბევრად ადვილად აღწევს და ოთახი მეტად ნათელი და მასშტაბური ჩანს.
2. გაუმჯობესებული კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან
როგორც ცნობილია, დიდი ოთახი არის ოჯახის ყველა წევრის საქმიანობის ცენტრი, ადგილი, სადაც თავისუფალ დროს ერთად გართობა და დასვენებაა შესაძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამზარეულო ის ადგილია, სადაც ადამიანები ძალიან ბევრ დროს ატარებენ. შესაბამისად, მისაღები ოთახისა და სამზარეულოს გაერთიანება, ერთგვარად, ნიშნავს მთელი ოჯახის გაერთიანებას. ამ შემთხვევაში ის ოჯახის წევრები, რომლებიც სამზარეულოს საქმით არიან დაკავებულნი, არ გრძნობენ თავს იზოლირებულად დანარჩენებისგან. პირიქით, ღია გეგმარების სივრცეში სახლის ყველა ბინადარი სრულფასოვნად არის ჩართული ნებისმიერ პროცესში, იქნება ეს სადილის მომზადება, ტელევიზორის ყურება თუ სხვა.
3. ბავშვები მუდმივი თვალთახედვის არეში
გაერთიანებული მისაღები-სამზარეულო იდეალური ვარიანტია მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში. სამზარეულოსა და მისაღები ოთახის კომბინაცია ღია გეგმის დიზაინში საშუალებას აძლევთ მშობლებს, იყვნენ ერთდროულად დაკავებულნი ყოველდღიური საქმიანობით (მაგალითად, საკვების მომზადება, ჭურჭლის რეცხვა) და ამავდროულად, თვალი ადევნონ შვილებს. ამ ტიპის გარემო განსაკუთრებით სასარგებლოდ აისახება ბავშვებზე, რომლებიც თავს მუდმივად დაცულად და კომფორტულად გრძნობენ.
4. გამარტივებული დალაგება
ღია სივრცის დასუფთავება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ტიხრებით სავსე ფართის, რომელშიც ჭარბად გხვდება კუთხეები, რაც ბუნებრივად ართულებს და ახანგრძლივებს დასუფთავების პროცესს.
5. მეტი თავისუფლება ინტერიერის მოწყობის კუთხით
მისაღები-სამზარეულოს ღია გეგმა იძლევა მეტ თავისუფლებას სივრცის მოწყობის კუთხით. მინიმალისტური სტილის ავეჯის შერჩევის შემთხვევაში, სივრცე უფრო დიდი და ნათელი ხდება.