in

არქიტექტურა, როგორც ეპოქის პორტრეტი – ინტერვიუ გაგა კიკნაძესთან

გაგა კიკნაძე არქიტექტორთა გარემოცვაში იზრდებოდა, რის გამოც ამ პროფესიით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, შემდეგ კი პროფესიული განათლებაც ამ მიმართულებით მიიღო. დღეს ის ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე, სფეროს მთავარ გამოწვევებსა და საკუთარ შემოქმედებაზე გვესაუბრება.

გაგა, გვიამბეთ თქვენს ბავშვობაზე, როგორ გარემოში იზრდებოდით?

ჩემი მშობლები არქიტექტორები იყვნენ. 60-იანი წლების ბოლოს მამაჩემმა მისივე დაპროექტებულ „საქპურის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულზე „შემოქმედებითი სახელოსნო“ მიიღო. სივრცე იმ დროისთვის უჩვეულოდ, თანამედროვედ, სადად და საინტერესოდ მოაწყო: თეთრი კედლები, ჭერი ჭაღის გარეშე, რბილი იატაკი, დაბალი ჩაშენებული ავეჯი, თეთრქაღალდგადაკრული სამუშაო მაგიდა რაისშინითა და დიდი ბაბინებიანი მაგნიტოფონით, ნახატები, ორიგინალური ნივთები… ეს იყო საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი, სადაც ვერთობოდით, რბილ იატაკზე – ფეხბურთს, სამუშაო მაგიდაზე კი პინგ-პონგს ვთამაშობდით. სტუმრები ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორები იყვნენ, რომლებიც, მუშაობის პარალელურად, კარგ დროსაც ატარებდნენ. მახსოვს, სახელოსნოს თეთრ კედელს ეკრანად იყენებდნენ, რომელზეც საზღვარგარეთ, შუა აზიასა ან დაღესტანში მოგზაურობის ამსახველ კადრებს  უზიარებდნენ ერთმანეთს. სტუმრები იატაკზე ისხდნენ და ისე საუბრობდნენ. ეს ყველაფერი ჩემთვის განსაკუთრებულ მოგონებად დარჩა.

რამაზ კიკნაძე, ნელი ქვარცხავა, 1960-იანი წლები
ნელი ქვარცხავა, რამაზ კიკნაძე ბაკურიანი, 1960-იანი წლები
რამაზ კიკნაძის შემოქმედებითი სახელოსნო (1970წ.)

როდის დაინტერესდით არქიტექტურით და როგორი იყო თქვენი კარიერული გზა?

ხატვა და არქიტექტურა ბავშვობიდან მაინტერესებდა. სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის ჯგუფში ვიყავი. მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, ლევან მუშკუდიანი, სწორედ აქ გავხდით პარტნიორები. ბოლო საკურსო (სერჟი-პონტუაზის საკონკურსო პროექტი) და სადიპლომო ნამუშევარიც ერთად გავაკეთეთ და მას შემდეგ ერთად ვმუშაობთ.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1986 წ.) „საქქალაქმშენსახპროექტში“, ირაკლი მასხარაშვილის სახელოსნოში, „მზიურის“ ჯგუფში დავიწყეთ მუშაობა. 1989 წელს, გია აბულაძის თაოსნობით, სტუდია „არსი“ ჩამოვაყალიბეთ. მოგვიანებით კი, 2005 წელს, ლევან მუშკუდიანთან ერთად „Architects.ge“ დავაარსეთ. სახელი ჰოლანდიელმა კოლეგამ შეგვარქვა.

არქიტექტორები.ჯი სახელოსნო (2014)
ღვინის ქარხანა, მუხრანი (2008)

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროფესიას?

არქიტექტურა ძალიან რთული და კომპლექსური პროფესიაა, რომელიც ხელოვნების ნიჭსა და ტექნიკურ უნარებს ერთდროულად მოითხოვს. ამ საქმეს უამრავი დრო და ფიქრი სჭირდება. უმცირესი შეცდომის დაშვებასაც დიდი ზარალის მოტანა შეუძლია. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, უკვე ურთულესი ფორმების პროექტირებაც შესაძლებელია, რამაც თითქმის ყველა გაიტაცა. ყველაზე საინტერესო შემდგომი განვითარებაა, რომელსაც ღრმა ხედვა სჭირდება.

საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე (2010)

საინტერესოა, რას ფიქრობთ ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე.  

ვფიქრობ, ქართული არქიტექტორული სივრცის მთავარი გამოწვევა დაბალი ანაზღაურებაა. მგონია, რომ არქიტექტურა იქ უფრო ხარისხიანია, სადაც ეს პროფესია მაღალანაზღაურებადია და შესაბამისად, მოტივაციაც მაღალია. ტენდერების (და არა კონკურსების) სისტემა, რომელშიც პროექტი დაბალი ფასის კრიტერიუმით ირჩევა, ნამდვილი არქიტექტურისთვის შეურაცხმყოფელია. ამგვარი პროექტი ხარისხიანად ვერ შესრულდება. მისი რეალიზაცია ზოგჯერ გამოუსწორებლად აზიანებს გარემოს. რაც შეეხება კერძო სექტორს, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში შედარებით ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ ნაყიდი კოეფიციენტების მქონე დეველოპერების დაუკმაყოფილებელ მადას ვერც ერთი ქალაქი გაუძლებს.

მგონია, რომ აქაური არქიტექტურა თვითდინებით, თავისთავად ვითარდება. არაერთ კარგ მაგალითთან ერთად, გვხვდება მიბაძვის ნიმუშებიც, რაც მისაღებია, რასაც ვერ ვიტყვით თვითნასწავლებისა და გაუნათლებლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ჩემი დაკვირვებით, უფროსი თაობისთვის უფრო მისაღები ეკლექტური სტილია აღმოსავლური აქცენტებით, ახალგაზრდებს კი, საბედნიეროდ თანამედროვე, ევროპული სტილი მოსწონთ. პირადად მე ახალგაზრდების იმედი მაქვს და ეს მხოლოდ არქიტექტურას არ ეხება.

სვანეთის მუზეუმი მესტიაში (2013)

სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი

რომელ არქიტექტურულ ნიმუშებს გამოყოფდით?

უპირველესად – გიორგი ჩახავას გზების მშენებლობის სამინისტროს, რომელიც XX საუკუნის მსოფლიო არქიტექტურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ვფიქრობ, მთელი თბილისი, თავისი კარგითა და ცუდით, არქიტექტურის განვითარების შესანიშნავი მაგალითია. იშვიათია ქალაქი, რომელმაც ამდენი ცვლილება განიცადა. ისტორიას რომ გადავხედოთ, ნარიყალა, მეტეხი, გოგირდის წყლის აბანოები – თბილისის ეს განსაკუთრებული ადგილები – ოდესღაც ტყეში იყო ჩაფლული. შუა საუკუნეებში მათ კალა, კიბე-ქუჩები, ბაზარი და მტკვრისპირა ქარვასლები დაემატა. XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქში აღმოსავლური, ბანიანი სახლებია, ამავე დროს, დასავლეთიდან შემოდის დახრილი სახურავები და აივნები. იმ პერიოდის ერთ გამოცემაში მითითებულია, რომ ამ საქმით იმერელი ხელოსნები იყვნენ დაკავებული. კლასიციზმის სრულიად უჩვეულო, მოკლე პერიოდის შემდეგ, XIX საუკუნის შუა წლებიდან რევოლუციამდე, ლონდონში გაზრდილი ვორონცოვის კანონებითა და უცხოელი არქიტექტორების დამსახურებით, შესანიშნავი ახალი უბნები – რუსთაველი, მთაწმინდა, სოლოლაკი, ვერე და მარცხენა სანაპირო გაშენდა. მგონია, რომ ეს ჩვენი დღევანდელი სიმდიდრეა.

თბილისის საჰაერო ხედი (1995)

აუცილებლად უნდა აღინიშნოს კლდიაშვილის უნივერსიტეტის შენობაც, რომელიც მოკრძალებული ნაგებობაა. 1920-იანი წლებიდან ერთი ტოტალიტარული დამკვეთის ერა დაიწყო, რომელიც მალევე აკრძალულ, რევოლუციური კონსტრუქტივიზმის მოკლე პერიოდში გადაიზარდა. შემდეგ სოციალისტურ-იმპერიული არქიტექტურა მოდის, რომელმაც კინაღამ მთლიანად შეიწირა ფეოდალური და ბურჟუაზიული მემკვიდრეობა. ამას მოჰყვა 60-იანების მოდერნიზმი თავისი ბრუტალურ-პოსტმოდერნისტული გაგრძელებებით… გაუთავებელი კვარტლები და კორპუსები, გაუგებარი ურბანული ინტერვენციები კომპარტიის შენობებით და საპარადო სივრცეებით. საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, თბილისის და აფხაზეთის ომების შემდეგ, ავტოფარეხებითა და  ე. წ. ლოჯიების მიშენებით დაწყებული განუკითხაობა სრულ ანარქიაში გადაიზარდა. თბილისის არქიტექტურა დაშენებებით, მიშენებებით და ქრთამებით აივსო. ამის მიზეზი დღემდე აღმოუფხვრელია. აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, რა უფრო საშიშია ქალაქისთვის – ტოტალიტარული დიქტატორული მმართველობა თუ ნაყიდი კოეფიციენტებით შეიარაღებული დეველოპერები.

ბოლნისის მუზეუმი (2019)

რაჭის მუზეუმი ონში (2021წ.)

გვესაუბრეთ თქვენს შემოქმედებაზე. ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი, ვის აზრსაც განსაკუთრებით ითვალისწინებთ?

ყველა პროექტი განსხვავებული გამოდის. შთაგონება პროექტის ფუნქციიდან და ადგილმდებარეობიდან მოდის. ყველა ადგილს თავისი არქიტექტურა და კონტექსტი სჭირდება. უნდა იცოდე, რას აკეთებ, სად, რატომ, რისთვის და ვისთვის. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ნაკლებად „შევაწუხო“ გარემო, რაც ხან გამომდის, ხან – არა. მგონია, რომ არქიტექტურა ერთადერთი ობიექტური ისტორიკოსია, რომელიც თავისი დროის, საზოგადოებისა და დამკვეთის პორტრეტია, ამიტომ მის სიუშნოვეს მხოლოდ არქიტექტორს ვერ დავაბრალებთ.

რაც შეეხება შემფასებელს, ჩემი პარტნიორის, ლევან მუშკუდიანის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემი მეგობარი არქიტექტორების იდეებსაც ხშირად ვითვალისწინებ. ზოგადად კი, ვფიქრობ, ახალგაზრდა არქიტექტორების ხედვა ყველაზე საინტერესოა.

საცხოვრებელი სახლი მცხეთაში (2016)

თქვენი პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით? 

გამოვყოფდი „თიბისი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალის რეკონსტრუქციას, რომელიც საკმაოდ რთული სამუშაო იყო, ასევე, იქვე მდგომ „მწვანე შენობას“. აღსანიშნავია, რომ ეს არის არქიტექტურის ძეგლი, რომელიც ძეგლთა დაცვის სპეციალისტების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით შევასრულეთ; გამოვარჩევდი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარე საცხოვრებელ უბანს ლისზე, დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანების სივრცეს ბევრი სიმწვანით; განსხვავებული ტიპის სასწავლო დაწესებულებას – „ამერიკულ აკადემიას“ ასევე ლისზე. გვიმუშავია ახალციხის, მესტიის, თელავის, ბოლნისისა და ონის რეგიონულ მუზეუმებზეც. იქაური ისტორიისა და არქეოლოგიის ახლოს გაცნობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გამოვარჩევდი სვანეთის მუზეუმის რეკონსტრუქციასაც, რომელიც ჩემმა ერთმა კოლეგამ ძალიან სასიამოვნოდ შეაფასა: ამ ნაგებობას ზედმეტი არაფერი აქვსო.

“თიბისი ბანკი” მარჯანიშვილის ქუჩაზე (2004)
საოფისე ცენტრი “მწვანე შენობა” (2006)
“ამერიკული აკადემია” თბილისში, ლისი (2009)

რას ეტყოდით ახალგაზრდა კოლეგებს?

როგორც უკვე აღვნიშნე, არქიტექტურა მნიშვნელოვანი და რთული პროფესიაა, რომელსაც დიდი მოტივაცია სჭირდება. არქიტექტორმა, სულ მცირე, არ უნდა დააუშნოოს გარემო. მგონია, რომ არქიტექტორებს არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ამ საინტერესო პროფესიას უამრავი აღმოჩენები ახლავს თან. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტს დამკვეთი აფინანსებს, აუცილებელია მისი სურვილების გაზიარება და გარკვეულ დათმობაზე წასვლა. ამ დროს ზომიერებაა საჭირო, რაც მარტივი სულაც არ არის.

ვაზისუბნის მამული (2020წ.)

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა განსხვავებაა პრემიუმ ხაზის ტექნიკასა და სტანდარტული კლასის ტექნიკას შორის?

ჩაშენებული, ამოსაკრავი თუ დასადგამი ნიჟარა — რომელი გამოვიყენოთ სააბაზანოსა და სამზარეულოში?