ბნელი ბინები საკმაოდ პირქუშად და არაკომფორტულად გამოიყურება. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ვერაფერს შეცვლით და ერთადერთი არჩევანი უბრალოდ ამ რეალობასთან შეგუებაა. თუმცა, დღეს სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გავხადოთ ბნელი ბინის ინტერიერი ნათელი.
- ბინაში სიბნელის არსებობაზე მრავალი ფაქტორი ზემოქმედებს. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ბინის მდებარეობაზე, არამედ ფანჯრების რაოდენობასა და მათ ზომებზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იატაკის, ავეჯის, კედლების ფერთა სქემა, ფანჯრის ღიობების დიზაინი და ინტერიერის გასაფორმებლად გამოყენებული მასალები. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იქნება:
- კედლის თეთრ ან პასტელურ ფერებში შეღებვა
- მუქი ფერის იატაკის საფარი ღია სადათი შეცვლა
- შიდა ხის კარების მინის კარებით ჩანაცვლება
- შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერი. თუ კედლების შეღებვას გეგმავთ, არჩევანი რაც შეიძლება ღია ფერზე შეაჩერეთ. ბნელ ოთახში, რომელშიც ერთი ფანჯარაა, ერთი და იმავე ფერის საღებავის სამი ელფერი უნდა გამოიყენოთ. ფანჯრიანი კედელი ნათელი საღებავით შეღებეთ. ფანჯრის მოპირდაპირე კედლისთვის ერთი ტონით ღია საღებავი გამოიყენეთ, ხოლო დანარჩენი კედლებისთვის – ნეიტრალური ფერი. შეღებვის ეს მეთოდი დღის სინათლის ინტენსივობის ეფექტს აძლიერებს.
ოთახში სინათლის შემოსატანად, ასევე, შეგიძლიათ კედლებისთვის გამჭვირვალე საღებავი შეარჩიოთ ოქროს, ვერცხლის ან მარგალიტის ნაწილაკებით. ასეთი საღებავით შეღებილ კედლებს მეტი სინათლის არეკვლა შეუძლია.
- კარგი განათება უმთავრესია. კარგად ორგანიზებული განათება ინტერიერს არა მხოლოდ უფრო ნათელს, არამედ ვიზუალურად უფრო დიდს ხდის. ამიტომ გონივრული იქნება, თუ ცენტრალური განათების გარდა დამატებით სანათებსაც გამოიყენებთ. შეგიძლიათ ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეში ტორშერი დადგათ ან კედლის ნათურა დაამონტაჟოთ. კარგ შედეგს მოგცემთ ცალკეული დეკორატიული ელემენტების განათებაც, როგორიც არის ნახატები, სტატუეტები და ა. შ.
- თუ თქვენი ბინა ბნელია, უმჯობესია მასიურ ავეჯებსა და კუთხის დივნებზე უარი თქვათ. ასეთი ინტერიერისთვის უფრო შესაფერისია ღია ფერის, მსუბუქი და ელეგანტური ავეჯი. სასურველია დიდი კარადის თხელი ღია თაროებით ჩანაცვლება. გარდა ამისა, ღირს ყურადღება მინის ავეჯზეც გაამახვილოთ. თუ სახლში მუქი ფერის ავეჯი გაქვთ, შეგიძლიათ მათთვის ღია ფერის გადასაფარებლები შეიძინოთ. კიდევ ერთი გზა მათზე ღია ფერის დეკორატიული ბალიშების მოთავსებაა.
- ოთახებში იატაკი ნათელი ფერის უნდა იყოს. თუ მუქი ფერის იატაკის შეცვლას არ გეგმავთ, შეგიძლიათ უბრალოდ ღია ფერის ხალიჩა გამოიყენოთ.
- ბნელი ინტერიერისთვის სარკე შესანიშნავი გამოსავალია. უმჯობესია, შეარჩიოთ დიდი სარკე. შეგიძლიათ ის ოთახში ფანჯრის მიპირდაპირე მხარეს ჩამოკიდოთ.
- ბნელ ოთახში არ გამოიყენოთ მძიმე, სქელი ფარდები. ასევე, რეკომენდებული არ არის ორნამენტებიანი ფარდების გამოყენება. ასეთი ოთახებისთვის შესაფერისია მსუბუქი ქსოვილების გამოყენება, რომლებიც ოთახში დღის შუქის შეღწევას ხელს არ შეუშლის.
- მუქი სამზარეულოსთვის უმჯობესია შეარჩიოთ პრიალა ზედაპირის მქონე ავეჯი, რომელიც დღის სინათლეს კარგად ირეკლავს. თუ სამზარეულოში მუქი იატაკი და ავეჯი გაქვთ და მათ შეცვლას არ გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ ინტერიერს ნათელი დეკორატიული ელემენტები დაამატოთ.
- და ბოლოს, მიზანშეწონილია, ბნელი ოთახებისთვის მინის ელემენტების მქონე კარები შეარჩიოთ.