საქართველო სასტუმროების ნაკლებობას არ უჩივის – მეტიც, საცხოვრებელი სახლი რომ გვგონია, შეიძლება, იმ შენობაშიც კი სასტუმრო იყოს შემალული. ამ სტატიისთვის ჩატარებულმა მოკვლევამ ამაში ნამდვილად დაგვარწმუნა – რომ თბილისი და ზოგადად, მთელი საქართველო სავსეა ფერად-ფერადი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერიერის მქონე სასტუმროებით.
გადავწყვიტეთ, ამ სტატიაში ჩვენი რჩეული სასტუმროების შესახებ გიამბოთ:
თუ მზის სხივებითა და დიდი ფანჯრებით დახუნძლული ოთახები გიყვართ, ეს ადგილი ნამდვილად თქვენთვისაა! ზურაბ ჟვანიას 10-ში მდებარე სასტუმრო Z10 უამრავ ნათელ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა, მაინც ერთი ხაზის ქვეშ მყოფ ოთახებს აერთიანებს. აღნიშნულ სინათლეს არამხოლოდ ფანჯრები, არამედ ოთახის კედლები ქმნის, რომლებიც, უმეტესწილად, ღია ტონებშია გადაწყვეტილი. ნეიტრალურ ფერებს კი ერთგვარად ავსებს სპეციალურად მათთვის შერჩეული ჭრელი დეკორი. Z10-ის ინტერიერზე ლიზა ხუნდაძემ და ელენე პაპიაშვილმა იმუშავეს.
Esquisse Boutique Hotel Telavi
ჩვენი შეფასებით, ამ სასტუმროს პატარა მარაქეში შეგვიძლია, ვუწოდოთ. აქ თითოეული ოთახი თავგადასავალია, რადგან ისინი უამრავი ფერითა თუ დეკორაციით არიან დატვირთულები. ალბათ მართლაც დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ აქაური მაგია აითვისოს მნახველმა. ყველაფერ ამის ნახვა თელავში, კურდღელაურის 19 ნომერში შეგიძლიათ. Esquisse Boutique Hotel Telavi-ს ინტერიერი ესმა ხეცურიანს ეკუთვნის. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სულ მალე აღნიშნული სასტუმრო თბილისშიც გაიხსნება.
ნინოშვილის 56-ში მდებარე Communal Hotel Plekhanovi კი სრულიად განსხვავებულ ამბავს გვიყვება.. მუქ ტონებში გადაწყვეტილი ინტერიერი მყუდრო განწყობას ქმნის. ამ სიმყუდროვეს კიდევ უფრო ამძაფრებს ისიც, რომ სასტუმრო თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს. სასტუმროს დეკორი მოიცავს როგორც თანამედროვე, ისე ძველებურ ავეჯსაც. პრინციპში, ამ სასტუმროს ნამდვილად შეგვიძლია ახლის და ძველის თანამედროვე შერწყმა ვუწოდოთ. Communal Hotel Plekhanovi-ის ინტერიერი კაწია სამსონაძეს ეკუთვნის.
ეს სასტუმრო ნამდვილად ჰგავს მუზეუმს, რადგანაც მისი ინტერიერისთვის შერჩეული დეკორი პირველივე ჯერზე მოხვდება თვალში სტუმარს. როგორც Z10-ში, მუზეუმის კედლებიც ნეიტრალურ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელსაც სრულყოფილად ავსებს ზემოხსენებული დეკორები. სიფერადის შემომტანის როლი ამ შემთხვევაში სწორედ ავეჯსა და დეკორაციებს აკისრიათ. სასტუმრო დედაენის ბაღის მოპირდაპირე მხარეს, ვახტანგ ორბელიანის 8/10-ში მდებარეობს. მის ინტერიერზე დიზაინერებმა, ნინო არზიანმა და ნინო მშველიძემ იმუშავეს.
Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა
ყვარლის ტბის სასტუმრო ბევრისთვისაა ცნობილი მისივე მშვენიერი გარემოთი. ამ გარემოს კი თანაბრად ქმნის როგორც სასტუმროს ინტერიერი, ისე – აქაური ბუნება. თუმცა, ამ სასტუმრომ ჩვენი ყურადღება ყველაზე მეტად მისივე ლობით მიიქცია, რომელიც მინიმალისტურ, ძალიან ბუნებრივ სტილშია გადაწყვეტილი. ყვარლის ტბის სასტუმროს ლობიზე დიზაინერმა ნინო ჩუბინიშვილმა იმუშავა.
ავტორი: თინათინ უგრეხელიძე