სამყაროზე შთაბეჭდილება უმთავრესად ჩვენი თვალებიდან მომდინარეობს. სინათლე კი იმისთვის გვჭირდება, რომ უკეთ დავინახოთ და აღვიქვათ ჩვენ გარშემო არსებული სივრცე. განათება არის სწორედ ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადამიანების უმრავლესობა აღიქვამს სამყაროს.
განათება ითვლება არქიტექტურის მეოთხე განზომილებად, რომელიც აერთიანებს და აძლიერებს დიზაინის სხვა დისციპლინებს და აქვს ფუნდამენტური როლი ყველაფრის აღქმაში, რაც ჩვენ გარშემოა. ის არის დიზაინის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ამდიდრებს და აძლევს ადამიანებს კომფორტულ, უსაფრთხო და შთამაგონებელ გარემოს.
მას აქვს უპირატესობა, იყოს მუდმივად უნივერსალური. სწორედ ამიტომ, როდესაც საქმე ეხება განათებას, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა განათების დიზაინერი და რას გვთავაზობს ის?
განათების დიზაინი წარმოადგნს როგორც ხელოვნებას, ასევე მეცნიერებას და შესაბამისად, მისი სწორად გამოყენება, ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ რთული შეიძლება იყოს.
განათების დიზაინერები განათების ექსპერტები არიან. ისინი ისწრაფვიან, შექმნან საუკეთესო განათება ყველასთვის, ეს იქნება ინდივიდუალური ხელოვნების ნიმუში, ერთი ოთახი, მთელი სახლი თუ მაღალსართულიანი შენობა, არქიტექტურა თუ ინტერიერის დიზაინი.
განათების დიზაინერები გვთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე უბრალო ნახაზები ან/და გამოთვლებია. ისინი ყურადღებას აქცევენ თითოეულ დეტალს და ტექნიკურ მახასიათებლებს. სპეციალიზებული ცოდნა მათ საშუალებას აძლევთ, გამოიყენონ განათების მრავალი სახე, რომელიც ყველაზე უკეთ იქნება მორგებული კონკრეტული დამკვეთის სიტუაციაზე, სურვილებსა თუ კომფორტზე. მათ კარგად იციან, როგორ მოაწესრიგონ და მართონ განათება ისე, რომ მაქსიმალურად დადებითი გავლენა მოახდინოს მომუშავე პერსონალსა და მომხმარებელზე, რაც უმნიშვნელოვანესია ბიზნესის წარმატებისთვის. მათი გამოცდილება დაზოგავს თქვენს დროს და აგარიდებთ ძვირადღირებულ შეცდომებს.
კარგმა განათებამ უნდა უზრუნველყოს საკმარისი ხილვადობა სივრცის საჭიროებისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, მაგრამ ასევე უნდა შექმნას საინტერესო ატმოსფერო.
სანათის ადგილმდებარეობამ, თუ სად არის განთავსებული, რა ინტენსივობის სანათი არის შერჩეული და რა მიმართულებით, შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს არა მხოლოდ მხედველობასა და ვიზუალურ კომფორტზე, არამედ ზოგადად, გარემოს აღქმაზე. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ნათებამ, არამედ თავად სანათმაც კი შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სივრცისა და მისი მფლობელის მიმართ ზოგად შთაბეჭდილებებზე.
განათების პროფესიონალი დიზაინერი ყოველთვის ფლობს ინფორმაციას უახლესი ტენდენციების, ტექნოლოგიისა და განათების ვარიანტებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ. განათების დიზაინერი არ “ყიდულობს და ყიდის” განათების პროდუქტებს – ისინი მუშაობენ მხოლოდ თქვენთვის.
ამრიგად, განათებამ და კონკრეტულად განათების დიზაინერმა შეიძლება საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინოს თქვენს კმაყოფილებაზე, ხილვადობაზე, დავალების შესრულებაზე, უსაფრთხოებაზე, განწყობასა და ატმოსფეროზე, ესთეტიკურ განსჯასა და სოციალურ ინტერაქციაზე.
ავტორი: მარიამ თავართქილაძე, AT Architect