in

გარე ელექტრო ჟალუზი — უპირატესობა, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

გარე ელექტრო ჟალუზი გამოიყენება სივრცის უსაფრთხოებისა და გარე კლიმატური პირობებისგან თავდასაცავად შენობის ფასადზე, ფანჯრებზე, კარებზე, ავტოფარეხზე, საერთო პარკინგზე თუ კომერციულ ობიექტებზე. მისი მოხმარება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია, რადგან ელექტრო ძრავით იმართება და ფიზიკურ აქტივობას არ მოითხოვს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ გარე ელექტრო ჟალუზების უპირატესობებზე და მათი მონტაჟის სპეციფიკას გაგაცნობთ.

ენერგოეფექტურობა — გარე ელექტრო ჟალუზი ხელს უწყობს შემომავალი სითბოს რეგულირებას, ამცირებს მზის სხივების შემოჭრას შენობაში, ამიტომ გაგრილების მოწყობილობების გამოყენება ნაკლებად საჭირო ხდება. ამავე პრინციპით, ჟალუზი კარგი საიზოლაციო საშუალებაა ცივი ჰაერის მასისთვის, რაც ზამთრის პირობებში შიდა ტემპერატურის შენარჩუნებაში გვეხმარება და  შენობის ენერგოეფექტურობას ზრდის.

უსაფრთხოების სტანდარტი — გარდა იმისა, რომ გარე ჟალუზი შენობას გარე პირებისგან იცავს და ეფექტურ  ბარიერს ქმნის, ასევე, საცხოვრებელ სახლებში ინტერიერის ელემენტებს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს და მათი იერსახის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ასევე, სწორად შერჩეული და ხარისხიანად დამონტაჟებული გარე ელექტრო ჟალუზი შენობას გარე კლიმატური პირობებისგან (ქარი, წვიმა, თოვლი) დაცულს ხდის და ფანჯრებისა თუ კარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

კომფორტული გამოყენება — პირველ რიგში, გარე ელექტრო ჟალუზები კომფორტული, დაცული, მოსახერხებელი სივრცის შექმნაში გვეხმარება. ამასთანავე, მისი გამოყენება ძალიან მარტივია, რადგან ფიზიკურ ძალას არ მოითხოვს და დისტანციურად (პულტით) ან ავტომატური გზით (ღილაკით) იმართება.

ესთეტიკური მიმზიდველობა — გარე ელექტრო ჟალუზი არსებობს ღია და დახურული ტიპის. დახურული ჟალუზის პროფილები არ ატარებს სინათლეს და თვალისათვის  უხილავია. ღია ჟალუზის პროფილებს შორის კი ჭრილია გაკეთებული, რომელიც ან გამჭვირვალე ფირფიტითაა დაფარული (რომელიც სინათლეს ატარებს, ჰაერს კი არა), ან ჭრილი ღიად არის დატოვებული, რათა ჰაერმა თავისუფლად იმოძრაოს და შენობაში დამატებითი ვენტილაციის წყარო გაჩნდეს.  პროფილებს შორის ჭრილი სინათლეს ატარებს და შიდა და გარე ხედს თვალისთვის ხილულს ხდის.  ჟალუზის ორმხრივი დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს ექსტერიერში დამატებითი, საინტერესო შტრიხები შექმნას და სივრცეს მიმზიდველობა შემატოს.

დარგის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ჟალუზის მონტაჟისთვის აუცილებელია ზედაპირი სწორი და მყარი  იყოს, რათა ინსტალაცია სწორად მოხდეს და ჟალუზმა სიმყარე შეინარჩუნოს. არაპროპორციული, თხელი, დრეკადი ზედაპირის შემთხვევაში, ჟალუზის მოსათავსებლად სპეციალური კონსტრუქცია ეწყობა, რომელიც მოწყობილობას მყარ საყრდენს უქმნის.

ამასთანავე, სპეციალისტი გვიხსნის, რომ უმჯობესია, ჟალუზი რემონტის მიმდინარეობისას დამონტაჟდეს და რემონტის დაწყებამდე მოხდეს კონკრეტული ადგილის შერჩევა, მისი სისწორისა და სიმყარის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო გაყვანილობის მოწყობა. თავად მოწყობილობის ინსტალაცია კი, ჩვენი რესპონდენტის თქმით, რეკომენდებულია, კოსმეტიკურ რემონტამდე მოხდეს, რათა ფასადის თავიდან გალესვა თუ შეღებვა საჭირო არ გახდეს. ასევე, მონტაჟამდე გათვალისწინებული უნდა იყოს ძრავის ყუთის მდებარეობა, რადგან ზოგიერთ მომხმარებელს არ სურს, რომ ის ჩანდეს. ამიტომ მონტაჟისას ყუთი კედელში იმალება და თვალისათვის უხილავი ხდება, ან შიდა სივრცეში თავსდება და გარედან არ ჩანს. სხვა მხრივ, სამონტაჟო პროცედურა საკმაოდ მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს.

ექსპერტი  გვიხსნის, რომ არსებობს განსხვავებული სიმაღლის ჟალუზის  პროფილები — 55 მმ/75მმ/95 მმ-იანი, რომლებიც სპეციალურ ზონებს ერგება. მაგალითად, 55 მმ-იანი პროფილი უმჯობესია დამონტაჟდეს საცხოვრებელი სახლის ფანჯრებზე, რადგან ზომიდან გამომდინარე, მსუბუქია და დიდ კონსტრუქციაზე მისი მონტაჟი არ ღირს, ძლიერ ქარს ვერ გაუძლებს. ავტოფარეხებისთვის რეკომენდებულია 75მმ.-იანი სიმაღლის პროფილი, ხოლო დიდი ზომის კარისთვის გათვალისწინებულია  95 მმ.-იანი სიმაღლის პროფილი, რათა ჟალუზმა მედეგობა შეინარჩუნოს და კლიმატურ პირობებს ეფექტურად გაუძლოს.

ასევე გასათვალისწინებელია ძრავის ფაქტორი, რომელიც არსებობს ორი სახის – ინტენსიური და არაინტენსიური. არაინტენსიური ძრავა ნაკლები დატვირთვით მუშაობს და საცხოვრებელ სახლებსა და ისეთ კომერციულ ობიექტებზე გამოიყენება, სადაც დანადგარს დღის განმავლობაში იშვიათად მოიხმარენ.  რადგან არაინტენსიური ძრავა ხშირი მოხმარებისას ხურდება და გარკვეული პერიოდი ითიშება. დატვირთულ ზონებში, სადაც ჟალუზი დიდი სიხშირით მუშაობს, უკეთესია ინტენსიური ძრავა, რომელიც მუშაობის დროს დაბრკოლებებს არ შექმნის.

რაც შეეხება ღირებულებას (მასალისა მონტაჟის გათვალისწინებით), გარე ელექტრო ჟალუზის საშუალო ფასი, 1მ2-ის მიხედვით, 150-180 დოლარის ფარგლებში მერყეობს. საბოლოო ღირებულება კი დამოკიდებულია ჟალუზის ზომაზე, რომელიც ზონების შესაბამისად იზრდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რესტავრირების შედეგად აღდგენილი თანამედროვე კოტეჯი ლონდონში

ინტერიერის გაახლება კაპიტალური რემონტის გარეშე — ნათია კარიაულის რჩევები