ღირს თუ არა ახალაშენებულ სახლებში გარემონტებული ბინის შეძენა? რას გვთავაზობს ასეთი ბინა და როგორი რემონტის მქონე ფართის შეძენაა საუკეთესო გადაწყვეტილება? დღეს სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით.
მშენებელი კომპანიისა და კონკრეტული პროექტის არჩევის შემდგომ ბინის მეპატრონე მორიგი „გზაგასაყარის“ წინაშე დგება: როგორ მდგომარეობაში შეიძინოს ბინა და რით განსხვავდება ერთმანეთისგან შემოთავაზებული ვარიანტები.
დავიწყოთ იქიდან, რომ მშენებლისგან შესაძლებელია როგორც სრულიად გაურემონტებელი, ასევე რემონტის სხვადასხვა მოდიფიკაციის მქონე ბინის შეძენა: „შავი“, „თეთრი“, „მწვანე“, „მწვანე პლუსის“ კონდიციამდე მიყვანილი კარკასი ან სულაც ბოლომდე გარემონტებული ბინა, სადაც ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც კია შეტანილი.
ბინა რემონტით
სრული რემონტის შემთხვევაში, მყიდველი, როგორც წესი, შეთავაზებების მარტივ კომპლექტს იღებს: ბიუჯეტურ კარს და ლამინატს, ნეიტრალურ ფერებში შეღებილ კედლებს, მარტივ სანტექნიკას და სადა ფილებს აბაზანაში.
მშენებლისგან შემოთავაზებული მოპირკეთების ასეთი სტანდარტული ვარიანტი მათშია პოპულარული, ვინც ბინის გაქირავებას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში ეს ნამდვილად იდეალური გადაწყვეტილებაა, რადგან მეპატრონე რემონტთან დაკავშირებული ენერგიისა და ნერვების ხარჯვას ირიდებს თავიდან.
აღსანიშნავია, რომ ახალაშენებულ სახლებში ბოლომდე გარემონტებულ ბინებს ძირითადად ის ადამიანები იძენენ, რომლებისთვისაც ეს პირველი და იპოთეკური სესხით შეძენილი უძრავი ქონებაა. ეს არის ახალგაზრდა ოჯახები და ასევე რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებსაც ხშირად პირდაპირ “გამზადებული ვარიანტი” სჭირდებათ.
საქმე იმაშია, რომ გარემონტებული ბინის შეძენის შემთხვევაში, რემონტის თანხა ბინის ფასში შედის. შესაბამისად, მყიდველს რემონტზე დამატებითი სახსრების მოძიება აღარ სჭირდება, იპოთეკური სესხის ყოველთვიურ შენატანზე კი რემონტის დანამატი არსებით გავლენას არ ახდენს.
ბიუჯეტური სეგმენტის მყიდველები რემონტისთვის დიდ რესურს არ ფლობენ. როგორც წესი, უძრავ ქონებაზე ბოლო კაპიკი იხარჯება, ყველა შემოსავალი კი იპოთეკის მომსახურებაზე მიდის. ამ ტიპის მყიდველებისთვის თავად ბინის შეძენის ფაქტია მნიშვნელოვანი და არა მისი რემონტისა და დიზაინის ხარისხი.
რემონტი ჩვენი გემოვნებით
დღეს ბინების უმეტესობა ე.წ. “„შავი”, “თეთრი” ან “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში იყიდება, ანუ ისეთ კონდიციაში, როცა რემონტის ყველაზე შრომატევადი და მოსაწყენი ეტაპები გავლილია, მყიდველს კი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეუძლია საკუთარი საცხოვრებლის გამშვენება.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის უძრავი ქონების მყიდველი დაბალ ბიუჯეტური სეგმენტის გარდა, მაღალშემოსავლიანი პირებიც არიან, რომელთაც მშენებლის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული გადაწყვეტილებები არ აკმაყოფილებთ. ისინი სწორედ რემონტის საწყის ეტაპზე უზრუნველყოფენ მათთვის სასურველ დამატებით ოფციებს, როგორიცაა თბილი იატაკის სისტემა, ვენტილაცია, „ჭკვიანი“ სახლის აღჭურვილობა და რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად შერჩეული ორიგინალური მოსაპირკეთებელი მასალები.
სწორი გამოსავალი
გაყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ე.წ. „მწვანე კარკასი“ დღეს აბსოლუტური ლიდერია უძრავი ქონების ბაზარზე. ასეთი ბინების პოპულარობა, პირველ რიგში, ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობითა და რემონტის ყველაზე სასიამოვნო ეტაპზე ჩაბმის შესაძლებლობითაა გამოწვეული.
შესაბამისად, შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბინის შეძენა რემონტით ან რემონტის გარეშე ორივე შემთხვევაში გამართლებულია. აქ მნიშვნელოვანია მეპატრონის მიზანი. იმ შემთხვევაში თუ ბინა უბრალო ინვესტიციაა, რომელმაც მეპატრონეს შემოსავალი უნდა მოუტანოს, უმჯობესია მშენებლისგან მისი გარემონტებული სახით შეძენა. ხოლო თუ ბინა პირადი საცხოვრებელი სივრცე უნდა გახდეს, ასეთ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანი ე.წ. „მწვანე კარკასის“ კონდიციის ფართის შეძენაა. მაღალი კლასის სამშენებლო კომპანიები ამ მხრივ კიდევ უფრო შორს მიდიან და მომხმარებელს უამრავ უპირატესობას სთავაზობენ. მაგალითად, „ნამაი ვაკეს“პრემიუმ კლასის კომპლექსში მყიდველს „მწვანე კარკასისთვის“ დამახასიათებელი პირობების გარდა, დამატებით ევროპული ხარისხის თბილი იატაკი, გაგრილება-გათბობის სისტემა, თერმულად დამუშავებული იფნისა და ნეკერჩხლის ხით მოპირკეთებული ტერასები და აივნები, თერმო რეგულატორი, ჰაერის გამწმენდი რეკუპერატორი, მინდუქციური ქურა, შემოსასვლელი კარის დომოფონი და სველ წერტილებში შეკიდული უნიტაზის ავზი დახვდება. რაც შეეხება მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, ამ ეტაპზე ბინის მეპატრონე თავად ირჩევს მისთვის სასურველ მასალებსა და მათ დიზაინს, რაც მას საშუალებას აძლევს, მარტივად განახორციელოს ყველაზე თამამი დიზაინერული ჩანაფიქრიც კი და შექმნას სრულიად მასზე მორგებული ინდივიდუალური სტილის საცხოვრებელი გარემო.