დღევანდელ სტატიაში „Dadiani Architects“-ის მორიგ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 250 მ2-ია. ობიექტი წარმოადგენს გასტრო-ბარს და გახლავთ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე არსებული, „Dadiani Architects”-ის მიერ შესრულებული კოქტეილ-ბარის ერთგვარი გაგრძელება, რომელსაც ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. პროექტის ავტორების მიზანი იყო, არ დაკარგულიყო ის მთავარი ხაზი, რომელიც თავის დროზე ახალგახსნილი კოქტეილის ბარის დიზაინ პროექტისთვის შემუშავდა და ვიზუალური მახასიათებლები თუ სივრცისთვის დამახასიათებელი განწყობა ორგანულად განვითარებულიყო გასტრო-ბარის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ გასტრო კუთხით ტექნოლოგიურ დიზაინს თან ახლდა სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა პროექტის განხორციელების პროცესში, საბოლოოდ, „Dadiani Architects”-ის გუნდმა მოახერხა თავდაპირველი კონცეფციის შენარჩუნება და დიზაინი მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახადა.
გეგმარებითი სამუშაოების შედეგად, გასტრო-ბარი მოიცავს დახურულ დარბაზს, მსუბუქად გადახურულ ვერანდას და სამზარეულო-სასაწყობე ფართებს.
დიზაინის მთავარ ელემენტს წარმოადგენს სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი დიდი ზომის კედლისა და ჭერის პანო, რომელიც მთელ ინტერიერში დომინანტურ როლს ასრულებს და ერთიანი კოლაჟის სახე აქვს. პანო საინტერესოა იმით, რომ ის აღორძინების ეპოქის ევროპული მხატვრობის მნიშვნელოვან ფერწერულ ტილოებსა და ფრესკების დეტალებს აერთიანებს, რაც შთამბეჭდავ სურათს ქმნის და ნებისმიერ მნახველს აღაფრთოვანებს. აღსანიშნავია, რომ თავად ქაღალდის დიზაინზე „Dadiani Architects”-ის გუნდმა კომპანია „კრაკენის” გრაფიკულ დიზაინერებთან – თინა მაყაშვილთან და ციცი ბოდოკიასთან ერთად იმუშავა.
„რენესანსის ძირითადმა იდეამ ადამიანის მნიშვნელობის შესახებ განსაკუთრებით მკაფიო ხორცშესხმა ჰპოვა იმ ეპოქის ხელოვნებაში, რომლის ძირითად თემად ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ადამიანი იქცა განუსაზღვრელი სულიერი და შემოქმედებითი შესაძლებლობებით. სწორედ ასეთი მნიშვნელობისაა ბარის ყოველი სტუმარი, რომელიც დატვირთული დღის შემდეგ, საღამოს გატარებას ჩვენ მიერ შექმნილ გარემოში გადაწყვეტს”, — აღნიშნავს თორნიკე დადიანი
მთავარი სივრცე, რომელიც შეიძლება ითქვას, ორ ზონად — ბარისა და სასადილო სივრცეებად იყოფა, ერთმანეთისგან დიდი სვეტებით არის გამოყოფილი. ინტერიერი კი ღია, კრემისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელსაც შავი აქცენტები საინტერესოდ ეხამება. ოთახის ორივე მხარეს თაღებია გამოყვანილი, რაც ეფექტურ სახეს სძენს სივრცეს, მასიური ჭაღები და თითბერის დეკორატიული განათება კი გარდა იმისა, რომ აღორძინების ხანის ესთეტიკას უსვამს ხაზს, სივრცეში განსაკუთრებულ ატმოსფეროს და სიმყუდროვეს ქმნის.
გასტრო-ბარის ავეჯი TON-ის მაგიდებითა და სკამებით არის გაფორმებული, ამიტომ ავეჯის დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება. კონტრასტული შტრიხები შეაქვს წითელი ფორმის რბილ სავარძლებსაც, რომლებიც დახვეწილი სტილით ხასიათდება.
„Dadiani Architects”-ის პროექტი საინტერესო და განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს გასტრო-ბარის სტუმრებს. აღორძინების ეპოქის ესთეტიკა და განწყობა ინტერიერის სხვადასხვა ელემენტში ვლინდება, რაც ობიექტს სახასიათო და ორიგინალურ იერსახეს ანიჭებს, მოსულ სტუმრებს კი დაუვიწყარ მოგონებებს ჰპირდება.
პროექტის ავტორი: თორნიკე დადიანი
არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Dadiani Architects“
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: Besti Group
ავეჯი: TON