in

2023 წლის ტენდენციები — გაზაფხულის 5 ყველაზე მოდური ფერი ინტერიერში

გაზაფხულზე ცივი და ნეიტრალური ტონები ნაკლებად აქტუალურია — წინა პლანზე იწევს თამამი, მხიარული, თბილი ფერები. ცნობილია, რომ ნათელი პალიტრა საუკეთესო საშუალებაა მოსაწყენი ინტერიერის გადასახალისებლად.

დღეს წლევანდელი გაზაფხულის ყველაზე აქტუალურ ფერებს გაგაცნობთ.

„ველური“ მწვანე

ზეთისხილისფერი და ბალახისფერი – მიუხედავად იმისა, რომ ეს ტონები დიდი ხანია, დიზაინერების ყველაზე პოპულარული არჩევანია, წლევანდელ გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე პროფესიონალები გვირჩევენ, მწვანის სხვა, მრავალფეროვანი ელფერები მოვსინჯოთ.

ერთ-ერთი დახვეწილი გადაწყვეტა „ველური მდელოს“ ელფერია, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია თეთრ, მზიან ოთახებში. სრული ჰარმონიის მისაღწევად დარწმუნდით, რომ თეთრი ტონალობა შეიცავს მწვანე ნახევარტონს.

მოდური კარმინი[1]

კარმინის ტონები წელს ყველაზე მოდურია. გაზაფხულზე ისინი განსაკუთრებით თვალშისაცემია, განსაკუთრებით, ინტერიერის დიზაინში. თუ კარმინისფერი ოდნავ გაშინებთ, უპირატესობა წითელ-ნარინჯისფერ და მდიდარ ვარდისფერ-ატმისფერ ტონებს მიანიჭეთ — ისინი ინტერიერს სითამამეს, სიმსუბუქესა და მხიარულებას ჰმატებს.

ტირამისუ, ქვიშ და მდოგვ

გაზაფხულზე ყურადღების ცენტრშია თბილი სპილენძისფერი, რომელიც შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც ნაკლებად ექსცენტრულ პალიტრას ეძებს. ყავისფერი იდეალურია ჰარმონიული, მყუდრო და დეკორატიული სივრცის შესაქმნელად. ასეთი ინტერიერი ექსპერიმენტების შესაძლებლობას ტოვებს. ეს ფერი და მისი ტონები შეგიძლიათ სხვადასხვა ფაქტურით, ტექსტურითა და ხელოვნების ნიმუშით გააცოცხლოთ.

„მოხარშული ჯინსი“

2023 წლის გაზაფხულზე ჯინსმა არა მარტო პოდიუმები, არამედ ინტერიერიც დაიპყრო: გაუფერულებული („მოხარშული“) ცისფერი შესანიშნავი არჩევანია მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად. ეს ელფერი უსაფრთხო და მრავალმხრივია: მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც კედლებზე, ისე ჭერზე. გარდა ამისა, ასეთი ცისფრის სხვა ტონებთან შეხამებაც იოლია, თუმცა, ყველაზე მეტად მას მაინც ლურჯი უხდება.

„იტალიური“ ყვითელი

ახალ სეზონზე მოდურია ყვითელი ფერის მთელი სპექტრი — მკვეთრიდან დაწყებული, შედარებით „რბილ“ ტონებამდე. ეს უკანასკნელი იდეალურია საზაფხულო ინტერიერისთვის, სასიამოვნო სიგრილის ეფექტის მისაღებად, პირველი კი უფრო გაზაფხულს შეეფერება. ნათელი, თბილი ყვითელი, რომელიც ასე ჰგავს 1920-იანი წლების იტალიური დეტექტივების ყდების ფერს, თქვენს სახლს ენერგიითა და ოპტიმიზმით აავსებს. ამასთანავე, სულაც არ არის აუცილებელი, ყველა კედელი ყვითლად შეღებოთ — თუნდაც ჭერზე მისი გამოყენებით ოთახში განსაკუთრებულ აქცენტებს შემოიტანთ.

[1] ხასხასა წითელი ფერის საღებავი. ცნობილია „სინგურის“ სახელითაც. გამოიყენება ფერწერასა და პარფიუმერიაში (წყარო: nplg.gov.ge).

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ინდუსტრიული სტილით შთაგონებული სახლი წეროვანში – მაიკო ივჩენკოს ინტერიერი

სტუდიოს ტიპის გეგმარების ძირითადი პრინციპები – თინათინ ძირკვაძის გიდი