in

რა საჭიროა გაზის დეტექტორი და როგორ უნდა დამონტაჟდეს ის?

IPS
IPS

დღევანდელ სტატიაში გაზის დეტექტორის შესახებ ვისაუბრებთ — ეს არის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია როგორც ჩვენ, ასევე გარშემომყოფები ფატალური შედეგებისგან დაიცვას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი დანიშნულება სათანადოდ გავიაზროთ.

გაზის დეტექტორი, ბუნებრივი აირის გაჟონვის შემთხვევაში, განგაშის ხმას გამოსცემს. ის დაკავშირებულია ელექტრო სარქველთან, რომელიც, თავის მხრივ, გაზის აღმრიცხველთან არის დამონტაჟებული. როდესაც მოწყობილობა აღმოაჩენს, რომ სივრცეში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, ის მიაწვდის სიგნალს ელექტრო სარქველს, რომელიც დაიხურება და სახლში გაზის მიწოდება შეწყდება.

გაზის დეტექტორის დამონტაჟებისას ადამიანები ხშირად შეცდომებს უშვებენ და, როგორც წესი, ამ მოწყობილობისადმი ნეგატიური დამოკიდებულება სწორედ ამით არის გამოწვეული.

ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა დეტექტორის გაზქურასთან ძალიან ახლოს დამონტაჟება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოწყობილობამ საჭმლის მძაფრი სუნი გაზის გაჟონვად აღიქვას და შედეგად ელექტრო სარქველი ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს. საბოლოოდ, მოგიწევთ გაზის კომპანიასთან დაკავშირება, რათა მათი წარმომადგენლები მოვიდნენ და მიწოდება აღადგინონ.

რჩევა: მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ გაზის დეტექტორი გაზქურიდან მინიმუმ 1.5 მეტრის მანძილზე უნდა იყოს დაშორებული. ამასთან, მოწყობილობა ჭერიდან დაახლოებით 25-30 სმ-ის დაშორებით უნდა დამონტაჟდეს. თუ დეტექტორს უფრო დაბლა დააყენებთ, გაზის კომპანია, ამ პრობლემის გამოსწორებამდე, ბუნებრივი აირის მიწოდებას არ აღგიდგენთ.

ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ადამიანები გაზის დეტექტორის გამოყენებაზე უარს ამბობენ, არის ის ფაქტი, რომ მოწყობილობის გვერდით უნდა იყოს ჩამრთველი, რომელშიც კაბელი შეერთდება — ეს ყველაფერი კი ინტერიერს აფუჭებს. სინამდვილეში, ამ პრობლემის მოგვარება და მოწყობილობის ჩამრთველის გარეშე დამონტაჟებაც შესაძლებელია.

ხშირ შემთხვევაში, ადამიანები გაზის დეტექტორის აუცილებლობის საკითხს ზედაპირულად უყურებენ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ პატარა მოწყობილობას როგორც ჩვენი, ასევე სხვების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. განსაკუთრებით კორპუსში ცხოვრების შემთხვევაში, ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რომელიც გარშემომყოფების უსაფრთხოების წინაშე ეკისრება.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხიანი ცენტრალური კარი – 4 უმთავრესი მახასიათებელი

მომხიბვლელი ქალაქგარე ვილა შვედეთში