in

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი?

ქურა სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მოწყობილობაა, რომლის გარეშეც საკვების მომზადება შეუძლებელია. დღესდღეობით ბაზარზე ქურების მრავალფეროვნებაა და უამრავ მოდელს შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. გაზზე მომუშავე თუ ელექტრო? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ თითოეული მათგანის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გაზქურა

პირველი გაზქურა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოჩნდა და სათავეს ბრიტანეთიდან იღებს. ამ ტიპის ქურას ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს მისი ნაკლოვანებებიც.

დადებითი მხარეები

დრო

გაზქურის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ კერძს ღია ცეცხლზე ამზადებთ, რომელიც ძალიან სქელკედლიან ჭურჭელსაც კი სწრაფად ათბობს.

სიმარტივე

გაზის რეგულირება საკმაოდ მარტივია და ტემპერატურის შეცვლა მხოლოდ შესაბამისი ღილაკის გადატრიალებით შეგიძლიათ. ელექტროქურის შემთხვევაში, ტემპერატურა, ძირითადად, სენსორული ეკრანიდან რეგულირდება და მის გაზრდას ან შემცირებას დრო სჭირდება.

ხელმისაწვდომობა

გაზქურა შედარებით უფრო იაფია, ვიდრე ელექტრო ქურა, რის გამოც მყიდველები უფრო ხშირად გაზქურაზე აკეთებენ არჩევანს.

უარყოფითი მხარეები

უსაფრთხოება

გაზი ფეთქებადი ნივთიერებაა, აქედან გამომდინარე, მისი გამოყენება მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებასა და კონტროლს.

გაწმენდა

გაზზე საკვების მომზადების დროს ცხელი ცხიმი სწრაფად მკვრივდება ზედაპირზე და ტოვებს ყვითელ ლაქებს, რომელთა გაწმენდაც საკმაოდ რთული პროცედურაა.

რაც შეეხება ელექტრო ქურას, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები მასაც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოწყობილობა შედარებით გვიან გამოჩნდა, დღეს ელექტრო ქურა სრულფასოვანი და მრავალფუნქციური აღჭურვილობაა, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად იზრდება.

დადებითი მხარეები

უსაფრთხოება

ელექტრომოწყობილობებს არაფერი აქვთ საერთო გაზთან და შესაბამისად, მის შესაძლო აფეთქებასთან, სწორედ ამიტომ არ საჭიროებენ დამატებითი სიფრთხილის ზომების მიღებას.

ფუნქციები

ელექტრო ქურებს ხშირად მოჰყვებათ დამატებითი შესაძლებლობები, მაგალითად თაიმერები, გრილისა და ორთქლის ფუნქციები და ა.შ. ელექტროქურის გამოყენების დროს კერძის დაწვის შესაძლებლობა გაცილებით ნაკლებია, რადგან მარტივად შეგიძლიათ სასურველი დროისა და ტემპერატურის დაყენება.

მრავალმხრივობა

ელექტროქურაზე ნებისმიერი სახის ჭურჭლის მოთავსება შეგიძლიათ, იქნება ეს ფოლადი, მინა, ტეფლონი, თუჯი თუ მინანქარი, ხოლო გაზის შემთხვევაში, შესაძლოა კონკრეტული მასალა გაფუჭდეს, დაიწვას ან დაჟანგდეს.

უარყოფითი მხარეები

დრო

კლასიკური ტიპის ელექტროქურა ეტაპობრივად თბება, ასე რომ ის სწრაფად არ გაცხელდება და კერძის მომზადებასაც შედარებით დიდი დრო დასჭირდება.

ფასი

რაც უფრო მრავალფუნქციურია ელექტროქურა, მით უფრო მაღალია მისი ღირებულება, თუმცა გაზქურასთან შედარებით, თითქმის ყველა ელექტრო მოდელი უფრო ძვირი ღირს და ამას გარდა, ელექტროენერგიის ხარჯი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ბუნებრივი აირის საფასური.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ქურებს შორის არჩევნის გაკეთება ინდივიდუალური სურვილებისა და მოთხოვნილებების მიხედვით ხდება. როგორც წესი, ელექტროქურა შედარებით უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ყიდვის პროცესში კარგად განსაზღვრეთ თქვენი მოთხოვნები და პრიორიტეტები.

რა უნდა გავითვალისწინოთ დაბალჭერიანი სივრცის მოწყობისას — ანა ჯიქიას რჩევები

ნაწრთობი მინა – რა უპირატესობები აქვს მას სტანდარტულთან შედარებით?