სახლის გეგმარება უპირველესი და უმთავრესი ეტაპია. სწორად დაგეგმარებული სივრცე განსაზღვრავს ჩვენი საცხოვრებლის საბოლოო იერსახეს. დღესდღეობით, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება შეცდომები სივრცეების დაპროექტებისას და კეთილმოწყობისას, შედეგად კი არაკომფორტულ, არასასურველ გარემოს ვიღებთ. ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ინტერიერის დიზაინ სტუდია SAMI_ის რჩევები გეგმარებასთან დაკავშირებით, დღეს კი SAMI_ის დიზაინერები გეგმარების ძირითად შეცდომებზე გვესაუბრებიან, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი საცხოვრებელი სივრცე ბევრად უფრო მოსახერხებელ და პრაქტიკულ ადგილად იქცევა.
სახლის დაპროექტებისას უნდა გახსოვდეთ, რომ შეცდომების თავიდან აცილება ბევრად უფრო მარტივია დაგეგმარების დროს, ვიდრე შემდგომში მათი გამოსწორება, განსაკუთრებით კი მცირე ფართის მქონე საცხოვრებელ სივრცეებში, სადაც ყოველი სანტიმეტრის რაციონალურად გამოყენების საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში ხშირად მსგავსი ტიპის შეცდომებს უშვებენ:
შეცდომა №1: გაუთვალისწინებელი სივრცის ხასიათი
როგორც SAMI_ის დიზაინერები აღნიშნავენ, ყოველ სივრცეს გააჩნია ვიზუალურად ჰორიზონტალური (განიერი, მრავალრიცხოვანი ვიტრაჟები, კედლის გრძელი სიბრტყეები) ან ვერტიკალური (ვიწრო ფრანგული ფანჯრები, მაღალი ჭერი) წყობა. ვერტიკალური წყობის ბინებს კლასიკური, ჰორიზონტალურს კი თანამედროვე ინტერიერი უხდება. თანამედროვე ავეჯის კომპოზიცია უმეტესად ჰორიზონტალურად ვითარდება – მაგალითად, ასეთ დროს პოპულარულია გრძელი ტახტები, დაბალი კარადები, კომოდები… ცხადია, ეს არ არის დადგენილი დოგმა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი უნდა მიჰყვეს, თუმცა შეცდომა იქნება არ მივაქციოთ ყურადღება სივრცის ხასიათს.
შეცდომა №2: თანაფარდობის დარღვევა
“დაგეგმარების დროს მნიშვნელოვანია მთავარი და დამხმარე სივრცეების თანაფარდობის გათვალისწინება. მაგალითად, უზარმაზარი საერთო ოთახი და ძალიან მცირე ზომის სველი წერტილი ერთმანეთის გვერდით სასაცილოდ და შეუსაბამოდ გამოიყურება”,- გვიამბობენ ჩვენი რესპონდენტები. შესაბამისად, ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია სივრცეების ზომები თავიდანვე სწორად გათვალოთ.
შეცდომა №3: საძინებელი ოთახის გადატვირთვა
კიდევ ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა კარადებით დამძიმებული 40 კვადრატული მეტრის მქონე საძინებელი ოთახია. რეკომენდებულია საძინებელს მისთვის საჭირო ფართობი 16 – 20 კვადრატული მეტრი დაუთმოთ, დანარჩენ სივრცეში კი საგარდერობოო მოაწყოთ. ასევე, უმჯობესია კარადაზე არ გამოიყენოთ კარი, რადგან ის გარდერობს მხოლოდ დააპატარავებს.
შეცდომა №4: არასწორად დაპროექტებული საგარდერობო
“ამ ადგილის დაპროექტებისას ხშირია ისეთი ტიპის შეცდომა, როდესაც გარდერობისთვს ძალიან მცირე „ნიშა“-ს ტოვებენ, სადაც რეალურად კარადა არც კი ეტევა. ამიტომ, ფართის სიმცირის დროს უმჯობესია „ჩაშენებული“ კარადის განთავსება საძინებელ ოთახშივე მოხდეს. თუნდაც ერთი რომელიმე კედელი მთლიანად მას უნდა დაეთმოს. ეს საჭირო სათავსოების რაციონალურად განაწილების საშუალებას მოგცემთ. ამასთანავე, უკეთესია კარებისთვის მინა გამოიყენოთ, რათა კარადამ „გამოანათოს“ და წამყვან, მიმზიდველ ელემენტად იქცეს ოთახში, რაც მას მეტ მომხიბვლელობას შესძენს”.
შეცდომა №5: დამხმარე სივრცეების უგულებელყოფა
დაპროექტებისას ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ისეთი ზონები, როგორიცაა საკუჭნაო, სამრეცხაო/საუთოებელი და მათთვის ადგილს არ გამოყოფენ, რაც კიდევ ერთი შეცდომაა. სწორედ დიდი საკუჭნაო დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ ინტერიერი ზედმეტი, ხშირად უსარგებლო ნივთებისგან და მას მეტი თავისუფლება მიანიჭოთ. “ჩაშენებულ შენახვის სისტემებს აირჩევთ, თუ ცალკე მდგომ კარადებს – თქვენი გემოვნების საკითხია, მთავარია, ყველა ნივთს თავისი განსათავსებელი ადგილი ჰქონდეს და ეს წინასწარ იყოს განსაზღვრული.”
შეცდომა №6: პატარა დერეფანი
ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვა ოთახების მოცულობის გასაზრდელად შემოსასვლელ სივრცეს აპატარავებენ, რაც საბოლოოდ, სახლის პროპორციებს ამახინჯებს. არ ღირს დერეფნის ხარჯზე კვადრატული მეტრების ეკონომია. თუ ის პატარაა, ოთახები კი დიდი, ბინა, საერთო ჯამში, მაინც ვიწრო სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებს.
შეცდომა №7: სანათებისა და რადიატორების არასწორი გადანაწილება
“ხშირად ავეჯისა და ელექტრო გაყვანილობის გადანაწილება სინქრონულად არ ხდება, შედეგად კი ჭერის სანათების არასწორ მდებარეობას და დამაგრძელებლების უხვ რაოდენობას ვიღებთ. სანათების სწორი გადანაწილება აუცილებელია სივრცეში სიმყუდროვის მისაღებად და სხვადასხვა სამუშაო ზონის კარგი განათებისთვის. ზოგადად, უმჯობესია ბინაში სინათლის წყაროს სიმრავლე, განსაკუთრებით საერთო ოთახში. როგორც წესი, ოთახის განათება ბევრად მომგებიანია იატაკისა და მაგიდის სანათების, ბრების ან კონკრეტულად მანათობელი სანათების მეშვეობით. შეცდომაა ისიც, რომ ხშირად ავიწყდებათ რადიატორების გათვალისწინება გეგმარებისას, რადგან სამომავლოდ ეს პრობლემა გვზღუდავს ავეჯის სასურველ გადანაწილებაში”.