ხშირია შემთხვევები, როდესაც მაცხოვრებლებს თავად სურთ ან უწევთ სივრცის შეღებვა, რაც ბევრისთვის სასიამოვნო პროცესია, თუმცა ეს საქმე მარტივი სულაც არ გახლავთ. არსებობს გარკვეული ნორმები, რომელთა დაცვაც აუცილებელია, რათა საბოლოო შედეგით კმაყოფილები დავრჩეთ. დღევანდელ სტატიაში პროფესიონალი მღებავები, ძმები ზაზა და ზურაბ ხალაძეები პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებენ და კედლის შეღებვასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან.
ზედაპირის შეფასება
კომპანია „ღებვის ხელოვნების“ დამფუძნებლები გვირჩევენ, უპირველესად, კედლის ზედაპირი შევაფასოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ სამღებრო სამუშაოები. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თითოეული ეტაპის შესრულების შემდეგ, საჭიროა შესაბამისი დროითი ინტერვალის დაცვაც, რათა ყველა ფენა სრულყოფილად გაშრეს.
„მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თითოეული სამუშაოს შესრულების შემდეგ საჭიროა შესაბამისი ციკლის დაცვა. მაგალითად, გრუნტის გასაშრობად გარკვეული პერიოდია საჭირო (ისევე, როგორც პირველი ფენა საღებავისთვის), რათა საბოლოოდ, ეფექტური შედეგი მიიღოთ. უნდა გაითვალისწინოთ ტემპერატურის ფაქტორიც, რაც საღებავის გაშრობაზე ახდენს გავლენას“.
გამჟღენთი გრუნტის გამოყენება
პროფესიონალების თქმით, აუცილებელია გამჟღენთი გრუნტის გამოყენება, რათა კედლის შეწოვის უნარიანობა გათანაბრდეს და შემდეგ, მარტივად მოხდეს მასზე საღებავის დატანა თუ გადანაწილება. ასევე, შესაძლებელია გრუნტ-საღებავის ხმარებაც, რომელიც არათანაბარ და არაერთგვაროვან ზედაპირს ერთიან იერსახეს მისცემს.
საღებავის შერჩევა
ჩვენი რესპონდენტები გვიხსნიან, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის საღებავი, რომლებიც სამომხმარებლო და პროფესიონალთა კატეგორიებად იყოფა. შესაბამისად, მომხმარებლებს, რომელთაც დამოუკიდებლად სურთ გარკვეული ადგილის შეღებვა, შეუძლიათ პირველი ტიპის საღებავი შეარჩიონ და საქმე გაიმარტივონ.
„საღებავები პროფესიონალურ და სამომხმარებლო პროდუქტებად იყოფა. ე.წ „Do it yourself“ („გააკეთე თავად“) საღებავები მარტივი მოსახმარია და რაიმე განსაკუთრებული თვისებები არ გააჩნია. ის ადვილი დასატანია ზედაპირზე, მქრქალია და შეცდომების დაშვებაც დიდ პრობლემებს არ ქმნის. პროფესიონალურ საღებავებს კი განსაკუთრებული მიდგომები სჭირდება. ამიტომ აუცილებელია ის კვალიფიციურმა პროფესიონალმა მოიხმაროს, რათა შესაბამისი ხარისხი მიიღოთ. თუმცა, ცხადია, პროფესიონალური საღებავის გამოყენება მოყვარულსაც შეუძლია, უბრალოდ ეს პროცესი მისთვის სირთულეებთან იქნება დაკავშირებული“.
საჭირო მასალები
ზაზა და ზურაბ ხალაძეები სამღებრო სამუშაოებისთვის საჭირო ინსტრუმენტებზეც ამახვილებენ ყურადღებას და პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებენ: „შესაღებად აუცილებლად დაგჭირდებათ ლილვაკი, რომლის ბეწვის სისქე საღებავის ტიპზეა დამოკიდებული. თუკი საღებავი ლატექსურია, უმჯობესია, დაბალი ბეწვის მქონე ლილვაკი გამოიყენოთ. ხოლო თუ სქელი საღებავი გაქვთ, მაშინ მაღალბეწვიანი ლილვაკი დაგჭირდებათ. კონკრეტულ საღებავს შესაბამისი მმ-ის მქონე სისქის ბეწვიანი ლილვაკი სჭირდება, რათა არათანაბარი სისქის საღებავი ზედაპირზე არ დავიტანოთ და ვიზუალი არ გავაფუჭოთ. კუთხეების გამოსაყვანად კი უმჯობესია ფუნჯის ხმარება, რომელიც ცერად იქნება დაჭრილი და ფორმების ესთეტიკურად დამუშავებაში დაგეხმარებათ“.