ღერძზე მბრუნავი კარი თანამედროვე ინტერიერის ერთ-ერთი ინოვაციური და მიმზიდველი ელემენტია, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება დიზაინში და დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
სტანდარტული კარისგან განსხვავებით, მისი მთავარი ხიბლი სახასიათო დიზაინი და გაღების მექანიზმია, რომელიც ორმხრივი მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა, სივრცეს ვიზუალურად ზრდის და რიგ შემთხვევებში, სივრცის დაზოგვასა და მის სრულად ათვისებას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში მის უპირატესობებზე, მონტაჟისას გასათვალისწინებელ ფაქტორებსა და ღირებულებაზე ვისაუბრებთ.
ესთეტიკური მიმზიდველობა — ღერძზე მბრუნავი კარი თანამედროვე, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ორიგინალურ შტრიხებს სძენს და მას სახასიათო ესთეტიკას მატებს. სტანდარტული კარისგან სრულიად განსხვავებული დიზაინი, სივრცის უნიკალურობას გამოკვეთს და მას ბევრად ეფექტურს ხდის.
მოქნილობა და კომფორტული გამოყენება — ამ ტიპის მოდელის ღერძის მექანიზმი შესაძლებელია მოთავსდეს კარის ჭრილის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გვერდებზე, რაც 360 ან 180 გრადუსით მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა და ორივე მხრიდან გაღების ალტერნატივას გვთავაზობს. ეს კი კარის მოქნილობას, ფუნქციურობას განაპირობებს და რიგ შემთხვევებში, სივრცის დაზოგვისა და ფართის ათვისების შესაძლებლობას გვაძლევს.
მრავალფეროვანი გამოყენება — ღერძზე მბრუნავი კარი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც ცენტრალურ, შემოსასვლელ კარზე, ასევე ოთახშორის და გამყოფი ტიხრის მაგივრად. თუმცა უმეტესად, ის შიდა ტიხრის ფუნქციას ასრულებს, რადგან ცენტრალური და ოთახშორისი კარი ჩამკეტ მექანიზმს საჭიროებს (კარი რომ სრულად იყოს დახშული), რათა სივრცის დაცულობა დაა უსაფრთხოება უზრუნველყოს.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მის ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:
მაღალი ღირებულება — სტანდარტული კარისგან განსხვავებით, სპეციალური მექანიზმისა და დიზაინიდან გამომდინარე, ღერძზე მბრუნავი კარის ღირებულება გაცილებით მაღალია, რის გამოც ის მარტივად ხელმისაწვდომი არაა.
მონტაჟის სპეციფიკა — იმის გამო, რომ ღერძზე მბრუნავი კარი, ხშირ შემთხვევაში, ბევრად უფრო დიდი და მძიმეა (რადგან უმეტესად მაღალჭერიან სივრცეში მონტაჟდება), მოითხოვს მონტაჟის განსაკუთრებულ მიდგომას. კერძოდ, აუცილებელია ჭერისა და იატაკის ზედაპირის გამაგრება, რათა საყრდენი ღერძი მყარად მოთავსდეს, კარის სიმძიმეს გაუძლოს და დროთა განმავლობაში არ დაზიანდეს.
ხმისა და სითბოს იზოლაციის არაეფექტურობა — ღერძზე მბრუნავი კარი დაბალი ხმისა და თბოიზოლაციით ხასიათდება, რადგან მოდელების უმეტესობა, რომლებიც გამყოფი ტიხრის მაგივრად გამოიყენება, სრულად დახშული არ არის და ხმისა და სითბოს კარგი გამტარია, ამიტომ ეფექტურ იზოლაციას ვერ ახერხებს და პრივატულობის განცდას ამცირებს.
დარგის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ საქართველოში ძირითადად შიდა ტიხრის ფუნქციის მქონე ღერძზე მბრუნავ კარს იყენებენ, რომელიც ოთახებს შორის გამყოფ ბარიერს ქმნის. კარის მასალად MDF, ზოგიერთ შემთხვევაში კი ხე, მინა ან რკინა (ცენტრალური კარის შემთხვევაში) გამოიყენება.
სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მონტაჟის დროს აუცილებელია ჭერისა და იატაკის ზედაპირი მაქსიმალურად მყარი იყოს, რათა კონსტრუქცია მტკიცედ დამაგრდეს. ამიტომ თაბაშირ-მუყაოს ჭერისა და იატაკის შემთხვევაში, რემონტის მიმდინარეობისას, კონსტრუქციისთვის გათვალისწინებულ ზონაში მილ-კვადრატი თავსდება, რომელზეც შემდეგ საყრდენი ღერძი მაგრდება. ბეტონის ჭერისა და იატაკის შემთხვევაში კი სარემონტო პროცესში ბეტონი იხვრიტება და სპეციალური სამაგრების დახმარებით კონსტრუქცია ზედაპირს ებჯინება. ხოლო უშუალოდ კარის მონტაჟი რემონტის დასრულების შემდეგ, ბოლო ეტაპზე მიმდინარეობს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღერძზე მბრუნავი კარი ძირითადად მაღალჭერიან სივრცეებში გამოიყენება, რადგან ბევრად ეფექტურ ვიზუალს ქმნის. შესაბამისად, სტანდარტული კარის ზომასთან შედარებით (სიმაღლე 2, 20 მ.) მაღალია და მისი ზომა 2,70 -2,80 (სიმაღლე) – 1,50 -1,70 (სიგანე) მეტრის ფარგლებში მერყეობს. ამიტომ წონის სიმძიმიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისთვის, ჭერისა და კედლის გამაგრებას საჭიროებს.
რაც შეეხება ღირებულებას, მისი ფასი ქართულ ბაზარზე, სტანდარტულ ზომის გათვალისწინებით, საშუალოდ, 3500 ლარია და მოდელის დიზაინისა და მასალის მიხედვით იცვლება.