in

ღია ცისფერი, როგორც 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი – როგორ გამოვიყენოთ ის ინტერიერში

მშვიდი, დახვეწილი და ნაზი ტონი 2024 წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. ამ სეზონისთვის ინტერიერის დიზაინერები ძირითადად მყუდრო და ღია ფერების გამოყენებას გვირჩევენ, რათა სახლში რაც შეიძლება მეტი მყუდრო სივრცე შეიქმნას. სწორედ ასეთია ლურჯისა და ცისფრის ღია ტონალობები – სუფთა, თბილი და საინტერესო. ვინაიდან თანამედროვე სამყარო საკმაოდ დატვირთული და ქაოსურია, ამ ელფერის გამოყენებით ისეთი ინტერიერის მოწყობა შეიძლება, სადაც დასვენებასა და განტვირთვას შეძლებთ.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ღია ცისფერი მოსაწყენია და ერთფეროვან ატმოსფეროს ქმნის. მისი დაბალანსება უამრავი თამამი ფერის გამოყენებით შეიძლება, შედეგად კი უფრო მეტად საინტერესო, კონტრასტულ და დახვეწილ ინტერიერს მიიღებთ. დღევანდელ სტატიაში ღია ცისფრის სახლის დიზაინში დამატების რამდენიმე საინტერესო გზას გთავაზობთ.

გამოიყენეთ ღია ფერის ავეჯი და დეკორაციები

ამ გზით სახლში სხვადასხვა სასურველი ფერის დამატება შეგიძლიათ. ცისფერ ტონებს განსაკუთრებით კრემისფერი და ვარდისფერი უხდება. საინტერესოა მოწითალო აქცენტების გამოყენებაც, რომელიც 2024 წლის ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტონია. ფერთა ასეთი განაწილება ქმნის მყუდრო ატმოსფეროს და აღვიძებს ისეთ შეგრძნებას, თითქოს, ღია ლურჯმა ფერმა მთლიანად მოიცვა ინტერიერი.

ცისფერი კედლები

ლურჯი, ცისფერი და მათი სხვა ტონალობები დედამიწის ფერებთან ასოცირდება და ცის ეფექტს აღვიძებს. კედლის ფერის შერჩევა კი საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რადგან ის ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს სახლის ხასიათის ჩამოყალიბებაში. კედელზე შეგიძლიათ როგორც მქრქალი, ასევე ტექსტურირებული საღებავის გამოყენება, რაც თქვენს ინდივიდუალურ სურვილებზეა დამოკიდებული.

დიზაინერები გვირჩევენ ასეთი ფერების ხის მასალასთან და ბუნებრივ ქვებთან შეხამებას. ეს უფრო ბუნებრივი და თანამედროვე მიდგომაა და იდეალურია მათთვის, ვინც უპირატესობას სადა და საინტერესო ინტერიერს ანიჭებს.

დააბალანსეთ ღია და მუქი ფერის ჩრდილები

შედარებით უფრო მუქი ფერების გასანეიტრალებლად ღია ცისფერი იდეალური არჩევანია. ეს ფერი არბილებს წითელ და ყავისფერ ტონებს, ქმნის შესანიშნავ ატმოსფეროსა და ბალანსს სახლის დანარჩენ ნაწილებთან და მთლიანი საცხოვრებელი ჰარმონიაში მოჰყავს.

ასეთი ფერი პირველად ლე კორბუზიეს 1931 წლის ფერთა კოლექციაში გამოჩნდა და განსაკუთრებით პოპულარული მადრიდის ერთ-ერთ სტუდიაში, Plutarco-ში მოხვედრის შემდეგ გახდა. დღეს ამ ტონს ინტერიერის დიზაინერები ყველაზე ხშირად მისაღები ოთახის მოსაწყობად იყენებენ.

შეუხამეთ ცისფერი და მარჯნისფერი ტონები

ღია ცისფერი, მარჯნისფერი და ტერაკოტა ერთმანეთს განსაკუთრებულად უხდება. ამ ფერების გამოყენებით იქმნება ძალიან მიმზიდველი და გამორჩეული ინტერიერი, რომელიც სახლს ინდივიდუალიზმს ანიჭებს. სხვა მსგავსი ფერებიც, როგორებიცაა შინდისფერი ან მოწითალო იისფერი, ძალიან უხდება ღია ცისფერ ტონებს. ცისფერი მუქი წითელი ფერის შერბილების საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ის კონტრასტული ზონების შესაქმნელადაც იდეალური არჩევანია.

დაამატეთ ყვითელი აქცენტები

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით შესანიშნავია საძინებლისთვის. ზოგადად, ღია ყვითელი ფერი ფსიქოლოგიაში სიმშვიდის გრძნობასთან ასოცირდება. ისარგებლეთ ამ თეორიით და დაამატეთ ყვითელი ფერი ჭერის, კედლების ან ავეჯს, შედეგად მიიღებთ ბევრად უფრო მშვიდ და დახვეწილ ინტერიერს, რომელიც სახლში განტვირთვასა და სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.

ცისფერი მცირე დეტალების სახით

ღია ცისფრის ინტერიერის დიზაინში დამატება არა მხოლოდ პირდაპირ კედლების შეღებვით, არამედ მცირე დეტალების სახითაც შეგიძლიათ. ეს ფერი აბალანსებს კონტრასტს და საცხოვრებელში მშვიდ შეგრძნებებს აღძრავს. შეგიძლიათ ფერი აქსესუარებისა და დეკორაციების სახით შემოიტანოთ, მაგალითისთვის, შესაძლებელია სანთლების, ბალიშების, ცისფრად შეღებილი ავეჯისა და მსგავსი დეტალების გამოყენება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიზაინერმა ცისფერი ტონი ინტერიერში ხალიჩის დახმარებით შემოიტანა.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

არქიტექტურული კომპანია MUA-ს ვორქშოპი – სილოს შენობის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობები

სხვადასხვა ეპოქის სტილით შთაგონებული ინტერიერი სტამბის შენობაში