in

როგორ დავაპროექტოთ ღიობი კარის გარეშე? – 4 საინტერესო გამოსავალი

თუ თქვენს სახლში კონფიდენციალურობა, ასევე ბგერების, სინათლისა და სურნელისგან იზოლაცია საჭირო არ არის, შეგიძლიათ შიდა კარებზე უსაფრთხოდ თქვათ უარი. დღეს სწორედ ამ საკითხის შესახებ ვისაუბრებთ.

მართკუთხა თაღი

ზოგჯერ შიდა კარი შეიძლება დამატებით დაბრკოლებად იქცეს, განსაკუთრებით იმ სივრცეებისთვის, რომელთა შორის ხშირად მოძრაობა გიწევთ.

გარდა ამისა, კარის არარსებობა აუმჯობესებს ვენტილაციას და განათებას, ზრდის შენობის სასარგებლო ფართობს და ავეჯის მოწყობისას მეტი მოქნილობით უზრუნველგვყოფს.

უმარტივესი გამოსავალი მართკუთხა ფორმის თაღის გაკეთებაა. თუ საქმე მზიდ კედელს არ ეხება, მისი გაფართოებაც შეგიძლიათ. ასევე შესანიშნავი ვარიანტია მისი „ჩარჩოთი“ გამოკვეთა და დანარჩენ ინტერიერთან დაკავშირება. ტრენდული გადაწყვეტაა ასეთი „ჩარჩოს“ ორივე მხრიდან კედლის ფერში შეღებვა. თუ გსურთ, რომ თაღზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოთ, შეგიძლიათ ის LED განათებით გააფორმოთ.

მომრგვალებული თაღი

ინტერიერის დიზაინის ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტენდენცია მომრგვალებული ფორმის ღიობებია.

თანამედროვე მომრგვალებული თაღები გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით. რაც უფრო ნაკლებია დეკორი, მით უფრო აქტუალურად გამოიყურება თაღი.

ტრენდული ვარიანტია წაგრძელებული ვიწრო ოვალური თაღი. თუ გრაფიკულობის დამატება გსურთ, შეგიძლიათ მისთვის კონტრასტული ფერი გამოიყენოთ.

ჰარმონიული სურათისა და გამარტივებული სივრცის განცდის მისაღწევად, თაღოვანი ფორმა ინტერიერის სხვა ელემენტებში უნდა იყოს დუბლირებული. ეს შეიძლება იყოს ფანჯრები, სარკეები, მოდური არქიტექტურული მოტივები შპალერზე და ა. შ.

ღია თაროები

ეს ტექნიკა საშუალებას გაძლევთ, კედლის ყველაზე გამოუყენებელი ფრაგმენტებიც კი აითვისოთ. ღია თაროებით გაფორმებული ღიობი ესთეტიკურად სასიამოვნოდ გამოიყურება. აქ შეგიძლიათ განათავსოთ წიგნები, ოჯახის ფოტოები, სამზარეულოს ჭურჭელი, მინი-ბარი, სუვენირების კოლექცია და ა. შ.

კარგად მუშაობს როგორც სტანდარტული მართკუთხა, ასევე გაფართოებული ღიობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, თაროები შეიძლება განთავსდეს როგორც სტრუქტურის გარშემო, ისე — შიგნით.

მოძრავი ქსოვილი

თუ სხვა ოთახებიდან არა ხმაური, არამედ შუქი გაწუხებთ ან უბრალოდ ვიზუალური კონფიდენციალურობა გსურთ, შეგიძლიათ, კარი ტექსტილის მოძრავი ტიხრით შეცვალოთ.

ეს არის ზონირების ხელმისაწვდომი, ესთეტიკური და დინამიკური საშუალება. ფარდის ჩამოხსნა და/ან შეცვლა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე კარის. ტექსტილს მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს — მტვრის შეგროვება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი სიტყვებს — „მტვრის შემგროვებელი“ უარყოფით კონტექსტში იყენებს, სხვები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ თვისების წყალობით, ოთახებში ნაკლები მტვერი დაფრინავს. ვინ არის მართალი, თქვენი გადასაწყვეტია.

სხვადასხვა ვარიანტებს შორის არჩევანის გაკეთებამდე, ნამდვილად ღირს იმის გაგება, სჭირდება თუ არა ინტერიერს შიდა კარები. ამის გასარკვევად, გირჩევთ, ჩაატაროთ დაკვირვება: ამოიღეთ კარები და ცოტა ხნით ასე ცხოვრება სცადეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა დადებითი და უარყოფითი მხარეების შესაფასებლად.

მხატვრობითა და ქანდაკების სიყვარულით დაწყებული ინტერიერის დიზაინი – ინტერვიუ კახაბერ იმედაშვილთან

ინტერიერის “სთეიჯინგი” (staging) vs ინტერიერის დიზაინი — რა განსხვავებაა?