in

ღირს თუ არა იატაკის გათბობის დაყენება და რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში?

თანამედროვე სამყაროში, მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად გათბობის სხვადასხვა ტიპი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მოთხოვნადი და აქტუალური მოდელი იატაკის გათბობაა. რადიატორების სისტემისგან განსხვავებით, თბილი იატაკის შემთხვევაში, სივრცეში თბილი ტემპერატურა იატაკის ქვეშ დამონტაჟებული მილებიდან მიიღწევა. ამ საკითხის ირგვლივ არაერთი კითხვა ჩნდება – რამდენად ეფექტურია იატაკის გათბობა? რა ძირითადი მახასიათებლებით გამოირჩევა ის? და რაც მთავარია, რა ჯდება მისი ინსტალაცია საქართველოში? ჩვენ ვეცადეთ ყველა ამ კითხვაზე მოგვეწოდებინა პასუხი, რათა იატაკის გათბობის არჩევანის შემთხვევაში, ყველა საჭირო დეტალი გაითვალისწინოთ.

იატაკის გათბობის ტიპები

ერთმანეთისგან განარჩევენ წყლისა და ელექტრო იატაკის გათბობის სისტემებს. პირველ შემთხვევაში, იატაკის საფარის ქვეშ, წყლის ცირკულაციის მილები გამოიყენება, რომლებიც ქვაბის სისტემას უკავშირდება. მონტაჟის თვალსაზრისით, ეს უფრო რთული პროცედურაა, ვიდრე ელექტრო იატაკის გათბობა, მაგრამ სითბოს სწორი გადანაწილების ხარჯზე უკეთესი შედეგი მიიღება.

ელექტრო იატაკის გათბობის დროს, ენერგია გამათბობელი ელემენტების საშუალებით პირდაპირ იატაკის საფარს გადაეცემა. თავის მხრივ, ელექტრო გათბობა, მასალის გამოყენების კუთხით, ორ კატეგორიად იყოფა: სადენები და ფირი. სადენი შესაძლებელია მოჭიმული იატაკის ქვეშ, ლითონის ბადეზე დამონტაჟდეს, ფირი კი მზა მოჭიმული იატაკის ზედა საფარზე მონტაჟდება, რისთვისაც პოლიეთილენის ალუმინის თბოიზოლაციაა საჭირო. იატაკის ელექტრო გათბობა ეფექტურია პატარა ფართის შემთხვევაში ან ისეთი ნაწილების გასათბობად, რომელთა უზრუნველყოფა ძირითადი გათბობის სისტემით ვერ ხერხდება (ვერანდა, მანსარდა).

შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური გათბობის დამხმარე სისტემად გამოყენების დროს, უპირატესობა ელექტრო იატაკის გათბობას ენიჭება, მაგრამ თუ მას ძირითად სისტემად გამოიყენებთ, ცალსახად წყლის (ჰიდრავლიკური) იატაკის გათბობა აჯობებს. მისი დახმარებით თბილი ნაკადი თანაბრად ნაწილდება მთელ სივრცეში, ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს, შედეგად კი ხარჯი საგრძნობლად მცირდება და მისი მოხმარება უფრო ეკონომიური ხდება. დღევანდელ სტატიაში ჩვენ სწორედ წყლის იატაკის გათბობაზე შევჩერდებით, რომელიც სახლებში ძირითად გამათბობელ სისტემად გამოიყენება.

რა უპირატესობებით ხასიათდება იატაკის გათბობა?

1. სითბოს თანაბარი გადანაწილება – რადიატორი კონვექციური პრინციპით მუშაობს. ჯერ უშუალოდ რადიატორი ცხელდება, შემდეგ სითბო ოთახის ზედა შრეებისაკენ ნაწილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ რადიატორი საკმარისად არ გაცხელდება, სასურველ ტემპერატურას ვერ მიიღებთ. იატაკის გათბობა კი „რადიაციულ“ პრინციპს ეფუძნება. ამ შემთხვევაში იატაკი პირდაპირ თბება და ნაკლები ენერგია იკარგება. იატაკიდან გამოყოფილი სითბო მთელს სივრცეში თანაბრად ნაწილდება, რაც საშუალებას იძლევა ქვაბი უფრო დაბალ ტემპერატურაზე ამუშაოთ.

2. ეკონომიურობა – იატაკის გათბობის სისტემა ისეა აგებული, რომ ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე ეფექტურად მუშაობს და სითბო თანაბრად ნაწილდება მთელს ფართობზე. ეს საშუალებას იძლევა, ქვაბმა ნაკლები დატვირთვით იფუნქციონიროს, რაც ფინანსურ მხარეზე დადებითად აისახება. სისტემა გაცილებით ეკონომიური კონდენსაციური ქვაბის პირობებში ხდება, ამ დროს დანახარჯი 20-30%-ით მცირდება. თუმცა იატაკის გათბობის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია თავდაპირველი მონტაჟის ფასი, რომელიც სხვა გათბობის სისტემებთან შედარებით ძვირია. მაგალითად, ჩვეულებრივი რადიატორების სისტემისგან განსხვავებით, მას 60-80%-ით მეტი ღირებულება აქვს, მაგრამ შემდგომში ყოველთვიური გადასახადი საგრძნობლად დაბალია.

3. მეტი თავისუფლება ინტერიერში – იატაკის გათბობა, რადიატორებისა თუ სხვა გამათბობელი სისტემებისგან განსხვავებით, ინტერიერში არ ჩანს, რაც სივრცის მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობას იძლევა. რადიატორებისთვის განკუთვნილი ადგილი შეგიძლიათ უფრო ხელსაყრელად გამოიყენოთ და ოთახის ნებისმიერ წერტილში თავისუფლად განათავსოთ ავეჯი, აქსესუარები თუ სხვადასხვა დიზაინ ობიექტები.

4. მდგრადობა და უსაფრთხოება – იატაკის გათბობა ხანგრძლივი და ეფექტური გამოყენებისთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. მისი მოვლა მარტივია და არ საჭიროებს ზედმეტ ჩარევას, რაც მის გამოყენებას კომფორტულს ხდის. ამასთანავე, ის სრულიად უსაფრთხოა, მითუმეტეს თუ ბავშვების ფაქტორს გავითვალისწინებთ, აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, რომ რადიატორი ან სხვა გამათბობელი სისტემა შემთხვევით არ დაზიანდეს.

იატაკის გათბობის მახასიათებლები და ხარჯები

იმის დასადგენად, რომ გაგვერკვია, თუ რა აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი იატაკის გათბობის დამონტაჟებისას, კომპანია „თერმომარტს”- მივმართეთ. დარგის სპეციალისტი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ იატაკის გათბობა, რადიატორებთან შედარებით, ბევრად ეფექტურია, რადგან თუ რადიატორი 30-40 სანტიმეტრის სიმაღლიდან იწყებს ოთახის გათბობას და სითბო ჯერ ჭერამდე ადის და შემდეგ ნაწილდება ქვემოთ, იატაკი უშუალოდ ძირიდან იწყებს სითბოს გამოყოფას და მთელი სივრცე თანაბრად და სწრაფად თბება. ამასთანავე, იატაკის გათბობის დროს ქვაბი საშუალოდ 35-37 გრადუსზე მუშაობს, რაც სრულებით საკმარისია სასურველი ტემპერატურის მისაღებად და სისტემასაც არ უწევს დიდი დატვირთვა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მონტაჟის რამდენიმე სახეობა არსებობს, მათგან ყველაზე ეფექტური და ქმედითუნარიანი ე.წ ლოკოკინას ტიპის სისტემაა, რომლის დროსაც მილები წრეზე ლაგდება, მათ შორის კი შუალედებია დატოვებული. მილის კოლექტორთან დაბრუნებისას (უკუ მილები) ტემპერატურის ვარდნა ხდება, რაც მის გაციებას იწვევს, მიმწოდებელი მილები კი ცხელია. წრიული გაყვანილობა სისტემას ერთიანი სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება და ტემპერატურის სხვაობა აღარ იგრძნობა. ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორიც – კარების ჩარჩოსა და ბეტონს შორის უნდა არსებობდეს გარკვეული სივრცე, 9-10 სანტიმეტრი სიმაღლე, რომ იატაკის გათბობის ინსტალაცია მოხერხდეს.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ფასის გამოსათვლელად მნიშვნელოვანია მასალის ხარისხის, ბრენდისა და ზომის გათვალისწინება. თუ სტანდარტული ხარისხის პროდუქციას შევარჩევთ, საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 60-70 ლარის ფარგლებში იანგარიშება. ამას ემატება მონტაჟის ღირებულება 20 ლარი 1 კვადრატულ მეტრზე. თუმცა თუ ფართი პატარაა, შესაძლოა მომსახურების საფასური გაიზარდოს, მინიმუმ 100 კვადრატული მეტრის შემთხვევაში კი საშუალო ფასი 20 ლარია.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ წყლის იატაკის გათბობა არაერთი უპირატესობით სარგებლობს. იგი ეფექტურად და თანაბრად ანაწილებს თბილ ნაკადს მთელს სივრცეში, სასურველი სითბოს მისაღებად კი ქვაბის დაბალ ტემპერატურაზე მუშაობა სრულებით საკმარისია. ხარჯის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია თავდაპირველი მონტაჟის ღირებულება, რომელიც ძვირი ჯდება, თუმცა შემდგომი გამოყენების დროს ყოველთვიური კომუნალური გადასახადები საგრძნობლად მცირდება.

მომხიბვლელი ქალაქგარე ვილა შვედეთში

ნივთები, რომლებიც თქვენი სახლის ორგანიზებაში დაგეხმარებათ – 6 სათავსო სისტემა Veli.Store-დან