in

Richard Ginori-ის ფაიფური 1735 წლიდან დღემდე

დღეს “Richard Ginori“-ის ფაიფურის წარმოებაზე გიამბობთ, რომლის წარმოება 1735 წლიდან არსებობს და ის იმდენად ცნობილია, რომ იტალიელების უმეტესობა ყველა მოხდენილ ჭურჭელს, წარმომავლობის მიუხედავად, „ჯინორის“ ეძახის.

ყალიბებისა და პროტოტიპების საამქრო

ერთადერთი და სერიოზული კრიზისი კომპანიამ 3 წლის წინ გადაიტანა. მაშინ საწარმოს შემქნელი კარლო ანდრეას მემკვიდრეებმა „ჯინორის“ ქარხნები მილანში, პიზაში, ლივორნოსა და გენუაში გაყიდეს. გასხვისებას მხოლოდ ფლორენციის განაპირას არსებული ქარხანა გადაურჩა, რომელიც ერთ-ერთმა იტალიურმა საინვესტიციო ფონდმა გამოისყიდა და წარმოების გადასარჩენად ალბერტო პიანტონი მოიწვია.

ალბერტო პიანტონი

„ამ სამუშაოს მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ აქ 350 კაციანი კოლექტივი, „Richard Ginori“ ტექნოლოგიური მემკვიდრეობა და ფაიფურის ჩამოსასხმელი ძველებური ყალიბები მეგულებოდა. ამ ყველაფრის გარეშე წარმოების აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა“, – ამბობს პიანტონი.

შემდგომ გუნდს პაოლა ნავონე შემოუერთდა, რომელმაც ბრენდის არტ-დირექტორობა ითავა. ის კლასიკური სერვირების ტრადიციას აგრძელებს, თუმცა ცხოვრების თანამედროვე წესსაც ითვალისწინებს. სწორედ ამიტომაც ბევრ ნივთს რამდენიმე დანიშნულება გაუჩნდა. მხატვრები თეთრი და ფერადი ჭურჭლისგან კომბინირებულ ჭურჭლის ნაკრებებს ქმნიან, რომელთა სხვადასხვა ესთეტიკური და ფუნქციური დატვირთვა გააჩნიათ.

ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი საამქრო მხატვრული ნაკეთობების განყოფილებაა. მისი ნაწარმი ქარხნის გამოშვებული ფაიფურის მთელი მოცულობის 40 პროცენტს შეადგენს. დანარჩენი კი ჭურჭელი და საცალოდ დამზადებული დეკორის ელემენტებია.

მარსელო ბონჯინი, რომელმაც აქ 47 წელი იმუშავა, აქაურ ფიგურებს სიამაყით წარადგენს. „მათი წარმოება 150 წლის წინ შეწყდა, – ყვება ის. – ჩვენ დაკარგული და განადგურებული ყალიბები აღვადგინეთ და დღეს ფაიფურის მინიატურებს მართალია, შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ კვლავ ვამზადებთ. ზოგიერთ მათგანზე სერიოზული მუშაობა მოგვიწია. მაგალითად, „მებაღის“ 77 ფიგურის ზოგიერთი ყალიბი ვერ გადარჩა და მე-18 საუკუნის ნახატების მიხედვით მათი თავიდან შექმნა მოგვიხდა. ჩვენი მინიატურების უმეტესობა კლასიკური მონუმენტური სკულპტურების ასლია, ისეთის როგორიც მაგალითად, „დილა“, „დღე“, „საღამო“ და „ღამე“. ისინი მედიჩების კომპლექტისთვის თავად მიქელანჯელომ შექმნა.

ფიგურის ნაწილების შეწებება

მინიატურების დამზადება რთული პროცესია: ჯერ თითოეულ ნაწილს ასხამენ, შემდგომ კი აწებებენ. ამ პროცესს 20 წლიანი გამოცდილების მქონე ოსტატები უძღვებიან. მხოლოდ მათ იციან, როგორ „ჯდება“ ფაიფური და სკულპტურის ყველა ნაწილში მისი თანაბარი სისქით ჩამოსხმა შეუძლიათ. რთული კომპოზიციებისთვის, რომელიც რამდენიმე ასეული დეტალისგან შედგება, ისინი შეერთების სპეციალურ სისტემებს ქმნიან.

მოხატვის განყოფილებაში ოსტატები 40 მეტრიან ღუმელში ორჯერ გამომწვარ ნივთებზე მუშაობენ. პირველი გამოწვა 1000 გრადუსზე ხდება, მეორე – 1400 გრადუსზე, ამის შემდეგ ფიგურებისა და ჭურჭლის ნაწილი მხატვრების ხელში ხვდება.

ნახატი “Frutti Italiani”

„Frutti Italiani“ ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული დეკორია. ქლიავების, ლეღვებისა და ვაშლების ნახატი 1740 წელს, დეფექტიანი ფაიფურის მოსახატად მოიფიქრეს. დროთა განმავლობაში ასეთი მოხატულობის მქონე ჭურჭელი სავაჭრო ნიშნის „ბესტ სელლერი“ გახდა. გაფორმების შემდგომ ყველა ნივთი მესამედ გამოიწვება, მოოქრული კი მეოთხედაც.

მოხატული თეფშების მესამედ გამოწვა

„დღეს საწარმოში სერიულ წარმოებასთან ერთად საცალო შეკვეთების დამზადებაცაა აწყობილი, –  აგრძელებს ალბერტო პიანტონი. – ჩვენ „Missoni Home“ – თან აქტიურად ვთანამშრომლობთ და „Alitalia“ – იას ბიზნეს კლასის თვითმფრინავებისთვის ჭურჭელს ვამზადებთ. თუმცა, ძირითადად საწარმოო ციკლი ისევ ისეთი რჩება, როგორიც ის 200 წლის წინ იყო, – შლიკერის (ფაიფურის რბილი მასის) მორევიდან მის საბოლოო გამოწვამდე. ასეთ წარმოებაში მთავარ როლს არა ტექნიკური აღჭურვილობა, არამედ ოსტატების ხელი ასრულებს.

ბოლო წლებში ამ დარგში რაიმე განსაკუთრებული ზეტექნოლოგიები არ მოუფიქრებიათ. საამქროში თაბაშირის ყალიბებს კვლავინდებურად მარსელური და ზეითუნის ზეთით პოხავენ, ხარისხის კონტროლი კი თვალით ხდება. ჩვენთან დროც კი სხვაგვარად, ძალიან ნელა მიედინება, ვიდრე ეს ქარხნის ჭიშკრის გარეთ ხდება. თანამშრომლები კი ამბობენ, რომ ფაიფური მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როდესაც ოსტატი აუჩქარებლად და სიყვარულით მასში სულს შთაბერავს“.

ფიგურა “კოლომბინა”
ფიგურა “საბინიელი ქალების მოტაცება”
თეფში “Merci”-ის კოლექციიდან

თეფში “New King”-ის კოლექციიდან. მისი მოხატვა/მოოქროებას 10 სთ. სჭირდება

MYSA Home-ს ამიერიდან ახალი ონლაინ პლატფორმა ექნება

22 კვადრატულ მეტრში შექმნილი კომფორტი – მიკრო ბინა პარიზში