in ,

ზნეობის კოდექსი არქიტექტურაში – ინტერვიუ გიორგი მარგიშვილთან

Alliance Group
Alliance Group

გიორგი მარგიშვილი პროფესიით არქიტექტორია. ის 1960 წელს დაიბადა თბილისში. დედა ფილოლოგი, მამა კი არქიტეტორი ჰყავდა, შესაბამისად, ამ სფეროსთან ბავშვობიდან ჰქონდა შეხება – მამის სახლში მოტანილი პროექტებით დაწყებული, სახელოსნოში მისვლითა და მაკეტებისა თუ მუშა ნახაზების გაცნობით დასრულებული. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, იყო რაღაც პერიოდი (დაახლოებით მე-9 კლასამდე), როცა არქიტექტორობა არ უნდოდა და არქეოლოგიაზე ფიქრობდა. თუმცა, მოგვინებით გულმა კვლავ არქიტექტურისკენ გაუწია, მაგრამ ისტორია და არქეოლოგია ბოლომდე არ მიუტოვებია და უკვე 55 წლის ასაკში ამ სფეროს ორი ნაშრომი მიუძღვნა. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა კი არქიტექტურაა, სწორედ ამ საკითხზე გავესაუბრეთ გიორგი მარგიშვილს:

გიორგი, გვიამბეთ თქვენი კარიერის ადრეულ წლებზე…

დავასრულე პილიტექნიკური ინსტიტუტი, შემდეგ საქქალაქმშენის საქპროექტში არქიტექტურულ სახელოსნოში რიგით არქიტექტორად დავიწყე მუშაობა. მოგვიანებით, სანამ ქვეყანა აირეოდა და ყველაფერი დაინგრეოდა, ორი წელი სახელოსნოს ხელმძღვანელი ვიყავი. 90-იან წლებში მეც და მამაჩემმაც ჩვენი პროფესია მივატოვეთ. მამა სოფელში გადასახლდა და მეურნეობას უვლიდა. მე კი ბიზნესში წავედი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე მინდოდა არქიტექტურაში დაბრუნება, გარკვეული მოსაზრების გამო, თითქმის 20 წელი საერთაშორისო ვაჭრობის ბიზნეს-კომპანიაში დავრჩი, რამაც ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი რამ მასწავლა და გადამააზრებინა. საქმიან ურთიერთობებში იმდენი რამე ვისწავლე, რომ მიმაჩნია, ამ საკითხებს არქიტექტორები, როგორც საგანს, ისე უნდა სწავლობდნენ. კერძოდ, ეს ეხება მარკეტინგს, ურთიერთობების ხელოვნებასა და ბიზნესის ორგანიზაციის საკითხებს. სადღაც 54 წლის ასაკში ძველ პროფესიას დავუბრუნდი. 60 წლის ასაკში ლექციების კითხვა დავიწყე. ჩემი მეუღლეც და ერთ-ერთი შვილიც არქიტექტორები არიან. ფაქტობრიბად, არქიტექტურული ოჯახი ვართ.

რატომ არქიტექტურა?

არაფერი ყოფილა ისეთი, რამაც გამაცისკროვნა და არქიტექტორობა გადამაწყვეტინა. მიყვარდა წარსულის აქტიური კვლევა, არქეოლოგია ისტორიის მიმართულებით. ბავშვობიდან ასევე ვხატავდი. როგორც ყველა არქიტექტორს, სიმწარეც მიჭამია, მაგრამ ჩემი არჩევანი არასდროს მინანია. არქიტექტურას უამრავი განმარტება აქვს, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ ის იმ საზოგადოების კულტურის სარკეა, რომელსაც ეხება. ყოფითი ურთიერთობები თუ ნატიფი ხელოვნება, ყველაფერი ეს არქიტექტურაში აისახება.

Wang Shu’s Ningbo History Museum

Wang Shu

ყურადრებით ვადევნებ თვალს აღმოსავლელებს – ჩინელებს და ვიეტნამელებს. არ ვგულისხმობ ეფექტურ შენობებს. ვსაუბრობ იმ მიმარათულებაზე, სადაც მათი ტრადიციაგამოვლილი ოსტატობა ჩანს. მაგალითად, ერთ-ერთი პრიცკერის ლაურიატი ვანგ შუ (Wang Shu). სრულიად სხვა მიდგომა აქვს, რომელიც თვალშისაცემი არ არის, მაგრამ ბრძენი კაცის ხელი ეტყობა.

Ibuku. The Arc Bamboo

Rammed earth Architecture

ძალიან საგულისხმოა ვიეტნამელების სივრცის გააზრება. ტრადიციული მეთოდებითა და საშუალებებით ბამბუკიდან საოცარ ნაგებობებს ქმნიან, გასაოცარ შემოქმედებით უნარს ამჟღავნებენ. თუნდაც ტკეპნილი მიწის არქიტექტურა რად ღირს. ეს ძალიან საინტერესოა პროფესიული კუთხით.

Shigeru Ban world’s tallest hybrid timber tower in Vancouver

Shigeru Ban

მომწონს შიგერუ ბენის (Shigeru Ban) შემოქმედება. ის ხის კონსტრუქციების ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია. უმაღლესი დონის პროფესიონალია. არქიტექტურას ქაღალდისგანაც კი ქმნის.

ლანდშაფტი და რაციონალური ზომები ქმნის არქიტექტურას თუ გონებაში დაბადებული ფორმა ირგებს გარემოს?

მე ორივე მიდგომა მინახავს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უმთავრესი არის გარემოს შესწავლა. ეს პროცესი უხსოვარი დროიდან ხუროთმოძღვრის პასუხისმგებლობა იყო. ის ერთის მხრივ, გარემოს შესწავლიდან იწყებოდა და ამავე დროს კონკრეტული დაკვეთაც ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ფორმა და არქიტექტორის ამბიცია პირველადი არ უნდა იყოს. არქიტექტორის შემოქმედება, ცოდნა, გამოცდილება და ნიჭი იმ მოცულობის გააზრებით მჟღავნდება, რომელსაც საბოლოო სახით წარუდგენს ის საზოგადოებას.  აქაც ჩემი დამოკიდებულებით, ორი მიდგომა არსებობს: ერთი ის, რომ მე ამ გარემოს ნაწილი ვარ და ჩემი თვალთახედვითა და ოსტატობით შეძლებისდაგვარად შემაქვს ჩემი წვლილი მის შევსებაში და მეორე: მე ვიცი ეს გარემო რევოლუციად როგორ უნდა გარდავქმნა. საკითხის ცოტაოდენ უტრირებას ვახდენ, მაგრამ რეალურად ასეა. ერთ მაგალითს მოვიყვან, კრიტიკისა და ანალიზის გარეშე.

მშვიდობის ხიდი

დელუკის გაკეთებული შუშის ხიდი, რომელიც რიყეზე გადადის, ჩემი აზრით, ძველი თბილისის პანორამას ფარავს. ეს არის სწორედ მეორე მიდგომა. რომ ჩვენ მეტი ვართ, ვიდრე გარემო და ჩვენ თავს უფლებას ვაძლევთ, რომ ჩვენ გვიყუროთ და არა გარემოს. ადამიანის ამბიციის გამოვლენის ნათელი მაგალითი. ამ ამბიციას თავისი დრო და ადგილი აქვს. ყოველთვის ასეთი ამბიციის გამოვლენა მოსაწონი არ არის.

El Edificio Guggenheim Bilbao

კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორის, ფრენკ გერის გადაწყვეტილება, როდესაც ბილბაოში, გუგენჰაიმის მუზეუმი დააპროექტა. ის გარემოდან სრულიად ამოვარდნილია, თუმცა დაკვეთაც დაახლოებით მსგავსი იყო – ნაგებობას ქალაქი თვისობრივად უნდა შეეცვალა. ქართველებს ძველი ანდაზა გვაქვს „წამბაძველობამ წაგვრწყმიდაო“. წაბაძვა საშიშია, ვინაიდან სხვა გარემოებაში მსგავსმა მიდგომამ შესაძლებლია არ გაამართლის.

რიყის “დოქები”

იგივე „დოქები“ რიყეზე – ჩემი ღრმა რწმენით არის წარუმატებელი „წაბაძვა“. არ ვიხილავ მის იერს დამოუკიდებლად, მაგრამ მასშტაბითა და ფუნქციით ვთვლი, რომ გარემოს არ შეესაბამება. ვიცი შენობებისა და სივრცის ორგანიზების მაგალითები, რომელსაც აღტაცება გამოუწვევია და შემდეგ დავიწყებას მიცემულა ან პირიქით, მერე აღმოჩენილა მისი მნიშვნელობა. რეალურად, პროფესიულ კრიტიკასა და საზოგადოების აღქმას შორის დიდი განსხვავებაა. თუ რომელიმე ადგილას 15 სართულიანი შენობის დადგმა არ არის სწორი, პროფესიონალმა ამას ხელი არ უნდა მოკიდოს, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად ეს არქიტექტორის პასუხისმგებლობა არაა. არქიტექტორებს ექიმებივით დაწერილი კოდექსი არ აქვთ, თუმცა, წარსულში არქიტექტორი ანუ ხუროთმოძრვარი, გარდა იმისა, რომ მრავალმხრივ განათლებული უნდა ყოფილიყო, არქიტექტორიც, მშენებელიც და კონსტრუქტორიც იყო. სამ პიროვნებას აერთიანებდა “ხუროთმოძღვარი”, ამიტომაა ეს სიტყვა თავისთავად საინტერესო. დღეს კი ეს წოდება მარტივ მამრავლებადაა დაყოფილი და კიდევ იყოფა… ძველი თაობის არქიტექტორებმა იცოდნენ ფილოსოფია, მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, მედიცინა… ადვილი წარმოსადგენია რა მაღალი ზნეობის მატარებლები იყვნენ ისინი.

გვესაუბრეთ სახასიათო გადაწყვეტილებებზე თბილისში, რომელიც ყურადრების ღირსია

სახასიათოა გზების დეპარტამენტის შენობა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს აშენდა და რომელიც იაპონიაში აშენებული შენობების გავლენით აშენდა, თუმცა მაღალ ოსტატობასა და თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვს მიბაძვა, როცა შენს ქვეყანაში გამოსაყენებლი მასალები უფრო მდარე ხარისხისაა.

Le Corbusier’s space | Ahmedabad

როგორც მაგალითი, ლე კორბუზიეს ნამუშევრები მახსენდება ახმედაბადში. იმ რეგიონებში, სადაც იცოდა, რომ მშენებლობის კულტურა დაბალი დონის იყო, მის ნამუშევარს იმ ქვეყნის ესთეტიკის, კულტურის, ტექნიკური საშუალებებისა და სხვა მოცემულობის შესაბამისად აკეთებდა. სწორედ ეს არის ნამდვილი ოსტატობა. აუცილებელი არ არის შენობა ოქრო-ვერცხლით, მტრედებითა და დელფინებით იყოს შემკული, რომ მასში ოსტატის ხელი ჩანდეს. იდეის, ფორმისა და ფუნქციის ჯეროვანი შეხმატკბილების მაგალითები ჩვენთანაც არის. ერთია, არის თუ არა შენობა თვითმყოფადი, თუ რაღაც უკვე გაკეთებულის პერეფრაზირებას ახდენს.

Frank Lloyd Wright. The Imperial Hotel

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ფრენკ ლოიდ რაიტის ტოკიოს „იმპერიალ ჰოტელი” იყო, რომელმაც პროფესიულ წრეებში დიდი მოწონება გამოიწვია, თუმცა ქალაქგეგმარებითი ცვლილების გამო, მალევე დაანგრიეს და ზედ გზა გაატარეს. ნგრევის ნარჩენები მუზეუმში წაიღეს. იაპონიის ელჩმა უკვე ხნიერ არქიტექტორს ლაო-ძის „დაო დეძინი“ აჩუქა, რომელიც უკანასკნელს წაკითხული არ ჰქონდა და აღფრთოვანდა, რადგან აღმოაჩინა, რომ სივრცის თავისუფალი გეგმარების მისეული  გადააზრება ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ბრძენმა ლაო-ძიმ გააჟღერა და ახსნა, რომ შენობის არსი არა კედლები, კარი და ფანჯრებია, არამედ სივრცე, რომელსაც ის ქმნის.

თბილისის არქიტექტურა პროფესიონალის თვალით. რა მოგწონთ, რა არა? რას როგორ შეცვლიდით?

სარკასტულად ვშაყირობთ ხოლმე, რომ ქართულმა დამოუკიდებელმა ქალაქგეგმარებამ მსოფლიო პრაქტიკაში სიახლე შემოიტანა, რაც „უტროტუარო“ გარემოს გულისხმობს. რომ დააკვირდეთ, ახალ უბნებში და ახალ შენობებთან არსებული საფეხმავლო გზები, ფაქტობრივად, თავის დანიშნულებას არ ასრულებს. ქალაქი არის სხვადასხვა სოციუმის ურთიერთობა სხვადასხვა სიბრტყესა და სივრცეში. საფეხმავლო ბილიკების გარეშე ეს შეუძლებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როცა გარემოს კი არ ერგები, არამედ გარემოს ირგებ. ნორმალურ ქვეყნებში ასე არ ხდება.

Venice’s glass bridge. Santiago Calatrava

კალატრავამ ვენეციაში ხიდი გააკეთა, რომელმაც ჩემში თავისი ფაქტურით, კონსტრუქციითა და მასშტაბით აღტაცება გამოიწვია. მაგრამ ფეხმავლებისთვის ის ხიდი ნამდვილი „ტანჯვა“ აღმოჩნდა, რადგან სხვადასხვა სიმაღლის მოუხერხებელი საფეხურებია. ვიზუალურად ლამაზია, თუმცა ფუნქციურად არაპრაქტიკული.

არქიტექტურას სამი შემადგენელი აქვს და უკვე 2000 წელია არქიტექტორები ამ კრიტერიუმებით ფასდებიან. ვიტრუვიუსის განმარტებით, ესენია მედეგობა, ფუნქციის შესაბამისობა და ესთეტიკა. როცა სამივე კრიტერიუმი მოწოდების სიმაღლეზეა, ამ დროს წარმატებული ნიმუშები იქმნება.

დღევანდელ მოწინავე ქალაქგეგმარებაში პრიორიტეტი მაცხოვრებელს ეთმობა, შესაბამისად ტრანსპორტიდან ყურადრება ადამიანზე გადადის და კერძო ტრანსპორტის შემცირებას ცდილობენ. ცნობილი ფაქტია, რომ თუ გზა გაგყავს, ის მანქანებით აივსება და რაც მეტი გზა გაგყავს, მეტი მანქანაა და პრობლემა არ გვარდება. როცა ადამიანზე ფიქრობ, იქ საფეხმავლო გზები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც ჩნდება.

ცუდი და შესაცვლელი პრაქტიკა მგონია ე.წ. “ელიტარული უბნების” ჩამოყალიბება. როგორც კი საზოგადოება ფენებად დაიყოფა, ურთიერთობები გადაგვარდება. 15 წელზე მეტია, რაც თბილისს მთავარ არქიტექტორად იურისტები ჰყავს და ეს ტრადიცია შესაცვლელია. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს პროფესია ქალაქის მთავარ არქიტექტორობას არ შეეფერება. აქ ხუროთმოძღვრის ხედვაა საჭირო. პროფესიონალების ჩართულობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ზოგადად, დარგის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურსების დანერგვა. ჩვენში არსებული ტენდერების პრაქტიკა არაეფექტიანია. კონკურსზე უკეთესი კაცობრიობას არ მოუგონებია. ასწლეულობის მანძილზე კონკურსები ტარდებოდა, თუნდაც აღორძინების ხანის იტალია და დღევანდელი მსოფლიო გავიხსენოთ.  ნიჭიერი ახალგაზრდობის, ახალი, სხარტი, ფასეული იდეების აღმოსაჩენად კონკურსი აუცილებელია.

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით – მარტივი იდეები შთაგონებისთვის

რომელია საუკეთესო სართული მრავალბინიან კორპუსში?