in

დამკვეთისა და არქიტექტორის გზამკვლევი პროექტირების პროცესში – გიორგი ზაუტაშვილის რჩევები

 

როდესაც ვსაუბრობთ ობიექტზე, სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს, ამ დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ურთიერთობა არქიტექტორსა და დამკვეთს შორის. ეს ძალიან კარგად იცის არქიტექტორმა გიორგი ზაუტაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ არქიტექტურა, პირველ რიგში, დამკვეთსა და არქიტექტორს შორის დიალოგის ფორმაში განსახიერებაა და სწორედ ამ ურთიერთობის წარმართვაზეა დიდწილად დამოკიდებული პროექტის წარმატება.

გიორგი ზაუტაშვილის თანახმად, ამგვარი დიალოგი არქიტექტორსა და დამკვეთს შორის იშვიათად არის მშვიდი და უკონფლიქტო. თუმცა, მისი აზრით, მთავარია, ამ კონფლიქტებსაც ჰქონდეს კონსტრუქციული ხასიათი.

მაინც რა არის ის მთავარი ელემენტბი, რაც არქიტექტორსა და დამკვეთს შორის კომუნიკაციის დროს უნდა გავითვალისწინოთ? ამასთან დაკავშირებით, Homeis.ge გიორგი ზაუტაშვილს გაესაუბრა და მის რჩევებს უცვლელად გთავაზობთ:

დაუფასებელი გენიოსი

არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ფორმაა. მაგალითად, მხატვარი, მოქანდაკე, მულტიმედია არტისტი თუ სხვა ქმნის პროდუქტს, რომელიც წარმოადგენს მის ხედვას, მის ემოციებს, ატარებს მის გზავნილს სოციუმისთვის, რომელსაც ამ ყველაფრის თავისებურად ინტერპრეტირება, დაფასება,შეძენა ან დაფინანსება შეუძლია. არქიტექტურის შემთხვევაში, არქიტექტორის ხედვა, პროექტში ჩადებული ემოციები, კონცეფცია და გზავნილი ისევე როგორც ესთეტიკა თანხვედრაში უნდა მოდიოდეს დამკვეთთან, თუმცა ისინი (არქიტექტორი და დამკვეთი) შესაძლოა, დიამეტრალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ძალიან რთულია, როდესაც შენი, როგორც ხელოვანის, ხედვას ეჭვქვეშ აყენებენ. თუმცა, სწორი მიდგომის შემთხვევაში, ამ ორი სუბიექტის თანამშრომლობის პროცესი ძალიან სასიამოვნო და პროდუქტიული ხდება და ხშირად ამ პროცესის სირთულე წარმატებული დასასრულის საწინდარია.
იმ შემთხვევაში თუ პროფესიონალს ამ ინტერაგირების მინიმუმამდე დაყვანა სურს, არსებობს არქიტექტურული კონკურსები, სადაც არქიტექტორს, როგორც ხელოვანს, აქვს საშუალება, წარადგინოს პროექტი, რომელიც 100% მის ფილოსოფიას წარმოადგენს და გამართლების შემთხვევაში, გაიმარჯვებს.

ყველაფერი იწყება გაცნობით

არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მიაგენით არქიტექტორს – გირჩიეს, ინტერნეტით იპოვეთ თუ სადმე შემთხვევით გაიცანით. მნიშვნელოვანია, სანამ შეხვდებით, მოკლე ინფორმაცია მოაგროვოთ მასზე. თუ შესაძლებლობა გაქვთ, გაესაუბრეთ მის ყოფილ დამკვეთებს, ნახეთ ვებგვერდი ან სოციალური ქსელები და გაეცანით მის პროექტებს. პროექტების თვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ნამდვილად მისი ნამუშევრები იყოს, ვინაიდან, ხშირია შემთხვევა, პროექტების ან ვიზუალიზაციების ინტერნეტიდან დაკოპირებისა, (ამაში google reverse photo search ძალიან დაგეხმარებათ).

ასევე მნიშვნელოვანია, ერთი ან მეტი განხორციელებული და მიმდინარე პროექტი მაინც შეგხვდეთ. აქვე ნუ შეგეშინდებათ თუ ვერ აღმოაჩენთ მის პროექტებში უშუალოდ თქვენთვის სასურველ სტილს ან თუნდაც შენობის ტიპოლოგიას. არქიტექტურულ სკოლაში ყველაზე დიდი ყურადღება ენიჭება ანალიტიკური აზროვნების უნარს და კვლევით კომპონენტს, შესაბამისად, კონკრეტულ ტიპოლოგიაში წინასწარი გამოცდილების არქონის მიუხედავად, პროფესიონალ არქიტექტორს ძალიან მარტივად შეუძლია მისთვის უცხო ფუნქციურ შენობაში უმოკლეს ვადებში გარკვევა და მასზე მუშაობა. რაც შეეხება გემოვნებას, თუ ის დიამეტრალურად არ განსხვავდება თქვენი გემოვნებისგან, მაშინ მუშაობა შესაძლებელია. ვინაიდან არქიტექტორის პროფესიონალიზმი სწორედ თქვენი და მისი ხედვების კონსენსუსით მიღებული პროდუქტის შექმნაშია.

გახსოვდეთ, იმისთვის, რომ თქვენთვის სასურველი სახლი მაქსიმალურად იყოს თქვენზე მორგებული, არქიტექტორმაც, რაც შეიძლება, უკეთ უნდა გაგიცნოთ. დამკვეთის გაცნობის პროცესი იწყება პირველი შეხვედრიდან. სცადეთ მიაწოდოთ არქიტექტორს მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია თქვენი სურვილების შესახებ. შეგიძლიათ pinterest-ის დახმარებით სხვადასხვა შენობის დიზაინით მცირე პრეზენტაცია ან ფოტოკოლაჟი მოამზადოთ, სადაც ხაზგასმული იქნება, რომელ ობიექტში რამ მოგხიბლათ. მოუყევით ყველა ოჯახის წევრის შესახებ, ვინც სახლში უნდა იცხოვროს – მათი ასაკი, ინტერესები, დღის განრიგი, სამომავლო გეგმები და ა.შ.

მსგავსის არ ქონის შემთხვევაში, სწორედ ეს არის ჩვენი პირველი „საშინაო დავალება» დამკვეთისთვის – მოამზადოს მაქსიმალურად ამომწურავი საპროექტო დავალება, რომელზე დაყრდნობითაც  ჩვენ შევძლებთ მუშაობას.

გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არქიტექტორს უთხრათ არა მხოლოდ ის, თუ რა გინდათ, არამედ რატომ გინდათ, ეს მას დაეხმარება, უკეთ გაიგოს თქვენი სურვილები და, ხშირ შემთხვევაში, საკითხის ალტერნატიული და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ.

ჩვენ, მაგალითად, პროექტირების დაწყებამდეც და შემდგომაც ვცდილობთ, დამკვეთთან როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური შეხვედრების მოწყობას, რაც ხელს გვიწყობს მისი ინტერესების უკეთ შესწავლაში. ვეძებთ საერთო ინტერესებს, ეს შეიძება იყოს შეხვედრა ყავაზე, დაპატიჟება ოფისში,  ერთად ვახშამი, სასროლეთზე სიარული, გოლფი… მოკლედ ყველაფერი, სადაც ადამიანებს შეუძიათ გაიხსნან.  მსგავსი შეხვედრები გარდა დაახლოებისა, ძალიან ინფორმატიულია და არქიტექტორს მისთვის აუცილებელ ინფორმაციას აძლევს.

ორი სიტყვით ფინანსურ მხარეზე

არქიტექტურის მომსახურებას დღეს კონკრეტული საბაზრო ღირებულება არ გააჩნია და ძალიან ძლიერად ვარირებს. სანამ ყველაზე იაფ შეთავაზებას დათანხმდებით, კარგად  დაფიქრდით.  რატომ უღირს ერთს 10 ჯერ იაფად მუშაობა, ვიდრე მეორეს?  პასუხი მარტივია:

  1. პირველი არის დამწყები და ცდილობს ნებისმიერ ფასად აიღოს პირველი დაკვეთები (საუკეთესო ვარიანტი)
  2. პროფესიონალიზმის ხარისხიდან გამომდინარე, სხვაგვარად ვერ უწევს კონკურენციას სხვა არქიტექტორებს
  3. მასპროდუქცია –  ანუ კომპანიას აქვს მომზადებული შაბლონური პროექტები თავისი ინჟინერიით, თქვენთვის შეაქვს მასში მინიმალური ცვლილებები და  მოკლე დროში ბევრ მსგავს პროექტს ამუშავებს.  შესაბამისად, დაემშვიდობეთ სახლს, რომელიც კონკრეტულად თქვენზე იქნება მორგებული.

აქვე კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დამკვეთისგან მომისმენია: გვირჩევნია არ იყოს ძალიან დაკავებული თორე ჩვენ პროექტს ყურადღებას ვერ მიაქცევს.  აქვე ჰკითხეთ საკუთარ თავს თუ რატომ აქვს ერთს ბევრი დაკვეთა მეორეს კი ცოტა?

იშვიაია, არქიტექტორმა გარისკოს დამატებითი საქმის აღება თუ ხედავს, რომ ვერ გაწვდება, ვინაიდან ეს პირდაპირ მის რეპუტაციას დააზიანებს.

პირველი ნაბიჯები, ესკიზი

ხშირად მსმენია ასეთი რამ: შენ ესკიზი გაგვიკეთე ჯერ და მერე ჩვენ გადავწყვეტთ გვინდა თუ არა. ეს ის სიტყვებია, რომლის გაგონებისას არქიტექტორს “კრიჭა ეკვრება” და სახეზე კუნთები ეჭიმება. ესკიზი ნებისმიერი პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი ეტაპია და ამ პროცესში დამკვეთის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. პროცესი შემდეგნაირად მიდის: პირველი შეხვედრის შემდეგ ვიღებთ დროს და ვამზადებთ ჩვენს პირველ ხედვებს – კონცეფცია, სახლის ზონირება, სკეჩები ან უხეში 3D ან ფიზიკური მოდელის. არსებული პროექტებით შედგენილი კოლაჟის (moodboard) დახმარებით, ყველა ეს მასალა იკრიბება პრეზენტაციაში და ინიშნება პირველი შეხვედრა. ჩვენ ამ შეხვედრისას დამკვეთს მაგიდაზე ასევე ვახვედრებთ ამობეჭდილ პროექტს, ზონირებას, პერგამენტს და ბევრ მარკერს.

პირველი შეხვედრისას ხდება აზრების გაცვლა, არქიტექტორი ხსნის და ყვება, თუ რატომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები და გარწმუნებთ მათ სისწორეში; თქვენ, თქვენი მხრივ, უნდა განუმარტოთ თქვენი პოზიცია, რა მოგწონთ და რატომ და – პირიქით. ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ არსებულ ნახაზებზე მარკერით ჯღაბნის და ხელით ფიქრის ფონზე. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ მისი ესკიზის გაკრიტიკებით მის გრძნობებს დააზიანებთ; გახსოვდეთ, არქიტექტურის სწავლის პროცესი შედგება უმოწყალო კრიტიკისგან, სტუდენტური პროექტების მიწასთან გასწორებით, ყოველი მცირე შეცდომის გაბუქებით, ასე რომ, არქიტექტორების უმეტესობას ამ პროფესიაში შემუშავებული აქვს ძლიერი იმუნიტეტი და მეტიც – ჯანსაღ კრიტიკაზე დამოკიდებულება. უბრალოდ ნუ დაგავიწყდებათ, ახსნათ კონკრეტული კომენტარის მიზეზი, ვინაიდან ეს არქიტექტორს ეხმარება, უკეთ გაიგოს თქვენი სურვილები.

რაც შეეხება არქიტექტორს, ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც დამკვეთის გაღიზიანების შიშით, მას ყველაფერზე ვეთანხმებით და თავს ვუქნევთ.  დიალოგი უნდა იყოს არგუმენტირებული და თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ თქვენს სისწორეში, ხშირად არც დაეთანხმოთ. დამკვეთი გრძნობს თქვენს სისუსტეს და ნელ-ნელა ხელიდან გამოგაცლით პროექტირების პროცესს და საბოლოოდ,  დაზარალდება პროდუქტი, შესაბამისად, დამკვეთიც და თქვენც, ვინაიდან სწორად განხორციელებული შენობა არის თქვენი სახე.

ტექნიკური შესრულება

მიუხედავად იმისა, რომ ესკიზს და მის დამუშავებას პროექტირების პროცესში ყველაზე დიდი დრო მიაქვს, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში არ დაივიწყოთ ფიზიკის კანონები, დამკვეთის ბიუჯეტი და ჩვენს ბაზარზე არსებული რეალობა. შემდგომში გაუთვალისწინებელი ცვლილებების თავიდან ასარიდებლად, ესკიზზე მუშაობის პროცესშივე იქონიეთ კომუნიკაცია კონსტრუქტორთან, ან პროექტის სირთულიდან გამომდინარე, სხვა ინჟინრებთანაც. რაც შეეხება დამკვეთს, არ დაუშვათ შემდეგი შეცდომა: “ესკიზს წავიღებთ და ჩვენით ავაშენებთ”. ხშირად მინახავს მსგავსი პროექტები, როდესაც ვიზუალიზაციის და რამდენიმე ნახაზის დახმარებით შენდება შენობა, მშენებელი თავისი ცოდნით და კრეატიულობით ცვლის პროექტს, კლიენტი თავის სურვილებს ამატებს და საბოლოოდ ჩნდება უამრავი პრობლემა, რომელიც ჯამში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არქიტექტორის მომსახურება პროექტის დასრულებამდე.

ჩვენ პროექტს ვყოფთ ეტაპებად და ქვეეტაპებად. ყოველ ეტაპზე დეტალურად გვაქვს გაწერილი, რას ვაკეთებთ ჩვენ და რა მოეთხოვება დამკვეთს, რა ეტაპზე რომელი სპეციალისტი ერთვება, რა ეტაპზე გვესაჭიროება მასალების ნიმუშები და როგორ შევუქმნათ დამკვეთს იდეალური პირობები გადაწყვეტილებების სწრაფად მისაღებად. აქ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ეტაპების არევა. მაგალითად, ხშირად დამკვეთი ავეჯის ვიზუალს ითხოვს მაშინ, როდისაც ჯერ გეგმარება არ არის დადგენილი.  ამ დროს დამკვეთს უნდა განემარტოს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა, რომ ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები გაქვთ პროექტთან დაკავშირებით და სანამ კონკრეტული საკითხები არ გადაწყდება, შემდეგზე ვერ გადახვალთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე დაკარგავთ დროს და ნერვებს

მშენებლობის ზედამხედველობა 

სამწუხაროდ ზედამხედველობის როლი ხშირად კნინდება – ხშირად დამკვეთს არ უნდა ამაში დამატებით თანხის გადახდა, ან არის შემთხვევები, როდესაც არქიტექტორები უბრალოდ აბარებენ პროექტს და ხელს იბანენ.

მშენებლობის პროცესში პასუხისმგებლობა იყოფა ორ პირზე: ერთი – მშენებელი, რომლის დავალება არის ააშენოს ხარისხიანად და ზუსტად ისე, როგორც ნახაზზეა. მეორე – არქიტექტორი, რომელიც მშენებელთან ერთად გადის ყველა ნახაზს, უხსნის დეტალებს, გაუგებრობის შემთხვევაში ამზადებს დამატებით ნახაზებს, მონაწილეობას იღებს მასალების ფერების, კარ-ფანჯრის და ა.შ არჩევაში და აკონტროლებს მშენებლობის პროცესის პროექტთან თანხვედრას. ყველაფერი ეს ჯამში დამკვეთს უზოგავს დროს და ნერვებს.

პოზიტიური დასასრული მნიშვნელოვანია

პროექტირების ყოველი მნიშვნელოვანი ეტაპი იმსახურებს აღნიშვნას. რა სახით აღნიშნავთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული და არ აქვს მნიშვნელობა, რას აღნიშნავთ – პროექტის გაფორმებას, შეთანხმებას, მშენებლობის დაწყება/დასრულებას თუ ურთიერთობის გაწყვეტას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ნებისმიერი სახის ურთიერთობა დამკვეთთან, თუნდაც უარყოფითი, პოზიტიურ ნოტაზე დასრულდეს. გახსოვდეთ, რამდენად კარგი პროფესიონალიც არ უნდა იყოთ, შესაძლებელია დამკვეთს უბრალოდ ვერ მოერგოთ, რაც არ არის კონფლიქტის წარმოშობის და მტრებად დარჩენის მიზეზი. შესაბამისად, მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების შემთხვევაშიც, გაბუტვის ნაცვლად, შეხვდით ერთმანეთს და აღნიშნეთ. ეს ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია პროექტის დახურვის აღქმისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, ამ არასასიამოვნო ფაქტის შემდეგ დადებითი განწყობის შესანარჩნებლად.

რა იწვევს შენობის “ჯდომას” და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ეს პროცესი – ნამაის სტანდარტი

შუა საუკუნეების კლასიკა Karen Maj Kornum-ის კოპენჰაგენის სახლში