in

საუბრები არქიტექტურაზე: გიორგი ზაუტაშვილის ახალი წამოწყება „R-312“-ის სახელოსნოში

სტუდია „R-312“-ის სახელოსნოში რიგით მეორე არქიტექტურული ლექცია გაიმართა, რომელსაც „Laboratory of Architecture #3“-ის დამფუძნებლები, ირაკლი აბაშიძე და დიმიტრი შაფაქიძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე არქიტექტორებმა საკუთარ პროექტებზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას სამუშაო პროცესი გააცნეს.

ამ საინტერესო წამოწყების ავტორი „R-312“-ის დამფუძნებელი, გიორგი ზაუტაშვილია, რომელსაც იდეა საკმაოდ სპონტანურად გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არანაირი მოლოდინი არ ჰქონდა, სტუდენტებისთვის დაგეგმილმა  ღონისძიებამ საზოგადოების მხრიდან მაღალი დაინტერესება გამოიწვია და ერთი შეხედვით “პატარა შეხვედრამ” საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო. არქიტექტურულ საუბრებს გიორგიმ საკუთარ სტუდიაში უმასპინძლა, რომელიც თავდაპირველად ბაბუამისის, ცნობილი მოქანდაკისა და მხატვრის გოგი ოჩიაურის სახელოსნო იყო და რომელშიც დღესაც იგრძნობა სივრცის პირვანდელი სახე და ატმოსფერო.

„იდეა საკმაოდ მოულოდნელად გაჩნდა, ჩემს სტუდენტებთან წარმატებულად განხორციელებული პროექტის შემდეგ მათ დავპირდი, რომ თუ მეორე დავალებასაც კარგად შეასრულებდნენ, წინასაახალწლოდ არქიტექტორ ნიკოლოზ ლეკვეიშვილთან ლექციას დავუგეგმავდი, რათა მათთვის მოტივაცია ამემაღლებინა. ცხადია, სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტს და მეც სიტყვა  შევასრულე. როდესაც Facebook-ის პლატფორმაზე ღონისძიებას ვამზადებდი, შემთხვევით ის საჯაროდ განვათავსე. ჩემდა გასაკვირად, ანონსმა უამრავი ადამიანი დააინტერესა. მეც უკან აღარ დავიხიე და საჯარო ფორმატით ჩავატარე ერთგვარი ლექცია-შეხვედრა, რომელსაც გარდა ჩემი სტუდენტებისა, სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი დაემთხვა, იმდენი ხალხი მოვიდა, ძლივს დავეტიეთ სტუდიაში, ამის გამო ცოტა ვინერვიულე, თუმცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და აუდიტორიისგან კარგი გამოხმაურება მივიღეთ“,  — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას გიორგი ზაუტაშვილი.

ღონისძიებისადმი დიდმა ინტერესმა და სტუდენტების ჩართულობამ განაპირობა მეორე შეხვედრის დაგეგმვაც, რომელსაც ამჯერად  „Laboratory of Architecture #3“-ის დამფუძნებლები უძღვებოდნენ. მეორე ლექციაზე მსმენელთა რიცხვმა იმატა  და მათ რიგებს გარდა სტუდენტებისა, არქიტექტორები, დიზაინერები თუ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. სწორედ ამიტომ, გიორგი ზაუტაშვილმა გადაწყვიტა, არქიტექტურულ შეხვედრებს პერმანენტული სახე მისცეს და მოახდინოს მათი ორგანიზება არქიტექტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის 40 დღიანი ინტერვალით.

აღსანიშნავია, რომ იდეა ჯერ-ჯერობით დამუშავების ეტაპზეა და საბოლოო სახე არ აქვს, თუმცა აშკარაა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება სტუდენტებისთვის და ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია და პროფესიული გამოცდილების გაზიარების, კომუნიკაციის გაცვლისა და  დარგში არსებული პრობლემების განსახილველად ძალიან კარგი საშუალებაა.

„იმხელა მოწონება დაიმსახურა ორივე არქიტექტურულმა ლექციამ, რომ გადავწყვიტე, მას პერმანენტული სახე მივცე. არ მინდა ყოველთვიური შეხვედრების ფორმატი, რადგან ვფიქრობ, ეს აუდიტორიას გადაღლის. არც ის მინდა, ეს საქმე დამატებით სამსახურად ვაქციო. ამიტომ ჯერ კიდევ ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამ პროექტის ჩამოყალიბება. გარდა ლექციებისა, მგონია, კარგი იქნება კონკრეტული პრობლემის აღება და მისი განხილვა პროფესიონალების მიერ, შემდეგ კი ამ საკითხზე დისკუსიის გამართვა. რადგან ჩვენ სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულ თემებზე აზრების გაზიარება, ერთმანეთის შეხედულებების გაცნობა, საკუთარ აზრის გამოხატვა და სხვების მოსმენა, რათა საკითხებს განსხვავებულად შევხედოთ და ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ. ვფიქრობ, ეს პლატფორმა კარგი დასაწყისი იქნება ამგვარი კომუნიკაციის გასავითარებლად“, — ამბობს გიორგი ზაუტაშვილი.

როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, აღნიშნული ღონისძიება განსაკუთრებით ნაყოფიერი და სიახლის მომცემი სტუდენტებისთვის იქნება, რადგან ისინი პირადად შეძლებენ თანამედროვე, წამყვან არქიტექტორებთან შეხვედრას, მათი ხედვების, გამოცდილებისა და სამუშაო  პროცესის გაცნობას, რაც ხელს შეუწყობს დამწყები არქიტექტორების პროფესიული ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას და სამუშაო კონტაქტების დამყარებას. ამასთანავე, ამგვარი საუბრები, კოლეგების მოსაზრებების გაცნობა და მათთან პროფესიული დიალოგი თავად არქიტექტორებისთვისაც საინტერესო და შემეცნებითი იქნება.

„თავდაპირველად ძალიან ეგოისტურად ვუყურებდი ამ პროექტს, რადგან მომიწევდა ფიქრი, მომზადება და მუდმივად “ფორმაში ყოფნა”, რაც ძალიან კარგია. ამასთანავე, ის გათვლილი იყო ახალგაზრდა თაობაზე, რათა კავშირი დაემყარებინათ უფროს კოლეგებთან და მათგან რაღაც მნიშვნელოვანი გაეგოთ და შეემეცნათ. მომავალში, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, ლექციასთან ერთად, დისკუსია-განხილვის ფორმატი დაემატოს, რადგან ეს ხელს შეუწყობს განსხვავებული პოზიციებისა და აზრების გაცვლას და სურათის სხვადასხვა კუთხით აღქმაში დაგვეხმარება, რაც ძალიან სჭირდება ამ სფეროს. პირადად ჩემთვის, ორივე ლექცია ღირებული, სიახლის მომცემი და დასაფიქრებელი იყო. ვიმედოვნებ, სხვებისთვისაც ასე აღმოჩნდა და პროექტი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება“, — გიორგი ზაუტაშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ინდუსტრიული დიზაინი, როგორც ხელოვნური გარემოს შემქმნელთა რიგებში სამსახური — ინტერვიუ თაზო არუნაშვილთან

მთებით გარშემორტყმული სასტუმრო “მიკრო ეზოებით” – Domain Architects-ის პროექტი