დღეს კიდევ ერთ საინტერესო შემოქმედს, არქიტექტორ გივი მეტრეველს გაგაცნობთ, რომელმაც საკუთარი თავი ადრეული ასაკიდანვე არაერთ სფეროში გამოსცადა და სამყაროს შემეცნებას დღემდე არ წყვეტს. შთაგონების წყარო ძირითადად ბუნებისა და მოგზაურობის სიყვარულია, რაც მის ნამუშევრებშიც ვლინდება. გივი მეტრეველი დღეს Homeis.ge-ს მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.
გივი, გვიამბეთ თქვენი ბავშვობისა და ადრეული ინტერესების შესახებ.
ჩემი ბავშვობა რთულ დროს დაემთხვა. ომი ახალდამთავრებული იყო, გარემო – დამთრგუნველი. ეს განწყობა განსაკუთრებით ურბანულ სივრცეებში იგრძნობოდა. ზაფხულობით სოფელში გატარებულმა დღეებმა ღრმა კვალი დატოვა ჩემზე. იმდროინდელი მოგონებები დღემდე მძაფრად მახსოვს. ბუნების სიკეთე შემდგომშიც ხშირად მახსენებდა თავს. მოგვიანებით მთაში ხეტიალმა გამიტაცა. მიყვარდა მოგზაურობა, რამაც ბევრ რამეზე დამაფიქრა. ამ დროს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისა და კონფესიის ხალხთან მქონდა ურთიერთობა. ეს მრავალფეროვნება ზოგჯერ კონფლიქტებსაც წარმოშობდა ხოლმე, რომლებსაც ადათები და ეთიკური ნორმები აბალანსებდა. ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი გარემოს ჰარმონიულმა სინთეზმა. მუცო, შატილი, ცნობილი ერზი ინგუშეთში, ოსური აკლდამების ქალაქი, უშგული და ა. შ. – ამ ადგილებმა ჩემს აზროვნებასა და მსოფლმხედველობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგზაურობის დაგეგმვა ძირითადად მე მიწევდა, რამაც დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ახალგაზრდობაშივე დავინტერესდი სლავური რელიგიებით, ასევე, სპარსული სამყაროთი, რის გამოც ადრეული პერიოდიდანვე გარკვეული ჩვევები და შეხედულებები ჩამომიყალიბდა. ცხადია, ამ ყოველივემ ჩემს მომავალ გადაწყვეტილებებზეც იმოქმედა.
გვიამბეთ, როგორ განვითარდა თქვენი კარიერა.
განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) მივიღე. ვერ ვიტყოდი, რომ პროფესია დიდი განსჯისა და გააზრების შედეგად ავირჩიე. ვფიქრობ, ეს გზა ჩემი ბედისწერა იყო, ამიტომ არჩევანი არასოდეს მინანია. მაშინდელი ახალი თაობის არაერთი პედაგოგი გვასწავლიდა. ეს დრო იმ გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა, როდესაც, უარყოფილი სტალინური არქიტექტურის ნაცვლად, ახალი რაციონალიზმის ძიება დაიწყო. ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც შოთა ყავლაშვილის სახელოსნოში მოვხვდი და საუკეთესო არქიტექტორების – ვოვა ქურთიშვილისა და რამაზ კიკნაძის – გვერდით აღმოვჩნდი. შეიძლება ითქვას, სწორედ რამაზთან ურთიერთობამ განსაზღვრა ჩემი პროფესიული გზა. რამდენიმე წლის შემდეგ „საქქალაქმშენპროექტში“ მიგვიწვიეს. სამწუხაროდ, რამაზი მალე გარდაიცვალა, რაც ჩემთვის უდიდესი დანაკარგი იყო. მარტოს მომიწია შემოქმედებითი და ადმინისტრაციული ტვირთის ზიდვა. თითქმის ოცი წელი გავატარე მეორე სახელოსნოში; შემდეგ ისევ „თბილქალაქპროექტში“ დავბრუნდი. ათი წლის შემდეგ „სტუდია 2“ დავაარსე, სადაც დღემდე ვმუშაობ.
ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული პროექტირების გარდა, რამდენიმე უცხოურ ქვეყანაში მიმუშავია სავაჭრო-სამრეწველო გამოფენების მხატვრად, რაც საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო. მცირე ხნით ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი.
როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას?
ფართოდ თუ შევხედავთ, სამყაროს შექმნა და განვითარება არქიტექტურიდან იწყება. გამართულობა, მდგრადობა და, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ, თანაზომადობა ყოველთვის იყო და არის არქიტექტურის მთავარი საზრუნავი. იგი ტექნოლოგიების კვალდაკვალ ვითარდება. ვფიქრობ, არქიტექტურის განვითარებისთვის კონსტრუირების საშუალებების შესაძლებლობები და მათი ხელმისაწვდომობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. თაღი, გუმბათი, კარკასი, სივრცითი, ბაგირებიანი ან გასაბერი კონსტრუქციები მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა განაშენიანების სახეს. დღეს უკვე სამგანზომილებიანი პრინტერებით იგება კონსტრუქციული ქსოვილი, რაც, შესაძლოა, მასშტაბური გარღვევის წინაპირობა გახდეს.
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს არქიტექტურის სფერო და როგორ სტილს ენიჭება უპირატესობა?
არქიტექტურული ნაწარმოების გარემოსთან შერწყმისა და შემოქმედისა და საზოგადოების ესთეტიკური ხედვის შეთანხმების საკითხი ყოველთვის სადავო იყო. ეს თემა განსაკუთრებით სუბიექტურია. შედეგი დამოკიდებულია შემოქმედისა და საზოგადოების კულტურული მზაობაზე. არქიტექტურული საქმიანობის სფეროში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი. კანონმდებლობითაა დასადგენი არქიტექტორთა კავშირის წევრების უფლება-მოვალეობები საზოგადოებისა და დამკვეთის წინაშე, რისთვისაც აუცილებელია, შეიქმნას ევროპულ ანალოგებთან უნიფიცირებული პროფესიული კავშირი. რაც შეეხება პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მიმაჩნია, რომ ისინი დროებითია და საყოველთაო წესრიგის დადგომისთანავე მოწესრიგდება. სიდუხჭირისა თუ სხვა მიზეზების გამო მავნე ტრადიცია ჩამოყალიბდა: ვინც იხდის, ის უკვეთს. უსახურმა არქიტექტურულმა მემკვიდრეობამ გამომსახველობისადმი გამძაფრებული წყურვილი გამოიწვია. პასუხად გაზვიადებული ექსტრავაგანტურობა მივიღეთ, რაც, ვიმედოვნებ, დროებითია და მალე დავიწყებას მიეცემა. მოხელეებმა თითქმის სრულად უგულებელყვეს პროფესიული აზრი არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარების შესახებ, რაც მეტად საზიანოა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მართვის სადავეები დაბალი ინტელექტის მქონე პირებს უპყრიათ.
რაც შეეხება სტილს, ვფიქრობ, ტრადიციული სტილები უკვე ისტორიის ნაწილია. გლობალიზაციის პირობებში, რეგიონული იდენტურობის აქტუალობის კლების კვალობაზე, სტილისტური ეკლექტურობა გავრცელდა, თუმცა, ამის მიუხედავად, იკვეთება ცალკეულ ოსტატთა ინდივიდუალური ხელწერაც. მხოლოდ რამდენიმე განსაკუთრებით დაწინაურებული ან ნაციონალისტურად განწყობილი ქვეყანა ინარჩუნებს საერთო ნიშან-თვისებებს. ცალკეული ოსტატები ახერხებენ თვითდამკვიდრებას, თუმცა, ისინიც არ არიან ყოველთვის თანმიმდევრულები.
როგორი არქიტექტურა მოგწონთ და რომელ არქიტექტორულ ობიექტებს გამოარჩევდით?
გასული საუკუნის დიდოსტატებიდან გავიხსენებდი ფრანკ ლოიდ რაიტს, ლე კორბუზიეს, ლუის კანს და ანტონიო გაუდის. დღესაც აგრძელებენ საქმიანობას ნორმან ფოსტერი და რენცო პიანო. ამ უკანასკნელმა რიჩარდ როჯერსთან ერთად ჯერ პარიზის ცენტრში, ბობურგის მოედანზე მდებარე ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრის დიზაინი შექმნა, რითაც, ფაქტობრივად, მაღალი ტექნოლოგიების სტილი, ე. წ. ჰაიტეკი დაამკვიდრა, შემდეგ კი, სრულიად სხვა კონცეფციაზე დაყრდნობით, ოკეანიის ეთნოგრაფიული მუზეუმი ააგო.
ნამდვილი შედევრი მასთან უშუალო შეხვედრით ამოიცნობა. მქონდა ბედნიერება, ჩემი თვალით მენახა კორბუზიეს სახელისუფლო კომპლექსი ჩანდიგარხში და გუგენჰაიმის მუზეუმი ნიუ-იორკში. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ლუის კანის სამმართველო ინსტიტუტმა ახმადაბადში, სტერლინგის შტუტგარტის მუზეუმმა, გაუდის დიდებულმა „წმინდა ოჯახის ტაძარმა“ ბარსელონაში და მის ვან დენ როეს სიგრამის შენობამ.
აღგვიწერეთ თქვენი შემოქმედებითი პროცესი.
ბოლო პერიოდში პროექტებზე ნაკლებად ვმუშაობ, უფრო სტრუქტურული და სივრცითი წესრიგი მაინტერესებს. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, როგორი იქნებოდა კოსმოსის არქიტექტურა. როგორც წესი, შთაგონების წყარო ჩემი ფესვებია – ალაზნის ველის გარშემო მოხდენილად ამართული ალავერდის წერწეტა ტაძრით დამშვენებული განაშენიანება, რაც ჩემთვის ფუნქციური და ესთეტიკური დახვეწილობის ნიმუშია; რომ აღარაფერი ვთქვათ ვარძიასა და ხერთვისზე, ზემო თმოგვსა და მესხურ ტერასებზე.
ჩემ მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე აუზების კომპლექსს, რომელიც ისე დაპროექტდა, რომ ორდონიანი საინტერესო სცენოგრაფიული სივრცე მიგვეღო. მოგვიანებით კომპლექსი დაანგრიეს და იქ საცხოვრებელი უბანი გააშენეს, რამაც გული დამწყვიტა. ალბათ, ამ ობიექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ამის გამო გამიჩნდა. ზოგადად, ჩემს შემოქმედებაზე საუბარი მიჭირს. ერთადერთი რამ, რაც ყოველთვის მინდა, ისაა, რომ ჩემი ნახელავი ლამაზი იყოს და ბუნებასთან ჰარმონიულად თანაარსებობდეს. მუშაობის დროს ყოველთვის მაგონდება ხოლმე ლუის კანის ფრაზა: „როცა გვგონია, რომ რაღაცას ვქმნით, ვპოულობთ იმას, რაც უკვე არსებობს“. ასევე, მაინტერესებს, როგორ აფასებენ ახალგაზრდები ჩვენი თაობის დანატოვარს და ვისურვებდი, ჩვენსა და მათ შორის კომუნიკაცია უფრო ინტენსიური იყოს…