ავსტრალიელი არქიტექტორი — გლენ მერკატი, რომელიც ინოვაციური, კლიმატისადმი მგრძნობიარე კერძო სახლების დიზაინის შექმნით არის ცნობილი, 1936 წლის 25 ივლისს ლონდონში დაიბადა. მან ბავშვობის ნაწილი ახალი გვინეის რაიონში — მორობში გაატარა. ეს იყო ადგილი, სადაც მერკატმა საკუთარ თავში მარტივი, პრიმიტიული ხალხური არქიტექტურის მიმართ პატივისცემა განავითარა.
არქიტექტურისადმი გლენის მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, მამამ მას ლუდვიგ მის ვან დერ როეს ნამუშევრები და ჰენრი დევიდ ტოროს ფილოსოფია გააცნო. არქიტექტორმა დიდი ყურადღებით შეისწავლა ისინი და მიიღო დიდი შთაგონება, რაც მოგვიანებით მის პროექტებში აისახა.
გლენ მერკატი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და 1961 წელს არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. სწავლის დამთავრების შემდეგ გლენმა ორი წლის განმავლობაში იმოგზაურა და 1964 წელს დაბრუნდა სიდნეიში, სადაც არქიტექტურულ ფირმასთან 8 წლის მანძილზე ითანამშრომლა მანამ, სანამ საკუთარ პრაქტიკას დაარსებდა. ბევრი სხვა პრაქტიკოსი არქიტექტორის მსგავსად, გლენ მერკატიც ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, როგორც არქიტექტურის პროფესორი.
მიუხედავად იმისა, რომ გლენი, მუშაობს ავსტრალიაში, მან რამდენიმე სამაგალითო ნამუშევარი შექმნა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გლენ მერკატის ნამუშევრები ძირითადად ცნობილია ეკოლოგიურად მგრძნობიარე დიზაინით, რომელსაც თან ახლავს გამორჩეული ავსტრალიური სული. მის არქიტექტურულ სტილს დროთა განმავლობაში დიდი ევოლუცია არ განუცდია. გლენი ძირითადად ყურადღებას ამახვილებს საცხოვრებელ პროექტებზე და წარმოაჩენს მოდერნისტული მიდგომის, ტრადიციული მგრძნობელობის, ხალხური ოსტატობის, მშობლიური სტრუქტურებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბუნების პატივისცემის დაბალანსებულ ნაზავს. არქიტექტორი ყოველთვის ცდილობდა, შენობებსა და მიმდებარე ღია სივრცეებს შორის ჰარმონია დაემყარებინა. გლენი მუდამ ქმნიდა ძალიან ეკონომიურ და მრავალფუნქციურ შენობებს, ფუნქციონალურობის თვალსაზრისით რაიმე კომპომისების გარეშე.