ეს სახლი მხატვარ და არტთერაპევტ გოგა ჯაფარიძეს ეკუთვნის და ის სოფელ ქუბრიანთკარში მდებარეობს (ბულაჩაურის აგარაკების გაგრძელება). როგორც ჩვენი რესპონდენტისგან ვიგებთ, ის ამ ადგილას წლების წინ ყოველ ზაფხულს ისვენებდა დეიდის აგარაკზე. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული შენიშნეს ჯაფარიძეებმა ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელიც გასაოგნებელი ხედისა და სივრცული პანორამის გამო, მალევე მათი ინტერესის ობიექტი გახდა. საბოლოო ჯამში კი ისე მოხდა, რომ ოჯახმა აღნიშნული ნაკვეთის მეპატრონე იპოვა და 2010 წელს მისგან ეს ქონება შეიძინა.
ახლად შეძენილ ნაკვეთში მეპატრონეებს დახვდათ გადაუხურავი პირველი სართული, რომელიც აგებული იყო ციკლოპური საბჭოთა ბეტონის ბლოკებით. ტერიტორია კი თითქმის დაფარული იყო მაყვლისა და ასკილის ვარდის “ჯუნგლებით”.
როგორც გოგა ჯაფარიძე გვიამბობს, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებში მათ გაუმართლათ იმ თვალსაზრისით, რომ ადგილობრივები საკმაოდ კარგი ხელოსნები აღმოჩნდნენ და ბევრ საქმეში მათი დახმარებით ისარგებლეს.
“ერთი მხრივ, ეს ბევრად მარტივი იყო ფინანსურად, ხოლო მეორე მხრივ, ისინი ჩვენს გიჟურ იდეებს არ ეწინააღმდეგებოდნენ და საკუთარ ხედვებს არ გვახვევდნენ თავზე (როგორც უმეტესად ხდება ხოლმე ხელოსანთან ურთიერთობაში),’- გოგა ჯაფარიძე
რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ამ მხრივ მეპატრონეებს პროფესიონალის მომსახურებით არ უსარგებლიათ და სივრცე სრულად საკუთარი ხედვებით მოაწყვეს.
“ჩვენ არ გვყოლია დიზაინერი და არქიტექტორი, მე და ჩემი მეუღლე ვიყავით მუშებიც, დამლაგებლებიც, არქიტექტორებიც და დიზაინერებიც. ეს პროცესი მუდმივად გრძელდება, დღესაც არაფერი დამთავრებულა, საკეთებელი მუდმივადაა სააგარაკე სახლში და ეს მოგვწონს კიდეც, მუდმივ აქტივში გვაქვს კრეატიული ენერგიები და ეს (მითუმეტეს, რუტინულ საშუალო ასაკში) ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.
როცა ამ ნაკვეთს ვუყურებდი და პროექტზე ვფიქრობდი, წარმოსახვაში უკვე ვხედავდი დასრულებული ნაგებობის ფორმას. სწორედ ასეთი გამოვიდა საბოლოოდ, მისი საერთო კონფიგურაციით. ჩვენ არ გვიფიქრია ლამაზი ინტერიერის შექმნაზე, ჩვენ სულ გვინდოდა ცხოვრება ისეთ ინტერიერში, რომელიც შეგვიქმნიდა სასიამოვნო ფონს და არა პირიქით – ჩვენ არ უნდა ვყოფილიყავით ინტერიერის ფონი, როგორც მაგალითად, საქართველოში ხდება ხოლმე: თუ გადაჯდები 100000 დოლარიან მანქანაზე, იქ შენ მომენტალურად იქცევი მანქანის ფონად და არა პირიქით.”
მიუხედავად იმისა, რომ ყველა სამშენებლო-სარემონტო სამუშაო ხელოსნებმა შეასრულეს, სახლში არსებული ნივთების უმეტესობა გოგა ჯაფარიძისა და მისი უფროსი შვილების შემოქმედებაა.
“მთავარი კონცეფცია იყო, რომ მეორადი ნივთებისათვის მიგვენიჭებინა ახლი კონტექსტი და სიცოცხლე, ან მეორადი მასალებისაგან აგვეწყო ესა თუ ის ნივთი, ამ შემთხვევაში ნივთებს ექმნებათ საკუთარი ისტორიები და მგონი ნივთების ასეთი გაცოცხლებული ენერგეტიკა ქმნის სულიერი განტვირთვის და დასვენების ნაყოფიერ სივრცეებს.”
სხვადასხვა საინტერესო ხელნაკეთ ნივთთან ერთად, ინტერიერში ყურადღებას იქცევს კიბის უჯრედის გადაწყვეტა, რომელიც ოდესღაც თბილისის რომელიღაც სანიაღვრის ცხაური იყო. ის გოგა ჯაფარიძემ შემთხვევით იპოვა ერთ-ერთი ჯართის პუნქტში და მაშინვე შეიძინა.
აქვე გვხვდება მხატვრის ინსტალაციიდან მორჩენილი ფიცრებისაგან შექმნილი გასაგორებელი კარი, რომელიც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს.
ასევე საკმაოდ საინტერესოა გოგა ჯაფარიძის უმცროსი შვილის მიერ ქვიშაქვაში გათლილი პატარა ხელსაბანი ნიჟარა.
“მაქვს ერთი უცნაური ჩვევა: როდესაც რამეს ვაკეთებ, შემოქმედებითად უნდა გავაკეთო. ეს არ არის ამბიცია, არამედ ეს არის უფრო მიდრეკილება, რომელიც თავისით არსებობს ჩემს ქცევაში და რაღაც მომენტში, დამღლელიც კი არის – როდესაც შეიძლება ესა თუ ის უმნიშვნელო საქმე უფრო სწრაფად და პრაგმატულად გააკეთო, ჩემში რაღაც ნაწილი იწყებს ესთეტიკისა და საქმის გადაჭრის არასტანდარტულ-კრეატიულ ხერხების ძიებას.
ვფიქრობ, დიზაინს და მხატვრობას აქვთ გადაკვეთის წერტილები, თუმცა მე არ მიყვარს დიზაინი მხოლოდ ესთეტიკისათვის, რამდენადაც ლამაზი არ უნდა იყოს ის! ხშირად ასეთი ინტერიერები გონებით მოფიქრებულია და ამის გამო, ისინი მკვდარია. მიმაჩნია, რომ ის დიზაინია ფასეული, სადაც საგნები თავის ისტორიებს ჰყვებიან, მაგრამ არ გაწუხებენ, მუდმივად წინა პლანზე არ მორბიან და ამასთან ერთად, თავიანთ ფუნქციურობას მკაცრად ინარჩუნებენ.
ჩვენს სახლს “გნომების სახლს” ვეძახით თავისი გარე კონფიგურაციისა და პატარა გაბარიტების გამო. ის ძალიან პატარაა (სულ რაღაც 90 კვ/მ), მაგრამ ისეა დაგეგმარებული, რომ ძალიან ბევრ სტუმრებს იტევს ღამისთევით. ჩვენი მეგობრები კი მას „აი – აი“ სახლს ეძახიან. წლების მანძილზე, სანამ მას ვაშენებდით, არავის ვაჩვენებდით, ხოლო როცა სამხედრო გზაზე გავივლიდით მეგობრებთან ერთად, ვიძახდით: აი-აი, ჩვენი სახლი იქ არის. ასე შერჩა ეს სახელი. გეგმაშიც გვაქვს, რომ სახლს გარედან შევუქმნათ საინტერესო კერამიკული სტენდი ამ სახელით, – გოგა ჯაფარიძე
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე