დღევანდელ ინტერვიუში არქიტექტორ გოგიკო საყვარელიძეს გავესაუბრეთ, რომელიც არქიტექტურული კომპანია „MUA Architecture & Placemaking“-ის თანადამფუძნებელია. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მისი და არქიტექტურის ურთიერთობა შედარებით გვიან დაიწყო, ამიტომ თავდაპირველად სრულიად სხვა განხრით მიიღო განათლება, თუმცა ხელოვნების, მხატვრობისა და შემოქმედებისადმი ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა. არქიტექტურით დაინტერესებამ მალევე პროფესიული სახე მიიღო, რასაც დღემდე ერთგულად ემსახურება და თითოეულ პროექტს დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ასრულებს. დღეს ჩვენთან ინტერვიუში გოგიკო კარიერულ გზას იხსენებს და მის გამორჩეულ პროექტებს გვიზიარებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში დიდი მნიშვნელობის მატარებელია და არქიტექტურული თუ კულტურული მახასიათებლებით გამორჩეულ ადგილს იკავებს.
გოგიკო, როგორ დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება არქიტექტურას?
მართალი გითხრათ, ბავშვობამ დიდად არ იმოქმედა ჩემს პროფესიულ კარიერაზე. მხოლოდ მოგვიანებით გადავწყვიტე არქიტექტორი გავმხდარიყავი. თუმცა ყოველთვის მიტაცებდა ხელოვნება, მიყვარდა მხატვრობა და მუსიკა. გამუდმებით ძიების პროცესში ვიყავი და ვცდილობდი, გამეგო რა სფერო მომწონდა ყველაზე მეტად. თავდაპირველად პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ საერთოდ არ მაინტერესებდა, რასაც იქ ვსწავლობდი და ვაკეთებდი. ერთხელ სახლში ოჯახის მეგობარი არქიტექტორი და შემდგომში ჩემი პედაგოგი, ხათუნა ოჩიაური გვესტუმრა. სწორედ მან გამიჩინა არქიტექტურის ინტერესი. ამ სფერომ ძალიან მომხიბლა და გამიტაცა. შეიძლება ითქვას, რომ აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა არქიტექტურასთან.
თქვენი განვლილი კარიერული გზიდან რომელ მნიშვნელოვან ეტაპებს გამოყოფდით?
ხშირად გვეცინება მე და ჩემს პარტნიორს, თუ როგორ მოვედით აქამდე. ხანდახან მავიწყდება კიდეც, რომ ახლა 30 კაციან გუნდს და წარმატებულ ორგანიზაციას ვხელმძღვანელობთ. ამ პროფესიის არჩევისას იმდენად დიდი სურვილი მქონდა, გამოცდილება მიმეღო, რომ მესამე კურსიდან მუშაობა დავიწყე. ყველაზე დიდი გამოცდილება და კარიერული წინსვლა კი კომპანია „Defan“-ში გატარებულ პერიოდს უკავშირდება.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არქიტექტურული სტანდარტები საკმაოდ დაბალი იყო. ვგულისხმობ არა შემოქმედებით მხარეს, არამედ ტექნიკურ ასპექტებსა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. „Defan“-ი კი იყო კომპანია, რომელიც იმ დროისთვის ორივე თვალსაზრისით გამოირჩეოდა და დღემდე საოცრად მადლიერი ვარ მათი, რადგან ამ ორგანიზაციაში ბევრი რამ ვისწავლე.
ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო, როდესაც მთავარ არქიტექტორად მუშაობის შესაძლებლობა მომეცა ერთ-ერთ განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროექტზე — საავტომობილო გზების სამინისტროს რეკონსტრუქციაზე, რომელიც ახლა საქართველოს ბანკის სათავო ოფისია. ობიექტი მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდებოდა, რადგან შენობა, რომელიც 70-იან წლებში აშენდა, თანამედროვე საოფისე მოთხოვნებთან შეუსაბამო იყო. მუშაობის პროცესში მრავალი ინფორმაცია მოვიძიე შენობის შესახებ, თუ როგორ იყო დაპროექტებული, როგორი იყო მისი დიზაინი, შენობის მიღმა არსებული ფილოსოფია, პროექტის ავტორის შემოქმედებითი ხედვა და მშენებლობის პროცესში არსებული გამოწვევები, რამაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავა ჩემი სიყვარული ამ ნამუშევრის მიმართ. მიმაჩნია, რომ ნაგებობა ქართული მოდერნიზმის სახეა და მას მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტად ვთვლი.
გამოცდილების დაგროვების შემდეგ, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგა, პარტნიორებთან ერთად, საკუთარი კომპანიის დაარსება გადავწყვიტე, რომელიც დღეს „MUA Architecture & Placemaking“-ის სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება ჩემი დამოუკიდებელი შემოქმედებითი კარიერა.
ჩვენი პირველი პროექტი თბილისის პროკურატურის შენობა გახლდათ, რომელიც ჩვენნაირი ახალბედა არქიტექტორებისთვის საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა. შენობა სრულად ლითონის კონსტრუქციით იყო დაპროექტებული, რაც რკინა-ბეტონთან შედარებით, სიახლე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტზე მუშაობა “გიჟურ თავგადასავლად” გვექცა, საკმაოდ კარგად გავართვით თავი და საბოლოოდ, დავასრულეთ საქართველოსთვის უნიკალური კონსტრუქციის მქონე შენობა. ამას მოჰყვა არაერთი წარმატებული პროექტი ჩვენს შემოქმედებაში, როგორებიცაა ლაზიკის იუსტიციის სახლი, ოზურგეთის იუსტიციის სახლი და კიდევ ბევრი სხვა.
რომელია თქვენთვის გამორჩეული პროექტი?
ყველა პროექტი მიყვარს, რადგან თითოეული მათგანი ჩემს კარიერასა და შემოქმედებაში განვითარების ცალკეულ ეტაპს წარმოადგენს. თუმცა, მაინც გამოვყოფდი „Fabrika“-ს, რომელზეც დიდი ხანი ვფიქრობდით და მიხარია, რომ მისი განხორციელება შევძელით. დღეს „Fabrika“ არ არის მხოლოდ არქიტექტურული ნაგებობა. არქიტექტურის მიღმა მას აქვს დიდი მნიშვნელობა და ბევრად მეტს მოიცავს — მან შეცვალა ქალაქის სტრუქტურა, ეკონომიკა, ხალხის აზროვნება. როგორც არქიტექტორს, მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარმატებული პროექტია და ვამაყობ, რომ ამ გზით შევიტანეთ წვლილი თანამედროვე თბილისის განვითარებაში.
ვისაუბროთ თქვენი მუშაობის პრინციპებსა და შემოქმედებით პროცესზე. როგორ გებადებათ იდეა და რა არის ნამუშევრის შექმნისას ყველაზე მთავარი?
იდეა არქიტექტურაში ბევრი რამისგან შეიძლება გამიჩნდეს. შთამაგონებს მოგზაურობა, მუსიკა, ფოტოგრაფია, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, გამოცდილი არქიტექტორების მოსმენა, მათი ნამუშევრების შესწავლა… პროექტზე მუშაობისას ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შენობა იყოს ფუნქციური, ეფექტური და რაც მთავარია, იმყოფებოდეს საინტერესო დიალოგში გარემოსთან და კონტექსტთან. საბოლოო ჯამში, ჩემი მიზანია, შეიქმნას ისეთი სივრცე, რომელში გადაადგილებაც ადამიანისთვის ერთგვარი მოგზაურობა იქნება.
როგორ შეაფასებდით თქვენს პროფესიას და როგორია, თქვენი აზრით, მომავლის არქიტექტურა?
არქიტექტურა მულტიდისციპლინური, კრეატიული, რთული, შრომატევადი და საინტერესო საქმეა, რომელიც გამოწვევებითა და პრობლემებით არის აღსავსე (როგორც ეერო საარინენი ამბობდა, „The purpose of architecture is to shelter and enhance man’s life on earth and to fulfill his belief in the nobility of his existence“ ). მუშაობის დროს ხშირად გგონია, რომ პრობლემა მოაგვარე, თუმცა მალევე წააწყდები მეორეს, ეს პროცესი კი დაუსრულებელია, ამიტომ არქიტექტურას თან ახლავს სირთულეები. თუმცა, ჩემთვის ყოველივე ზემოთქმული განასახიერებს სიყვარულს, ვნებას და ცხადია, ამ პროფესიისადმი ერთგულებას.
მომავლის არქიტექტურა დაკავშირებულია ტექნოლოგიებთან, რომელსაც ადამიანთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს. ჩემი აზრით, ტექნოლოგია საშიში არ არის. პირიქით, ის აუცილებელია განვითარებისთვის და გვეხმარება, რომ მეტად საინტერესო გახდეს სამუშაო პროცესი. წარსულში ასობით ადამიანი ხელით ამრავლებდა ნახაზს, დღეს კი ყველაფერს პრინტერი აკეთებს. მომავლის არქიტექტურა აუცილებლად მოიაზრებს ტექნოლოგიებს, რომელიც ადამიანთა საქმეს ჩაანაცვლებს. პროექტების უმეტესობა შესრულდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც ადამიანსა და მის შემოქმედებითობას უფრო ექსკლუზიურს გახდის. მე მაინც მჯერა, რომ სანამ პრინტერები და რობოტები საკუთარ ამოცანას ასრულებენ, პირადი კონტაქტები და ურთიერთობა აუცილებელია. შესაბამისად, ადამიანთა ურთიერთქმედება შეუცვლელი დარჩება.
გაგვიზიარეთ თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე საქართველოში ბევრი მსხვილი პროექტი გვაქვს, მათ შორის სასტუმროები და მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლები. თუმცა მიგვაჩნია, რომ უკვე საკმარისი ცოდნა დავაგროვეთ ძალების საზღვრებს მიღმა გამოსაცდელად. ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთ ერთ-ერთ კონკურსში გავიმარჯვეთ კიდეც და ვაპირებთ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად მუშაობას.
დაბოლოს, რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ გზას?
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ნუ შეეშინდებათ პროფესორების, რომლებიც პირველივე ლექციაზე დათრგუნავენ, რომ არქიტექტურა რთული პროფესიაა და მათგან არაფერი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი სტუდენტობის დღეები ასე დაიწყო. დიახ, ეს მართლაც რთული პროფესიაა, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, მაგრამ მთავარია, გქონდეთ ვნება იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. იყავით ცნობისმოყვარეები და ნუ გახდებით უსარგებლოები. ეცადეთ, ნამდვილად ღირებული საქმე აკეთოთ. ნუ იჩქარებთ საკუთარი საქმის წამოწყებას, დააგროვეთ გამოცდილება და პროცესი აუცილებლად გაჩვენებთ როდის არის შესაფერისი დრო და მომენტი.