მარმარილო და გრანიტი ორივე ბუნებრივი ქვაა, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული ინტერიერსა თუ ექსტერიერში. ისინი ხშირად გამოიყენება სახლის სხვადასხვა ზონების, სამზარეულოს დეტალების, ავეჯის, კიბეებისა თუ ბუხრების მოსაპირკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბუნებრივი ქვა ხშირად ერთსა და იმავა ელემენტებზე გვხვდება, არსებობს გარკვეული განსხვავებები, რომელთა გათვალისწინებაც მათ გამოყენებამდე აუცილებელია. დღევანდელ სტატიაში სწორედ მარმარილოსა და გრანიტის მახასიათებლებზე ვისაუბრებთ და მათ ღირებულებას გაგაცნობთ.
ესთეტიკური მახასიათებლები — ორივე მათგანი დახვეწილი, ელეგანტური და მიმზიდველი დიზაინით ხასიათდება, რაც ინტერიერსა თუ ექსტერიერს ეფექტურ იერს სძენს. თუმცა, გრანიტი და ბაზალტი განსხვავებული ფერებითა და ჩანართებით გვხვდება ბაზარზე. გრანიტს აქვს ერთგვაროვანი სტრუქტურა, მარმარილოს კი უფრო გაშლილი და დანაწევრებული. მარმარილო უმეტესად თეთრ, კრემისფერ და მწვანე ფერშია წარმოდგენილი, გრანიტი კი გავრცელებულია შავი, წითელი, მწვანე და თეთრი ფერის სახით.
გამძლეობა — მარმარილოს აქვს მიკრო ბზარები და გრანიტთან შედარებით, ნაკლებად მტკიცეა. ფარული მიკრო ბზარების გამო, მარმარილო მგრძნობიარეა სიმძიმის მიმართ და ზედაპირის ამომტვრევა ან დალაქავება ახასიათებს. ამიტომ მას ნაკლებად იყენებენ დიდი დატვირთვის მქონე ადგილებში. ასევე, მარმარილო ნაკლებად მდგრადია სითხის მიმართაც. განსაკუთრებით თეთრი ფერის მარმარილო წითელ ღვინოს, ყავასა თუ სხვა მუქი ფერის სითხეებს მარტივად იწოვს და ქვა ლაქავდება. გრანიტი მაღალი სიმტკიცით ხასიათდება, მას არ აქვს მიკრო ბზარები, ამიტომ ლაქებისა და ნაკაწრების მიმართ საკმაოდ მდგრადია.
გამოყენება — გრანიტს მყარი სტრუქტურის გამო აქტიურად იყენებენ მუშა ზედაპირებზე, როგორიცაა სამზარეულოს ზედაპირი, კიბეები, ბუხარი, სასადილო ზონა, იატაკი. ხოლო მარმარილო შედარებით ისეთი ნაკლები დატვირთვის მქონე ადგილებში მოიხმარება, როგორიცაა მცირე ავეჯი, ინტერიერის ელემენტები, სამზარეულოს ფილები, ფანჯრის რაფები და ა.შ. რათა ხშირი გამოყენებისას და დატვირთვისას ქვა არ დაზიანდეს და იერსახე არ შეეცვალოს. ასევე, მარმარილოს გამოყენება შესაძლებელია ბუხრის მოპირკეთებისასაც, თუმცა ის ადგილი, სადაც უშუალოდ წვა მიმდინარეობს, უმჯობესია გრანიტით დამუშავდეს.
დამუშავების ტექნოლოგია — გრანიტიც და მარმარილოც შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავდეს, რათა იატაკსა თუ კიბეზე გადაადგილებისას მოსიარულეებს საფრთხე არ შეექმნას. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში, სპეციალური დამუშავების შემდეგ ქვები მქრქალ იერს იძენს და აღარ პრიალებს. ასევე, მარმარილო იფარება სპეციალური სითხით, რათა ქვამ სითხე ნაკლებად შეიწოვოს და არ დალაქავდეს.
სპეციალისტები გვირჩევენ, მარმარილოს ქვას, მისი მიკრო ბზარებისა და არც თუ ისე მტკიცე სტრუქტურის გამო, ქვემოდან აუცილებლად გავუკეთოთ საყრდენი ზედაპირი, რათა მან სიმყარე შეინარჩუნოს და მარტივად არ დაზიანდეს. მაგალითად, მაგიდის შემთხვევაში, არ არის საკმარისი მარმარილოს ზედაპირი მხოლოდ ოთხ საყრდენ ფეხზე იდგეს. უმჯობესია, მისი ქვედა ფენა სპეციალური, დამატებითი საყრდენი ზედაპირით დამუშავდეს, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და თავდაპირველი იერი. გრანიტი სიმყარისთვის არ საჭიროებს დამატებით მასალას, რადგან მისი სტრუქტურა ისედაც მაღალი სიმტკიცით ხასიათდება. თუმცა, გრანიტთან მიმართებაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სასურველია მისი გამოყენების ფართობი 5 მ2-ს არ აღემატებოდეს, რადგან გრანიტი რადიაციული ქვაა, რამაც გარემოსა და მაცხოვრებლების ჯანმრთელობას შესაძლოა გარკვეული საფრთხე შეუქმნას.
ასევე, დარგის წარმომადგენლების თქმით, უმჯობესია მარმარილოს ტრანსპორტირებისას გავითვალისწინოთ მისი განლაგება და ქვა ვერტიკალურად მოვათავსოთ, რადგან მიკრო ბზარების გამო, როდესაც ქვა სიბრტყეზე დევს, გადაადგილებისას შეიძლება ის მარტივად დაზიანდეს.
რაც შეეხება ღირებულებას, მარმარილოს ფასი, 1 მ2-ის გათვალისწინებით, საშუალოდ, 170-350 ლარია, ხოლო გრანიტის ერთი მთლიანი ფილის ღირებულება (1 მ2) 300 ლარიდან იწყება, მისი ფასი კი იზრდება ფილის სასურველ ზომაზე მოჭრისა და დამუშავების შემთხვევაში.