in

როგორ გავწმინდოთ გრანიტის შავი ნიჟარა?

სამზარეულოს ნიჟარის შერჩევის დროს, დიასახლისების ნაწილი გრანიტის ნიჟარას ანიჭებს უპირატესობას, რადგან მას საკმაოდ დახვეწილი და ელეგანტური დიზაინი აქვს, თუმცა რამდენად ლამაზიც არ უნდა იყოს ის, იმდენადვე რთულია მისი მოვლა, განსაკუთრებით კი შავი ფერის გრანიტის გაწმენდა.

აუცილებელია ნიჟარის გაწმენდა ისეთი საშუალებებით, რომლებიც მას არ დააზიანებს, ამიტომ ამ შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ქიმიური საშუალებების გამოყენებას, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც რაიმე სახის მჟავას შეიცავენ.

გამოიყენეთ ჩვეულებრივი ჭურჭლის სარეცხი სითხე და სველი, რბილი ღრუბელი – მარტივი, ეკონომიური და ეფექტური. გრანიტის ნიჟარის ყოველი გამოყენების შემდეგ, ის აუცილებლად უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. დარწმუნდით, რომ მასში საკვების ნარჩენები არაა, რადგან ისინი გაიხრწნება და ნიჟარაზე ლაქების სახით დარჩება.

ნიჟარის გასაწმენდად მხოლოდ თბილი წყლისა და სარეცხი საპნის გამოყენებაც საკმარისია, ეს ნარევი მოაშორებს ჭუჭყსა და ლაქებს ნიჟარის დაზიანების გარეშე. დარწმუნდით, რომ ნიჟარა სრულიად სუფთაა და მასში არანაირი ნარჩენი არ დარჩა, ამის შემდეგ კი მიეცით გაშრობის საშუალება და მშრალი, რბილი ქსოვილით კიდევ ერთხელ გაწმინდეთ.

შავი გრანიტის ნიჟარიდან ლაქების მოშორება ბევრად უფრო რთული პროცესია, რადგან ასეთი ლაქები მხოლოდ სარეცხ საშუალებებს არ ამოჰყავს. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა ნარევები, რომელთა შემადგენლობაც შავი გრანიტის მასალისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ასევე არსებობს უფრო ხელმისაწვდომი ბუნებრივი საწმენდი საშუალებები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაასუფთავოთ გრანიტი სახლის პირობებში.

ლიმონის წვენი ან ძმრის ხსნარი კარგია ჩაის, ყავის, ჟანგისა და ნადების მოსაშორებლად, ამისთვის საჭიროა დალაქავებული ადგილის ხსნარით გაწმენდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, სანამ არ დარწმუნდებით რომ ზედაპირს ლაქა ნამდვილად მოშორდა.

ხოლო საკვები სოდა, რომელსაც თბილ წყალში შეურევთ, დაგეხმარებათ ნიჟარიდან ნებისმიერი სახის მსუბუქი ლაქების ამოყვანაში. მისი გამოყენების პრინციპი იგივეა რაც ლიმონის წვენის შემთხვევაში და სასურველი ეფექტის მისაღებად მხოლოდ დალაქავებული ადგილის ნარევისა და რბილი ქსოვილის დახმარებით გაწმენდაა საჭირო.

ლაქების ამოსაყვანად კარგი საშუალებაა კბილის პასტაც, რომელიც დალაქავებულ ადგილას უნდა წაუსვათ და რამდენიმე წუთის განმავლობაში დატოვოთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და სარეცხი საშუალებით ჩამორეცხოთ.

ასევე ეფექტურია გაზიანი სასმელებიც, მაგალითად კოკა-კოლა, რომელიც გრანიტს ჟანგს და მსგავსი სახის ნადებს აცილებს.

რა თქმა უნდა, არსებობს ხსნარებიც, რომლებიც სპეციალურად გრანიტის ნიჟარის საწმენდადაა შექმნილი, თუმცა ზოგიერთი მათგანი ისეთ ქიმიკატებს შეიცავს, რომლებიც ნიჟარის ფერს აზიანებს, ამიტომ აუცილებელია მათ შეძენამდე პროფესიონალებთან კონსულტაციის გავლა. ლაქების ამოსაყვანად უმჯობესია ისეთი ხსნარების შერჩევა, რომლებიც ამიაკის მჟავას შეიცავენ.

გაითვალისწინეთ, რომ შავი გრანიტის ნიჟარის გაწმენდა მხოლოდ იმ სარეცხი საშუალებებით შეიძლება, რომლებიც სამზარეულოს ზედაპირისა და ჭურჭლის გასაწმენდად არის შექმნილი.

„ლისი ტრიო“ — მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებისთვის ყველა საჭირო სივრცეს აერთიანებს

ტყეში ჩაფლული სახლი ეკვადორში – FB+ estudio-ს ნამუშევარი