in

გუსტაფ ვესტმანი – შვედი დიზაინერი გამორჩეული სტილითა და შემოქმედებით

სტოკჰოლმის დიზაინის კვირეული უამრავი ახალი ნიჭიერი დიზაინერის ტალღამ მოიცვა, რომელთა შორის გამორჩეულია დიზაინერი გუსტაფ ვესტმანი, რომელიც, საკუთარ ნამუშევრებს სკანდინავიურ ესთეტიკასა და სტილს ანიჭებს. ვესტმანმა უკვე დაიკავა საპატიო ადგილი მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების სიაში. მისი გამორჩეული ნამუშევრები ეწინააღმდეგება მდუმარე და მოსაწყენი ავეჯის დიზაინს. იქნება ეს მაგიდა, სკამი, სანათი თუ ტიხარი, თითოეული ობიექტი სავსეა ფერებით, მასალით, მხიარული ატმოსფეროთი და სტილით, რომელიც უმალვე იპყრობს მნახველთა ყურადღებას.

„ჩვეულებრივ, ჩემს დიზაინს აღვწერ როგორც მარტივად გასაგებს. ეს არის მარტივი ელემენტების ერთობლიობა, რომელიც აგებულია კონკრეტულ იდეაზე“, – ასე აფასებს დიზაინერი საკუთარ შემოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ გუსტაფ ვესტმანის სტუდია 2020 წელს დაარსდა და ფოკუსირებულია ავეჯზე, ინდივიდუალურ ელემენტებზე, კერამიკისა და თიხის ნამუშევრებზე. თითოეული ობიექტი დამზადებულია შვედური ხის ნიმუშებით, ადგილობრივი და მდგრადი წარმოების პროცესის მხარდასაჭერად.

მის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ნამუშევარს – Curvy Mirror-ს, ხშირად ადარებენ ჟან როიერისა და ეტორე სოტსასის ნამუშევრებს. Curvy Mirror-ის წარმატების შემდეგ, ვესტმანმა გააფართოვა თავისი კოლექცია და მოიცვა ექვსი კატეგორია, რომელიც აერთიანებს ყველაფერს, დაწყებული ჭურჭლიდან, დამთავრებული ავეჯამდე.

ვესტმანი დიდ პატივს სცემს 1980-იანი წლების სტილს, საიდანაც, როგორც თავად აღნიშნავს, ხშირად იღებს შთაგონებას. იგი ითვალისწინებს მოდერნიზმის პრინციპებს და აგრძელებს წარსულის გზას არაორდინალური მასალის გამოყენებით და თანამედროვე დიზაინის შექმნით.

დიზაინერის ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია ღვინის მაგიდა, რომელიც თავისი განსხვავებული გარეგნობითა და სტილით გამოირჩევა და დიდ მოწონებას იმსახურებს.

კიდევ ერთი ძალიან დახვეწილი და საინტერესო მოდელია Blob Sofa, რომელიც რამდენიმე განსხვავებულ ფერშია წარმოდგენილი.

თანამედროვე ინტერიერის მოყვარულებისთვის განსაკუთრებით საყვარელი ობიექტია Curvy Table, რომელიც ძალიან უხდება გუსტაფის მიერ შექმნილ Curvy Mirors.

ამავე კოლექციაშია Curvy Bench-იც, რომელიც, სხვა დიზაინების მსგავსად, რამდენიმე სხვადასხვა ფერსა და სტილშია ხელმისაწვდომი.

გამორჩეული და საკმაოდ თამამი სტილის დამსახურებით, ვესტმანის პოპულარობა ყოველდღიურად იზრდება და შესაბამისად, მზარდია მოთხოვნა მის მიერ შექმნილ ავეჯსა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

სიდნეის ოპერის თეატრი – არქიტექტურული ძეგლი, რომელიც “იუნესკოს” მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია

ბუნებასთან სიახლოვის განცდით შექმნილი ბინა კრწანისში — „Kere Design“-ის ნამუშევარი