in

ხელოვნება ჩვენს სახლებში როგორც სულის მთავარი მკვებავი – ინტერვიუ გვანცა კიკალიშვილთან

ხელოვნებას ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავს. მისი სხვადასხვა დარგის ნიმუშები ყოველდღიურად გვხვდება  ქუჩებში, კაფეებში, რესტორნებში, სამსახურებსა თუ ტრანსპორტში. თუმცა ის ადგილი, სადაც ხელოვნების დანახვა ყველაზე მეტად გვახარებს და გვსიამოვნებს, ჩვენივე სახლებია – სივრცე, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. გვანცა კიკალიშვილი ქართული ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმის, Art Inception Georgia-ს დამფუძნებელია,  რომელიც ზედმიწევნით აანალიზებს ხელოვნების, როგორც ფენომენის ყოვლისმომცველობასა და ძალას. Homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს გვანცასთან, სადაც სხვა საინტერესო თემებთან ერთად ის ინტერიერისა და ხელოვნების ჰარმონიულ შერწყმაზეც გვესაუბრა:

გვანცა კიკალიშვილის ფოტოპორტრეტი. ავტორი: ლელი ბლაგანრაროვა

– გვანცა, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ. რას წარმოადგენს Art Inception Georgia პლატფორმა?

Art Inception Georgia არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ცდილობს დაამყაროს ახალი კავშირები ხელოვანებსა და სხვადასხვა აუდიტორიას შორის. შარშან, პანდემიის პირობებში, გლობალურ აუდიტორიასთან მეტი კომუნიკაციის დიდი საჭიროება და შესაძლებლობა დავინახე. სწორედ ამ ახალი შესაძლებლობების, აუდიტორიების მოზიდვას ემსახურება ჩვენი პლატფორმა. მალე უკვე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ვებ-გვერდი, სადაც მარტივი საძიებო სისტემით შესაძლებელი იქნება არტისტებისთვის გლობალური კონკურსების, რეზიდენციების, კონფერენციების და გამოფენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მჯერა, რომ ინფორმაციის დახმარებით მათ მეტი შესაძლებლობაც გაუჩნდებათ, რაც პოზიტიურად აისახება ხელოვანების განვითარებასა და კარიერაზე.

ასევე, გვინდა ვებ-გვერდზე იყოს ნახატების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობაც, რათა ეს პროცესი მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ ახალგაზრდა არტისტებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის.

-ჩვენი მკითხველები ხშირად მოგვმართავენ კითხვით, თუ რომელი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით ჯობია მათი ინტერიერების გამდიდრება. ბუნებრივია, ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია გემოვნებასთან და ფინანსურ საკითხებთან. თუმცა, მაინც საინტერესოა თქვენი, როგორც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანის აზრი. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ მხრივ?

-ეს არის შეკითხვა, რომელზეც არ არსებობს უნივერსალური პასუხი. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ხელოვნების ნამუშევრების ჩვენს სივრცეებში ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია და ძალიან პოზიტიურად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დიახ, ხელოვნება საბაზისო და აუცილებელია, რადგან ის ჩვენს სულს, თვალს, გემოვნებას, ფსიქიკას კვებავს და აღგვაფრთოვანებს, გვაბედნიერებს, ფიქრისკენ გვიბიძგებს, ამდიდრებს ჩვენს წარმოსახვას. ერთი სიტყვით, ხელოვნების ნიმუშების სახლში, სამსახურში, ნებისმიერ სივრცეში ქონა მხოლოდ პოზიტიურად აისახება ჩვენზე. ეს ჩემი დასკვნა არ არის, ამ თემაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული და კონკრეტული ციფრებითაა დადასტურებული.

შოთიკო აფციაურის ნამუშევარი დიზაინერ ქსენია ბრეივოს სახლში

-თქვენი აზრით, რამდენად გამართლებულია ინვესტიცია ხელოვნებაში? 

-თუ დავაკვირდებით მსოფლიო ხელოვნების ბაზარს, ვნახავთ, რომ ხელოვნების ნიმუშებზე ფასები იზრდება და ასე იქნება მომავალშიც. მსოფლიო პანდემიამ და შარშანდელმა წელმა დრამატულად შეცვალა ადამიანების ქცევა და დღეს ონლაინაუქციონები უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ამდენად, ნიმუშების ყიდვაც და გაყიდვაც საერთაშორისო მასშტაბებით ბევრად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდა.

თუმცა, ხელოვნების ბაზარი განსაკუთრებული თავისებურებებითაც ხასიათდება და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე ამ ნიშნების კარგად ცოდნაა საჭირო. როგორც ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე, ყიდვაზე მეტად მნიშვნელოვანია გაყიდვის მომენტი არ გამოგვეპაროსო. თუ უძრავ ქონებას შევადარებთ, ხელოვნების მყიდველების რაოდენობა საკმაოდ შეზღუდულია, ამდენად, ხელოვნების საინვესტიციო ფუნქციით ყიდვამდე დაფიქრებაა საჭირო პროფესიონალის კონსულტაციასთან ერთად.

სახლი ავსტრალიაში, სტუდია State of Kin-ის პროექტი

სწავლის დროს ასევე კარგად დავინახე, როგორ მოქმედებს ბაზარზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ასე რომ, როგორც ყველგან, ხშირად მოთხოვნა ხელოვნების ნამუშევრებზე ხელოვნურად იქმნება. აუქციონების შემთხვევებში, არსებობს სპეციალური პროგრამები, ვებპლატფორმები, სადაც მონაცემები უწყვეტად მუშავდება და მონაცემებზე დაყრდნობით ხდება მოსალოდნელი ფასების განსაზღვრა.

მე, როგორც ხელოვნების მოყვარული, მაინც ესთეტიკური სიამოვნებისთვის ვყიდულობ ნახატებს. ძალიან ცნობილი გამოთქმაა „ხელოვნებამ უნდა მოგიხმოს“, ინგლისურად „art that moves you”. მე მაინც გულის ადამიანი ვარ.

რომ შევაჯამოთ, ბევრი სუბიექტური და ობიექტური გარემოება მოქმედებს ფასზე, რაც ხელოვნებას ასეთ საინტერესოს ხდის.

-რა კრიტერიუმებს უნდა მივაქციოთ ყურადღება ნამუშევრების შეძენისას? რამდენად შესაძლებელია ე.წ. „ამომავალი ვარსკვლავის“ ამოცნობა მხატვარში არაპროფესიონალის მიერ?

-ეს ნამდვილად შესაძლებელია. მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: თვითმყოფადობა/განსხვავებულობა, ნამუშევრის თემატიკა, რა ტექნიკითაა შესრულებული ის, შესრულების ხარისხი, ესთეტიკური მახასიათებლები (ფერი, კომპოზიცია, ვიზუალი). მხატვრის გამოცდილება და კარიერა, რომელიც საკმაოდ პოზიტიურად ზრდის ხოლმე ნამუშევრის ფასს. უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ დიდი კვლევა ჰოლანდიაში ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული მუზეუმების გამოფენების შესახებ და განვსაზღვრეთ ის კრიტერიუმები, რომლებიც ბლოგბასტერ გამოფენებს უნდა ახასიათებდეს. ასე რომ, „ამომავალი ვარსკვლავის“ შემჩნევა ნამდვილად შესაძლებელია.

მახსენდება ახლა უკვე ძალიან ცნობილი თვითნასწავლი ავსტრალიელი მხატვარი ჯორდან კერვიკი (Jordan Kerwick), რომელმაც 2016 წელს სამსახურის დაკარგვის სტრესთან გასამკლავებლად დაიწყო ხატვა, ახლა კი მისი ნამუშევრები ნიუ-იორკისა და ლონდონის გალერეებში იფინება და artsy-ს პლატფორმაზე იყიდება. დარწმუნებული ვარ, მისი ნიჭიერების და თვითმყოფადობის შემჩნევა არავის გაუჭირდებოდა.

ჯორდან კერვიკი საკუთარი ნამუშევრების ფონზე

– შეგიძლიათ დაგვისახელოთ ამ ეტაპზე თქვენთვის გამორჩეული რამდენიმე  თანამედროვე ქართველი მხატვარი? 

-ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საკითხი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხელოვნების შეფასებაზე  ბევრი სუბიექტური და ობიექტური გარემოება მოქმედებს. თუმცა, ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი საყვარელი მხატვრები, რომელთა ნამუშევრების ხილვას დიდი სიხარულით ვისურვებდი ჩემს სახლში და ვფიქრობ, რომ ძალიან გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია ამ ადამიანებს პირადად ვიცნობდეთ და ვმეგობრობდეთ კიდეც მათთან.

ტატო ახალკაციშვილი – სულ მგონია, რომ ტატოს ნახატებს და ჩემ შორის სივრცე არ არის. მის ნახატებს აქვს საოცარი უნარი, წამიერად გაგხადოს იმ სამყაროს ნაწილი. ხშირად ტატოს ნახატების ყურების დროს შემცივებია და პლედი მომიხურავს, იმდენად შეგრძნებების დონეზე მოდის ჩემთან მისი ნამუშევრები.

ტატო ახალკაციშვილის ნამუშევარი

ნიკოლოზ ღოღობერიძე   – ეს მხატვარი ჩემმა მეგობარმა, ქეთი საქარელმა გამაცნო. ნიკოლოზი თვითნასწავლია და ხატვა შარშან, პანდემიის დროს დაიწყო. თავდაპირველად მუყაოზე ხატავდა, ახლა ტილოზე. ისეთი თვითმყოფადი და განსხვავებულია მისი ნახატები, მართლა არავისში შეგეშლება. მგონია, რომ მართლა დიდი მომავალი ელის მას და ის ნამდვილად იტყვის თავის ხმამაღალ სიტყვას.

სალომე ბაუერისალომეს ხმამაღალი, მკვეთრი ფერები, ფორმები, ჩემთვის დიდი მოტივატორია. სულ მგონია, რომ მეც ისეთივე ძლიერი ვარ, როგორც სალომეს გმირები არიან.

სალომე ბაუერის ნამუშევარი

ჩემი შვილი, ანანო ჭაავა – ანანოს 3 წლიდან ხატავს, ჰყავს არაჩვეულებრივი მასწავლებლები და ცოტა სუბიექტურად, მგონია, რომ საინტერესო მხატვარიც იქნება. ანანო იყო, არის და იქნება ჩემი საყვარელი მხატვარი.

ანანო ჭაავა საკუთარი ნამუშევრით
ანანო ჭაავას ნამუშევრები

 

გარეკანის ფოტოს ავტორი: ლელი ბლაგანრაროვა

როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ?

როგორ იქმნება ქართული მოზაიკა „კამარას“ სახელოსნოში