in

რა უნდა გავითვალისწინოთ ჰაერის გამწმენდის შერჩევისას?

ჰაერის გამწმენდი საგრძნობლად უმარტივებს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო პროცესებს ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ შინაური ცხოველები, აწუხებთ ალერგი, მოიხმარენ თამბაქოს, ებრძვიან ჭარბ ტენიანობას და ა.შ. ჰაერის გამწმენდი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იწოვს დაბინძურებულ ჰაერს, ფილტრავს მას და აბრუნებს უკან, უკვე გასუფთავებულ მდგომარეობაში.

ჰაერის გამწმენდები ერთი და იმავე პრინციპით მუშაობენ, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაა და არსებობს უამრავი დეტალი, რომლებიც, სასურველია, გამწმენდის შეძენამდე გაითვალისწინოთ. ამას გარდა, არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია ჰაერის გამწმენდის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.

გამწმენდის მუშაობის პრინციპი იგივეა, რაც კონდიციონერის. მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ოთახის რეგულარული განიავება, დღეში ერთხელ მაინც. მაგრამ ჰაერის გამწმენდის მუშაობის პროცესში, უმჯობესია, ფანჯარა დაკეტილ მდგომარეობაში გქონდეთ, რადგან უკვე გაწმენდილი ჰაერი არ გაიფანტოს და დაბინძურებული ჰაერი ოთახში უფრო მეტად არ გავრცელდეს.

ვის სჭირდება ჰაერის გამწმენდი განსაკუთრებულად და რატომ?

ალერგიის, ასთმის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებში ალერგიის შეტევები შეიძლება გამოწვეული იყოს ცხოველის ბეწვით, მტვრით და სხვა მსგავსი ფაქტორებით, რომელთა გაწმენდა და ოთახიდან გაქრობაც სწორედ ჰაერის გამწმენდის პასუხისმგებლობაა.

ცხოველების მფლობელებს მოწყობილობა გაუადვილებთ სახლის დასუფთავების პროცესს, რადგან ის დაეხმარება მტვერსასრუტს ოთახიდან ბეწვის გაქრობაში.

უსიამოვნო სუნის გასანეიტრალებლად შეგიძლიათ აირჩიოთ ჰაერის გამწმენდის არომატიზებული მოდელი, რომელიც არა მხოლოდ ასუფთავებს ჰაერს, არამედ მას სპეციფიკურ სურნელსაც ანიჭებს.

დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს ჰაერის ცუდი ხარისხის გამო გამუდმებით უწევთ გამწმენდების შეძენა, რადგან გარედან შემოსული მტვერი აზიანებს ავეჯს, ჯდება კედლებსა და ჭერში და მათზე ტოვებს კვალს, რომლის მოშორებაც საკმაოდ რთულია.

რა ტიპის ფილტრები არსებობს ჰაერის გამწმენდში?

კარგ გამწმენდს აქვს ფილტრი, რომელიც თანაბრად ეფექტურია როგორც ბეწვის, მტვრის და მავნე ნაწილაკების მოსაშორებლად, ასევე უსიამოვნო სუნის, გაზისა და სხვა მსგავსი ტოქსინების გასანეიტრალებლადაც.

გამწმენდებში ყოველთვის არის რამდენიმე ფილტრი და მათ „ეტაპებსაც“ უწოდებენ. მაგალითად, „ოთხეტაპიანი ფილტრაცია“ ნიშნავს რომ მოწყობილობაში ოთხი სახის ფილტრია მოთავსებული და შესაბამისად, მისი სიმძლავრე და ეფექტურობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე „ორეტაპიანი ფილტრის“ მქონე გამწმენდისა.

თუმცა, ყველა ფილტრი ერთნაირად სასარგებლო და აუცილებელი არ არის. თუ თქვენ სამრეწველო უბნებიდან მოშორებით ცხოვრობთ, არ გჭირდებათ გაზის ფილტრის მქონე გამწმენდი, რადგან თქვენი მიზანი, ძირითადად, მტვრის ნაწილაკების გაფილტვრაა.

რა როლს ასრულებს თითოეული ფილტრი გამწმენდში?

მექანიკური ფილტრი აშორებს მტვერს, თმას, ცხოველის ბეწვს და ა.შ. ის ყველაზე უხეში ფილტრია, რომელიც არ საჭიროებს ხშირ შეცვლას და კვირაში ერთხელ მისი გაწმენდა სრულიად საკმარისი იქნება.

HEPA ფილტრი ნებისმიერი ეფექტური გამწმენდის შემადგენელი ნაწილია. მისი სახელი იშიფრება როგორც „ჰაერის ნაწილაკების მაღალეფექტური ფილტრი“. ფილტრი შედგება ბოჭკოვანი მასალისგან და გამოიყენება კვამლისა და სხვა უსიამოვნო სუნის გასაფილტრად. ფილტრი რეგულარულად უნდა შეიცვალოს სამი თვიდან ორ წლამდე ინტერვალით, კონკრეტული მოწყობილობის მიხედვით.

ელექტროსტატიკური ფილტრი ქმნის ელექტრულ ველს, რომელიც მუხტავს მასში გასულ მტვერს და ჭუჭყს. ეს არის ჰაერის ნაწილაკებისა და ბაქტერიებისგან გაწმენდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა. ფილტრი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მისი გაწმენდა რამდენიმე დღეში ერთხელ, ნესტიანი ქსოვილითაა შესაძლებელი.

ულტრაიისფერი ფილტრი ბაქტერიებს და ობს ნახშირორჟანგად გარდაქმნის, რაც შემდეგ ისევ იფილტრება და ოთახში სუფთა ჰაერის სახით ბრუნდება. ასეთი ფილტრი რეკომენდებულია ასთმით დაავადებულებისთვის, რადგან ის ხელს უწყობს ალერგენების რაოდენობის შემცირებას. მისი შეცვლა რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ, რადგან ის დროთა განმავლობაში კარგავს გამოსხივების ინტენსივობას.

რა დამატებითი ფუნქციები უნდა გავითვალისწინოთ გამწმენდის შეძენამდე?

ფილტრები გამწმენდის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია მათ შეძენამდე. ესენია: ოთახის ფართობი და ძრავის სიმძლავრე, ხმაურის დონე და დამატებითი ფუნქციები.

სიმძლავრე დამოკიდებულია ჰაერის იმ მოცულობაზე, რომელიც ფილტრში საათის განმავლობაში გადის და ის გამოითვლება ჰაერის სიმაღლის, სიგანისა და სიგრძის გამრავლებით. მიღებული რიცხვი უნდა გავამრავლოთ ოთხზე, რადგან სასურველია, რომ ჰაერმა ფილტრში საათში ოთხჯერ მაინც გაიაროს. ამ გამოთვლის შედეგად მივიღებთ სიმძლავრეს, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენი ოთახის პარამეტრებს.

ხმაურის დონე დეციბელებში იზომება და სტანდარტული ფილტრისთვის ნორმალური დონე დაახლოებით 60 დეციბელია, თუმცა არსებობს 20 დეციბელიანი გამწმენდებიც.

მართვის ფორმები. თანამედროვე გამწმენდების უმეტესობა დისტანციურად კონტროლდება, თუმცა მართვის მოდელებიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგიერთი მოდელი Bluetooth-ის დახმარებით მუშაობს და მისი მართვა მეორე ოთახიდანაა შესაძლებელი, ხოლო ზოგიერთს საკუთარი პულტი მოჰყვება და სამართავად აუცილებელია, რომ პულტი ზუსტად მოწყობილობის სენსორებისკენ იყოს მიმართული.

როგორია ჰაერის გამწმენდების ღირებულება?

გამწმენდის ღირებულება მის სიმძლავრეზე, დიზაინზე, ზომაზე და სხვა ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, მისი ფასი დაახლოებით 600 ლარიდან იწყება და ათასობით ლარამდე იზრდება, თუმცა, არსებობს შედარებით ბიუჯეტური გამწმენდებიც, რომლებიც შეგიძლიათ 300 ლარის ფარგლებშიც შეიძინოთ.

გაითვალისწინეთ, რომ გამწმენდებთან დაკავშირებული რჩევები და აღწერილობები ზოგადია და მოქმედებს ყველა სახის მოწყობილობაზე, თუმცა იმის გასაგებად, თუ რომელი გამწმენდის შეძენა იქნება თქვენთვის უმჯობესი და უფრო მეტად ეფექტური, სჯობს მათ დეტალურ ინსტრუქციებს გაეცნოთ.

რა არის კაქტუსის ტყავი და რა უპირატესობები აქვს მას ცხოველის ტყავთან შედარებით?

იატაკის გათბობა თუ სტანდარტული რადიატორი – როგორ ავირჩიო?