in

ჰაეროვანი ინტერიერი გამორჩეული დიზაინობიექტებით

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, იოანა და ტომ ტასკულებს ეკუთვნით. იოანა ინტერიერის დიზაინერია, ხოლო ტომი სამშენებლო სფეროში მოღვაწეობს. მათ გადაწყვიტეს ძველი სახლის ავეჯის სრულად გაყიდვა და ინტერიერის განახლება. მათი საცხოვრებელი ორ-ოთახიან ბინას წარმოადგენს, რომელიც ჰელსინკიში, XX საუკუნის დასაწყისში აშენებულ კორპუსში მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 160მ2-ია.

იოანამ ინტერიერი ღია ტონებით შექმნა, რომლებიც მუქი ფერის ავეჯთან, მცენარეებთან და სხვა მცირე დეტალებთან შეახამა. ინტერიერი კიდევ უფრო მეტად გამორჩეული გახადა ხედმაც – მისაღები ოთახის ფანჯარა პირდაპირ გადაჰყურებს პარკს, მის იქით კი ზღვისპირა ბულვარი მოჩანს. წყვილმა ამ სახლის შეძენის გადაწყვეტილება მარტივად მიიღო, რადგან ტომი ამ უბანში გაიზარდა და ბავშვობის მოგონებებში დაბრუნება ძალიან სურდა.

ძველი სახლიდან დიზაინერმა მხოლოდ სარკე დაიტოვა, რომელიც ახლა მათ საცხოვრებელში კიდია. ადრე მათ ხელოვნების ბევრი ნიმუში არ ჰქონდათ, ამიტომ დაიწყეს ისეთი ნივთების ძებნა, რომლებიც მნახველებს ძალიან მოხიბლავდა. მაგალითად, სამზარეულოში განთავსებული ნახატი კაროლინა გრუნერის მიერ არის შექმნილი.

სამზარეულოს ძველი ავეჯი ჯერ კიდევ კარგად ფუნქციონირებს, რამაც წყვილის დრო და ფინანსები დაზოგა. The Lampe De Marseille Mini, რომელიც Nemo Lighting-ის მიერაა შექმნილი, სამზარეულოს ნაწილში მყუდრო ატმოსფეროს შექმნას უზრუნველყოფს, მაგიდა Palais Riyal Table-ს სახელით არის ცნობილი და ის Asplund-ის ბრენდს ეკუთვნის, მაგიდის თავზე დამონტაჟებული სანათი Astep-ის ცნობილი მოდელი – Model 2065 Pendant Lamp გახლავთ, ხოლო სკამები Bolia-ს მრავალფეროვან კოლექციას ეკუთვნის.

სამზარეულოს მეორე ნაწილში ვხვდებით შედარებით მცირე ზომის მაგიდას, რომელიც ძირითადად საუზმისთვის გამოიყენება. ქვის კონსტრუქცია Eldestein-ის კოლექციიდანაა, ხოლო სკამები – Menu-ს ეკუთვნის.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ცვლილებები ინტერიერში ერთ ღამეში არ მომხდარა. წყვილს ბინის შესაძენადაც კი საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რადგან ის საჯაროდ გასაყიდად არ იყო გამოტანილი. იოანამ მის შესახებ მეგობრისგან გაიგო და დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა სჭირდებოდა რეალურად და როგორი ინტერიერი შეეფერებოდა გასულ საუკუნეში დაპროექტებულ სახლს.

ბინის სტილი, მოპირკეთებული კარები და იატაკის საფარი არც თუ ისე მიმზიდველი იყო მისთვის. იატაკზე შერეული იყო ლამინატი და პარკეტი, ხოლო სამზარეულოს ნაწილი საკმაოდ მცირე ზომის გახლდათ. ახლა სამზარეულო გაფართოებულია, რაც წყვილმა დამატებითი საძინებლის გაუქმების ხარჯზე შეძლო. ამას გარდა, შეინარჩუნეს ძველებური კარადებიც, თუმცა თითოეული კარი ახლით ჩაანაცვლეს.

სამზარეულოში იოანას უამრავი იდეა ჰქონდა, მათ შორის კუნძულის განთავსებასაც ფიქრობდა, საბოლოოდ კი მრგვალი ბარის მაგიდა შეარჩია, რომელიც იდეალურია დილით ფინჯანი ყავის დასალევად.

სხვა ძირითადი ცვლილებები მოიცავდა საუნისა და საგარდერობე ოთახის გამოყოფას, საუნა სააბაზანოს შემცირების ხარჯზე გაკეთდა, ხოლო გარდერობისთვის იოანამ გაუქმებული საძინებლის სივრცე გამოიყენა, რომლის ერთი ნაწილი სამზარეულოს მიუერთდა, ხოლო დარჩენილი ძალიან მცირე ადგილი ახლა სტუმრების მისაღებ ოთახს წარმოადგენს. აქ განთავსებულია The gravity table lamp-ის ცნობილი ნიმუში, რომელიც Gubi-ს ბრენდს ეკუთვნის.

სახლის ხასიათს, ძირითადად, სადა ფერები განსაზღვრავს, მათ შორის მოთეთრო და მონაცრისფრო ტონალობები. სახასიათო ელემენტების გასაცოცხლებლად სტუმრების ოთახში LIVING-ის The Arum floor lamp-ს, Gubi-ს Epic coffe Table-ს და &Tradition-ის  Little Petra lounge chair and pouf-ს ვხვდებით. ხალიჩა Maricken-ის კოლექციიდანაა.

მთავარ საძინებელში ცალკე ადგილი უჭირავს მცირე ზომის მაგიდას, რომელიც ძირითადად სამუშაოდ გამოიყენება. The Palette JH9 desk ასევე &Tradition-ს ეკუთვნის, ხოლო პატარა სკამი – MENU-ს. აქვეა Gio Ponti-ის კლასიკური  F.A. 33 სარკე.

საწოლის თავზე Jeaninne Karlsson-ის ნახატი გვხვდება, გვერდით კი Gubi-ს  TS table არის განთავსებული.

წყვილმა ყველა ოთახში მსგავსი მუხის პარკეტის იატაკის საფარი შექმნა, რომელიც 45 გრადუსიანი კუთხით არის განლაგებული, რაც V-ს ფორმის შაბლონურ წყობას ქმნის.

სააბაზანოში იოანამ Gubi-ს IOI mirror განათავსა, რომელიც Juhan Mikone-ს მიერ შექმნილი კარადის თავზეა დაკიდებული. საშხაპე ზონა Tapwell-ს ეკუთვნის. სააბაზანოს ნაწილში თითოეული მილი ჩაშენებულია სხვადასხვა სტრუქტურებში.

ნეიტრალური ტონები სახლს დახვეწილსა და ჰაეროვანს ხდის. წყვილმა ავეჯის თითოეული ნიმუში საგულდაგულოდ შეარჩია, რათა სახლში ზედმეტი არაფერი ყოფილიყო. თუმცა, როგორც თავად ამბობენ, ამ პროექტზე გაჩერებას არ აპირებენ და მომავალში ცვლილებებს კიდევ განახორციელებენ.

7 თამამი ფერი ინტერიერში, რომლებიც 2024 წელს განსაკუთრებით პოპულარულია

შთამაგონებელი იდეები სასაუზმე კუთხის მოსაწყობად