in

ჰანს ვეგნერი – დანიური დიზაინის კაშკაშა ვარსკვლავი

ჰანს ვეგნერი (1914-2007) ტიპური მაგალითია ისეთი ადამიანისა, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა. ფეხსაცმლის მწარმოებლის შვილი 14 წლის ასაკში ადგილობრივი დურგლის შეგირდი გახდა და პირველი სკამის ზედაპირისთვის დედის მიერ შეკერილი ფარდები გამოიყენა. რამდენიმე წლის შემდეგ, ახალგაზრდამ საკუთარი სახელოსნოს გახსნა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ მოასწრო – ის ჯარში წაიყვანეს. მას კოპენჰაგენში მსახურების შანსი მიეცა. იქ ჰანსი ეწვია ავეჯის ყოველწლიურ გამოფენას, რომელიც დურგლების გილდიის მიერ იყო ორგანიზებული და სწორედ იქ მიხვდა, რომ საკუთარი ბიზნესის წამოწყება ჯერ ადრე იყო და ჯერ მეტის სწავლა იყო საჭირო.

1920-იანი წლების შუა პერიოდიდან დანიაში ავეჯის დიზაინში ვითარდებოდა განსაკუთრებული ეროვნული სტილი, რომელსაც მოგვიანებით დანიური მოდერნიზმი უწოდეს. მისი წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ბაუჰაუსის რაციონალიზმი ავეჯის დამზადების ხალხურ ტრადიციებთან გაეერთიანებინათ. ვეგნერი დედაქალაქის ავეჯის მწარმოებლების იდეებმა გაიტაცა, შედეგად, ხელოვნებისა და ხელოსნობის სკოლაში (მოგვიანებით დანიის სამეფო სახვითი ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია) ჩააბარა. 1938 წელს მან თავად მიიღო დურგლების გამოფენაში მონაწილეობა, ხოლო 1940 წელს დანიის სიდიდით მეორე ქალაქ ორჰუსში, საკონცერტო დარბაზისთვის ავეჯი დაამზადა. მშენებლობას ხელმძღვანელობდა კიდევ ერთი ცნობილი დანიელი – არნე იაკობსენი, საკულტო Egg და Swan სკამების მომავალი ავტორი.

Bull Chair (მარჯვნივ) და მისი ალტერნატივა ქალებისთვის – Queen Chair

1930-იან და 1940-იან წლებში ყველა დანიელი დიზაინერი დურგლებთან ერთად მუშაობდა. თითოეულ ავტორს ჰყავდა თავისი ოსტატი, რომელიც ხეზე მუშაობის სირთულეში ერკვეოდა, გრძნობდა მასალას და დიზაინერს ყველაზე გაბედული იდეების რეალიზებაში ეხმარებოდა. ვეგნერი „თავის“ დურგალს 1940 წელს შეხვდა. ეს იმ დროისთვის უკვე ცნობილი ოსტატი – იოჰანეს ჰანსენი იყო. მასთან ერთად ვეგნერმა თავისი საუკეთესო ნამუშევრები შექმნა.

1943 წელს მან საბოლოოდ გახსნა საკუთარი ბიზნესი, როგორც ამაზე ოცნებობდა, მაგრამ არა ხუროს სახელოსნო, არამედ – დიზაინის ბიურო. თუმცა, ის არა მხოლოდ ესკიზებს ქმნიდა, არამედ ხელსაწყოებითაც სიამოვნებით მუშაობდა. ომის დროს, როდესაც ახლობლებისთვის საჩუქრებს ვერსად ყიდულობდა, ვეგნერი მათთვის ავეჯს ამზადებდა. ასე გაჩნდა საბავშვო ავეჯის ნაკრები, რომელიც მან საშობაოდ, თავისი ერთ-ერთი მეგობრის შვილისთვის – პატარა პეტერისთვის გააკეთა. ეს ნაკრები Carl Hansen&Søn-ის მიერ, Peters Table&Chair სახელით ჯერ კიდევ იწარმოება.

Peter’s Table & Chair
Teddy Bear Chair

1943 წელს ვეგნერმა მუზეუმში მინგის ეპოქის ჩინური სკამი ნახა. მას ეს სკამი ისე შეუყვარდა, რომ სრულიად შეისწავლა ის და მის მოტივებზე შვიდი განსხვავებული მოდელი შექმნა. ერთ მათგანს ახლა PP Møbler აწარმოებს, ხოლო მეორეს – Fritz Hansen. 1947-1949 წლები დიზაინერისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – ამ მოკლე დროში მან რამდენიმე საკულტო ნამუშევარი შექმნა. Peacock Chair (ფარშევანგის სკამი), რომელიც ვეგნერმა 1947 წელს შექმნა, უინძორების კლასიკური სკამის მოდერნისტული ინტერპრეტაციაა.

Peackock Chair

Wishbone Chair

1949 წელს დიზაინერმა Round Chair და Wishbone Chair შექმნა, რომლებშიც იმავე ჩინური პროტოტიპის მახასიათებლები იგრძნობა. 1950 წლის ამერიკული ჟურნალის – Interiors-ის თებერვლის ნომრის გარეკანს სწორედ Round Chair ამშვენებდა.

ამერიკა დანიურმა დიზაინმა დაიპყრო. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მრგვალმა სავარძელმა, რომელსაც ამერიკაში უბრალოდ სკამს უწოდებდნენ. 1960 წელს, კენედი და ნიქსონი სატელევიზიო დებატების დროს სწორედ ამ მოდელის სკამებზე ისხდნენ.

Round Chair

1950-იანი წლები დანიური მოდერნიზმის ოქროს ხანაა. მილანის ტრიენალეზე სკანდინავიელმა დიზაინერებმა, მათ შორის ვეგნერმა, პირველი პრიზები აიღეს. 1950-1960-იან წლებში ვეგნერმა მრავალი შესანიშნავი მოდელი შექმნა. მან გამოიგონა Valet Chair სპეციალურად იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც ტანსაცმლის კარადაში დაკიდება მუდამ ავიწყდებათ.

Valet Chair

კომფორტული ფუტურისტული Flag Halyard Chair-ის საყრდენი, ჩვეულებისამებრ ხისგან კი არ არის დამზადებული, არამედ – ლითონის მილებისგან, ხოლო თავად დასაჯდომი 240-მეტრიანი საზღვაო თოკისგან არის შექმნილი. ვეგნერმა ეს მოდელი დააპროექტა სანაპიროზე ჯდომისას, როდესაც მეუღლემ ბავშვების მეთვალყურეობა დაავალა. უსაქმოდ ყოფნის დროს ქვიშაზე კომფორტული სკამი დახატა, შემდეგ კი ესკიზი ქაღალდზე გადაიტანა.

Flag Halyard Chair

მისი ყველა ქმნილება უკიდურესად ლაკონიური, მაგრამ, ამავდროულად, ადამიანის სხეულისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა. მათი წარმოება მასიური იყო, მაგრამ თითოეული მოდელის დამზადება შრომატევად ხელით მუშაობას საჭიროებდა. ვეგნერმა პენსიაზე გასვლა 78 წლის ასაკში გადაწყვიტა, თუმცა მაინც განაგრძო კონტროლი მისი ადრეული მოდელების ასლებისა, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიები აწარმოებდა.

ორიგინალი მოდელები შეგიძლიათ ვეგნერის მუზეუმში – მის მშობლიურ ქალაქში, ტონდერში, ასევე, მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებში და მრავალი რიგითი დანიელის სახლში იხილოთ. ალბათ სწორედ ეს არის ნამდვილი აღიარება!

Elbow Chair

ჰაეროვანი საზაფხულო სახლი სალენტოში

როგორ მოვაწყოთ სამრეცხაო ოთახი – 5 პრაქტიკული რჩევა