in

ჰარიეტ ანსტრუტერის უძველესი ფერმა სასექსში

Banner M2
Banner M2

„მასში დიზაინერული არაფერია. სახლი ძირითადად უსარგებლო ნივთებით არის სავსე, მაგრამ ეს ყველაზე დიდი ფუფუნებაა ლონდონიდან ისეთ ადგილას გასაქცევად, რომელიც მრავალ მიზანს არ ემსახურება“- ამბობს ჰარიეტ ანსტრუტერი თავის უძველეს ფერმაზე, რომელიც სასექსში მდებარეობს. იგი ფოტოგრაფ ჰენრი ბორნზეა დაქორწინებული და ჰყავს 22 წლის ქალიშვილი – სელესტია. განტვირთვისთვის ოჯახი სწორედ ამ ადგილს სტუმრობს.

კვირის განმავლობაში ჰარიეტი მართავს წარმატებულ, მრავალდისციპლინურ დიზაინის სტუდიას, რომელიც კლიენტებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა მხიარული, თამამი და მომხიბვლელი ინტერიერი შექმნას. ჰარიეტი თავდაპირველად სახვით ხელოვნებას სწავლობდა, ამიტომ შეძენილი ცოდნა და ხელოვნების სამყაროს დაფასების უნარი მას უსაზღვრო შთაგონებას აძლევს. „მე ყოველთვის ვინტერესდები შენობის ისტორიით, არა მხოლოდ მისი არქიტექტურული წარსულით, არამედ იმით, თუ ვინ ცხოვრობდა იქ, როგორია მისი ისტორია“ – განმარტავს ჰარიეტი. „როდესაც სივრცეში პირველად შევდივარ საკუთარ გრძნობებს ვაკვირდები, ვფიქრობ როგორი იქნება ეს ადგილი ნივთების გარეშე. ეს არის ჩემი საწყისი წერტილი“.

ჰარიეტმა ფერმაში გამოცვალა გაყვანილობა, სანტექნიკა, დააყენა ცენტრალური გათბობა, თუმცა თავდაპირველი განლაგებისა და სტრუქტურის თვალსაზრისით, ძალიან ცოტა რამ შეცვალა. „ასეთ სახლს უნდა მოუსმინოთ. აქ არ არის სწორი ხაზები და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვრელებს წააწყდებით, მაგრამ თუ ობობებსა და სიმეტრიაზე ფიქრში დროის დახარჯვას აპირებთ, ეს სახლი თქვენთვის არ არის“.

სახლი 18 წლის წინ ჰარიეტის მამამ მაშინ შეიძინა, როდესაც მისი ქალიშვილი დაიბადა და შემდეგ ფერმერს მიაქირავა. ჰარიეტმა სახლს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყი მოაშორა, რათა გამოეჩინა ისტორიული დეტალები, რომლებიც მას აღაფრთოვანებს.

გაშიშვლებული და გასუფთავებული სივრცის ინტერიერი მემკვიდრეობით მიღებული ავეჯისა და ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი ნივთების სახლად იქცა. ცხოველის ტყავი პირველი სართულის საცხოვრებელ ზონებს, მათ შორის სამზარეულოს, სასადილო ოთახსა და უფრო ოფიციალურ მოსასვენებელ ოთახს სითბოს მატებს.

ჰარიეტი თავის საქმიანობას აღწერს როგორც კლიენტებისთვის „კურირების, რედაქტირებისა და რჩევის“ პროცესს და მან აჩვენა, რომ იგივე პროცესები წარმატებით მიმდინარეობს აქ, მის საკუთარ სახლში.

ჰარიეტის ჩარევები ამ გარემოში იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი შემჩნევა ძალიან რთულია. „სახლის ჩონჩხი იმდენად მტკიცეა, რომ მასთან შებრძოლება შეუძლებელია“ – აღნიშნავს ის. როგორც მეორე სახლი, ის არ არის დატვირთული ოჯახის ყოველდღიური, პრაქტიკული მოთხოვნილებებით. ნივთების შესანახი ადგილი აქ ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არის. ამ ულამაზეს, ბუნებრივ სივრცეში მხოლოდ ხიბლია და არა უხერხულობა, „სწორედ ამაშია ნამდვილი ფუფუნება“ – იღიმის ჰარიეტი.

სახლის ბიბლიოთეკის მოწყობის 7 მარტივი ხერხი

ელიტ ელექტრონიქსის 26 წლის იუბილე