ინტერიერის დიზაინის ყველა ჭეშმარიტმა მოყვარულმა იცის, რომ დახვეწილი, უნიკალური სახლის შექმნის საიდუმლო დეტალებშია. ხელოვნების ნამუშევართა მსგავსად, ყოველი იდილიური ინტერიერის დიზაინში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თითოეული მონასმი, ყოველი მცირე გადაწყვეტილებაც კი, ამიტომ სახლის გაწყობისას ერთი შეხედვით შეუმჩნეველი აქსესუარებიც კი სასიცოცხლო დანიშნულების მქონე შეიძლება იყოს. ‘Harmosphere • ჰარმოსფერო’ ორი დის მიერ შექმნილი ქართული კომპანიაა, რომელიც ინტერიერის დიზაინში უნიკალური შტრიხების შემტანი ქართული წარმოების ნივთებს ქმნის. Homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს ია ლეჟავასთან, მის თანადამფუძნებელთან.
– ია, გვიამბეთ „ჰარმოსფეროს“ შექმნის შესახებ. რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
– “ჰარმოსფერო“ მომხმარებელს სთავაზობს სახლის დეკორატიულ ნივთებს, როგორიცაა სამზარეულოს აქსესუარები, სუფრები და ხელსახოცები, ჩაის ტილოები და პურის ჩასადები ტომრები, წინსაფრები, ასევე კერამიკის ნივთები, ხელსახოცის რგოლები, ხილის და ნამცხვრის, ზეთისხილის თეფშები. ეს ყველაფერი შეიძლება ცალ-ცალკე ან კომპლექტის სახით, სასაჩუქრე შეფუთვით შეიძინოთ. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჩვენმა პურის შესანახმა ტომრებმა, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ოჯახისთვის საჭირო და საინტერესო ნივთებისა, რასაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ საზოგადოებას.
– როგორ გაგიჩნდათ ამ საქმიანობის წამოწყების იდეა?
– ზოგადად ინტერიერის დიზაინით და სახლის აქსესუარებით ყოველთვის ვიყავი გატაცებული, როგორც მომხმარებელი, რომელიც თავისი სახლისთვის ეძებდა სხვადასხვა საინტერესო და დახვეწილ ნივთებს. დღეს საქართველოს ბაზარზე უამრავი დახვეწილი ნივთი და დეკორის ელემენტია წარმოდგენილი, თუმცა ისინი ქართველი მომხმარებლისთვის ხშირად არც ისე ხელმისაწვდომია მაღალი ფასებიდან გამომდინარე. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კონკრეტულ, შენი გემოვნების შესაფერის ნივთს ვერც კი პოულობ. კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – ამ აქსესუარების უმრავლესობა იმპორტულია, საქართველოში იშვიათად მზადდება, მაშინ, როცა ქართველებს გვაქვს შესაძლებლობა, აქვე, ადგილობრივ ბაზარზე ვაწარმოოთ სხვადასხვა ნივთი, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი და ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის ესა თუ ის აქსესუარი.
სწორედ ამ ფაქტორებმა გვიბიძგა მე და ჩემს დას „ჰარმოსფერო“ შეგვექმნა, რომელიც ქართველ მომხმარებელს შესთავაზებდა სახლის დეკორატიულ და არადეკორატიულ, საქართველოში დამზადებულ ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად.
– „ჰარმოსფეროს“ პირველი ნაბიჯები პანდემიის პერიოდს დაემთხვა. როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა თქვენთვის დაბრკოლება. აღიქვამთ თუ არა ამ პერიოდს როგორც შესაძლებლობას?
-დიახ, „ჰარმოსფეროს“ შექმნის იდეა პირველი ლოქდაუნის დროს გაჩნდა, როდესაც ქალაქგარეთ სახლში ჩაკეტილებმა ვიფიქრეთ, „რატომაც არა?! შეგვიძლია, ჩვენი გემოვნების შესაბამისად შევქმნათ ბრენდი და ნივთები, რომლებსაც ჩვენს სახლებშიც სიამოვნებით გამოვიყენებთ“. პანდემია არა დაბრკოლებად, არამედ სწორედ უფრო შესაძლებლობად აღვიქვით, ვინაიდან მისი წყალობით შევძელით გამოგვენახა დრო და დაგვეწყო ზრუნვა იმაზე, რაც გვსიამოვნებს. განგვევითარებინა ბრენდის კონცეფცია, მოგვეძებნა ადამიანები, ვინც დაგვეხმარებოდნენ ამა თუ იმ ნივთის შექმნაში. ბევრი ნიმუში დავამზადეთ, რომელთაგან ნაწილი დავიწუნეთ, ნაწილიც მივიჩნიეთ, რომ ბაზრისთვის შესაფერისი არ იქნებოდა. ბოლოს კი ჩამოვყალიბდით ტექსტილისა და კერამიკის მიმართულებაზე.
– შეგიძლიათ გაიხსენოთ ჰარმოსფეროს პირველი პროდუქტი? რა იყო ეს? როგორი იყო მისი ხილვით მიღებული ემოცია?
– როგორც გითხარით, ბრენდის კონცეფციის შექმნისას ბევრი სხვადასხვა ნივთი დავამზადებინეთ. თუმცა „ჰარმოსფეროს“ პირველი პროდუქტი, რომელზეც ვთქვით, რომ ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ გვინდა, იყო კერამიკის მოჭიქული ლანგარი და ზეთისხილის თეფში. ორივე მათგანი დაგვიმზადა შესანიშნავმა ახალგაზრდა კერამიკოსმა ბათუმიდან, რომელთანაც ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიან თანამშრომლობას დავამყარებთ.
– რა მნიშვნელობა ენიჭება თქვენთვის სახლის დეკორს ინტერიერში?
– ინტერიერში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჰარმონიული ატმოსფეროა, რომელიც კომფორტს და სიამოვნებას გვანიჭებს. სწორედ აქედან მოდის ბრენდის სახელწოდებაც – „ჰარმოსფერო“. ჰარმონიულ ატმოსფეროს კი ჩვენთვის დახვეწილი და სადა ფერები, ნაკლებად გადატვირთული, მაგრამ საინტერესო ელემენტებით გაფორმებული ნივთები ქმნის. განსაკუთრებულ აქცენტს ნათელ და მშვიდ ფერებზე ვაკეთებთ, რომლებიც არ აღიზიანებს ადამიანს, არ უქმნის დისკომფორტს, პირიქით, სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს მისთვის.
– გვიამბეთ თქვენს პროდუქტებზე.
– ამ ეტაპზე ჩვენი მიმართულება კერამიკა და ტექსტილია. მოვიარეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი შესაფერისი ხელოსნების მოსაძებნად, ვიყავით გორში, შროშასა და ბათუმში, რადგან „ჰარმოსფეროს“ შექმნისას რეგიონული განვითარების საკითხებზეც ვფიქრობდით. ბოლოს კი არჩევანი ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდა კერამიკოსზე შევაჩერეთ ბათუმიდან.
ტექსტილს კი ჩვენთვის შესანიშნავი ქალბატონი, ჩვენი მეგობრის დედა, ქალბატონი მანანა ქმნის, რომლის შეკერილ ნივთებზე უკვე ჩვენ თავად ვაკეთებთ ნაქარგს.
„ჰარმოსფეროს“ სამიზნე სეგმენტი 25+ წლის მომხმარებლები არიან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია სახლის დეკორზე ზრუნვა. გვგონია, რომ ამ საკითხმა, სახლში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ პანდემიის დროს შეიძინა, რადგან ასეთი დოზით სახლში დროს მანამდე არ ვატარებდით. ახლა კი, სახლში გამოკეტილები უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს გარშემო არსებულ გარემოს, რომელმაც სიმშვიდე და კომფორტი უნდა შეგვიქმნას. სწორედ ამას სთავაზობს ჩვენი ბრენდი მომხმარებელს.
– რას იტყვით სამომავლო გეგმებზე?
– სამომავლოდ შორს მიმავალი გეგმები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პატარა სტარტაპი ვართ, განვითარებასა და გაფართოებაზე აქტიურად ვფიქრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ ქართველი მომხმარებლისთვის ვქმნით პროდუქციას, სამომავლოდ აქცენტს საერთაშორისო ბაზარზე გავაკეთებთ. თანამედროვე სამყაროში, რა თქმა უნდა, ონლაინ გაყიდვებია ჩვენი ძირითადი მიმართულება, თუმცა მომავალში იმედს ვიტოვებთ, რომ ფიზიკურადაც შევძლებთ პროდუქციის წარმოდგენას მომხმარებლისთვის.