in

HAY – ავეჯისა და დეკორის დანიური ბრენდი

დანია მდიდარია ავეჯისა და დეკორის ბრენდებით. დანიური ესთეტიკა აშკარად იგრძნობა მათ პროდუქტში. თუმცა, ბრენდი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ, ამ ესთეტიკასა და დახვეწილობას, ორიგინალური მასალების მეშვეობით, უფრო ხელმისაწვდომსა და პრაქტიკულს ხდის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ HAY–ის დიზაინი თანამედროვე კულტურის ნაწილია. ის მოიცავს: განათების, ავეჯის და აქსესუარების კოლექციებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის მრავალფეროვან გარემოს. ისინი, ფაქტობრივად, თანამედროვე არტ-ობიექტებია, რომლებსაც საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

ბრენდი Mette და Rolf Hay-მ 2002 წელს დანიაში დაარსეს, რომლის მიზანი იყო, ისეთი პროდუქციის შექმნა, როგორიც ხალხს შეუყვარდებოდა. მათი დევიზიც სწორედ ისაა, რომ “კარგი დიზაინი ყველასთვისაა.”

ბიზნესმენ Troels Holch Povlsen-თან პარტნიორობით, მეწარმე წყვილმა კომპანია სულ მალე გლობალურ იმპერიად გადააქცია, რომელიც დღეს უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და დასაქმებული ჰყავს 400-ზე მეტი თანამშრომელი.

HAY-ს მრავალფეროვანი პროდუქციიდან საკმაოდ რთულია, გამოარჩიო რომელიმე მათგანი, თუმცა, ვეცდებით, მათი მთავარი და მნიშვნელოვანი ნამუშევრები გაგაცნოთ:

კალეიდოს ლანგრები

ფერადი, მრავალფუნქციური, სრულიად თანამედროვე კალეიდოს ლანგრები მშვენიერი ვარიანტია, თქვენი ნივთების მოსათავსებლად. როგორც წესი, ისინი ერთმანეთში ეწყობა და ისე ინახება, თუმცა, მათი გამოყენება ცალ-ცალკეცაა შესაძლებელი.

GEORGE SOWDEN-ის ტოლჩები და ბოთლები

ჯორჯ სოუდენმა HAY–სთვის შექმნა რამდენიმე საუკეთესო და ძალიან მიმზიდველი ნივთი, რომლებსაც ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივება და გაუმჯობესება შეუძლია. ესენია, სამგზავრო ტოლჩები და წყლის ბოთლები, რომლებიც არის ძალიან ფერადი და, ასე ვთქვათ, სკულპტურული. მათ არამხოლოდ პრაქტიკული დატვირთვა აქვთ, არამედ დიზაინშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

HEE WELLING-ის სკამები

ავეჯის დანიელმა დიზაინერმა Hee Welling-მა HAY-სთვის ძალიან ელეგანტური და დახვეწილი სკამები შექმნა – თანაც ზუსტი პროპორციების დაცვით. ეს ნამუშევრები მინიმალიზმის ერთგვარი გამოვლინებაა, თუმცა, ამავდროულად, ისინი ძალიან პრაქტიკულია და თანამედროვე დიზაინს სრულყოფილად ერწყმის.

ლაუნჯის სავარძლები

HAY-ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს 360 გრადუსიან მბრუნავ ფირფიტაზე განთავსებული ლამაზი, სკულპტურული და კომფორტული სავარძლები. ეს სავარძლები, ერთგვარად ახალი სიტყვაა დიზაინის სფეროში. ცხადია, რომ მათი ადგილი თანამედროვე სივრცეებშია.

ხის ხელი

არყის ხისგან დამზადებული ორიგინალური, სათამაშო დეკორაცია ძალიან ახლოს არის ხელოვნების ნიმუშთან. ესაა დეკორატიული, მარჯვენა ხელების კოლექცია, რომლებიც ორიგინალური და მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა. მათ აქვთ უნარი, იმოძრაონ და სრულიად შესაძლებელია ისინი გარე სათავსოდაც გამოვიყენოთ (თუნდაც, ბეჭდის ჩამოსაცმელად).

ტყესა და ზღვას შორის მოქცეული ულამაზესი პროექტი აჭარაში – მწვანე კონცხი ბოტანიკო

5 რამ, რაც გასაყიდ ბინაში არ უნდა გააკეთოთ