დღეს იატაკის ორი კლასიკური სტილის, Herringbone-სა (ნაძვისებური) და Chevron (V ფორმის მქონე) შესახებ ვისაუბრებთ. იატაკის ეს ნიმუშები, რომლებმაც დროს გაუძლო, თქვენი სახლის ინტერიერის დიზაინს გააუმჯობესებს.
ერთი შეხედვით, იატაკის ეს ორი წყობა ერთმანეთს ჰგავს, რადგან ორივე შემთხვევაში გამოიყენება მოკლე მართკუთხა ფიგურები, რომელთა განლაგებაც კუთხეს ქმნის. ამიტომ Chevron და Herringbone ერთმანეთში ხშირად ერევათ. თუმცა, იატაკის ამ ნიმუშებს შორის დიზაინისა და მონტაჟის თვალსაზრისით განსხვავებები არსებობს.
Herringbone – ნაძვისებური წყობა
ნაძვისებრი იატაკის ნიმუში ერთნაირი ზომის მართკუთხა ფიცრებისგან ან ფილებისგან შედგება. ისინი ერთმანეთთან 90°-იან კუთხეს ქმნის, რაც იატაკის ზიგზაგისებურ ფორმას განაპირობებს.
ნაძვისებრი ნიმუშის ისტორია
სახელწოდება Herringbone (ქაშაყის ფხა) თევზის ძვლების სტრუქტურისგან მომდინარეობს. ნაძვისებრი ნიმუშის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ის ჯერ კიდევ ძველი რომის იმპერიაში გამოიყენებოდა, როგორც გზის საფარი. ასევე შეხვდებით ამ ნიმუშის მქონე შპალერს, სამკაულებს, ქსოვილებსა და ქანდაკებებს.
Chateau de Fontainebleau (ყოფილი სამეფო სასახლე საფრანგეთში) Herringbone-ის იატაკის რამდენიმე ადრეულ მაგალითს ინახავს. ამ კონსტრუქციის აშენების შემდეგ XVI საუკუნის ევროპაში ნაძვისებრი ნიმუში სასახლეებში, დიდგვაროვნების სახლებსა და სხვა ისტორიულ შენობებში პოპულარული არჩევანი გახდა.
Chevron – V ფორმის წყობა
მიუხედავად იმისა, რომ Chevron ნაძვისებრი ნიმუშის მსგავსია, ის დახრილი ფიცრებისგან შედგება. ეს ფიცრები V-ს ან ისრის ფორმას ქმნის.
V ფორმის ნიმუშის ისტორია
ისევე როგორც Herringbone, Chevron-იც საუკუნეებს ითვლის და ის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს სიმბოლოდ ითვლება. V-ს ფორმის ნიმუშის ყველაზე ადრეული მაგალითები უძველესი დროით დათარიღებულ ჭურჭელზე და პეტროგრაფიაზე (კლდის ხელოვნება) გვხვდება.
Chevron-ის ნიმუში ასევე ჩნდება ჰერალდიკის ადრეულ მაგალითებში. მას განსაკუთრებით ხშირად ნორმანდიასა და სკანდინავიაში იყენებდნენ. დასავლეთ ევროპაში ეს ნიმუში სამხედრო წოდებების ნიშნად გამოიყენება.
რა განსხვავებაა Herringbone-სა და Chevron-ს შორის?
მთავარი სხვაობა Chevron-სა და Herringbone-ს შორის ნიმუშია, მაგრამ განსხვავება მათი დამონტაჟების დროსაც იჩენს თავს. როდესაც იცით, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამ ორ კლასიკურ ნიმუშს შორის განსხვავებების დადგენა საკმაოდ მარტივია.
Chevron-ის ნიმუშს ლათინური V-ს ფორმა აქვს. თქვენივე პრეფერენციებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ აკონტროლოთ, თუ რამდენად მახვილია ფიცრებით შედგენილი კუთხე. Chevron-ის შემთხვევაში ფიცრების განლაგების გამო, შეგიძლიათ დაინახოთ მკაფიო სწორი ხაზი, რომელიც იატაკს მთელ სიგრძეზე გაჰყვება.
ნაძვისებრი ნიმუშის შემთხვევაში კი გამოიყენება მართკუთხა ფორმის ფიცრები, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ყოველთვის 90°-იანი კუთხით არის განლაგებული.
Herringbone-ის ფიცრები
ისტორიული სასახლეებით დაწყებული, თანამედროვე სახლებით დამთავრებული, ნაძვისებრი ნიმუში სახლის ნებისმიერ ოთახში ხის იატაკისთვის პოპულარული არჩევანია.
Herringbone-ის ფილები
ნაძვისებრი ნიმუში შეგიძლიათ მართკუთხა ფილების გამოყენებითაც შექმნათ. ფილები შესანიშნავი ვარიანტია ისეთი სველი წერტილებისთვის, როგორიცაა სამზარეულო და სააბაზანო. ამ მხრივ დიდი მრავალფეროვნება არსებობს: მარმარილოს ფილები, აგურის ფილები ან კერამიკული ფილები.
Chevron-ის ფიცრები
Chevron-ის ხის იატაკი კლასიკური და საინტერესო ნიმუშია, რომელიც ოდნავ უფრო მშვიდად გამოიყურება, ვიდრე Herringbone და სივრცეს სითბოს მატებს.
Chevron-ის ფილები
V-ს ფორმის ნიმუში ფილების სახით შეგიძლიათ სამზარეულოსა და სააბაზანოშიც გამოიყენოთ.
Herringbone თუ Chevron — რომელია თქვენთვის სწორი არჩევანი?
ბოლო წლების განმავლობაში, Herringbone-სა და Chevron-ის იატაკი გახდა პოპულარული ვარიანტი ყველა სახის სახლში, მათ შორის თანამედროვე საცხოვრებლებშიც. ის, თუ რომელი მათგანია თქვენი ინტერიერისთვის სწორი არჩევანი, თქვენს პირად პრეფერენციებზეა დამოკიდებული.
V-ს ფორმის იატაკის ნიმუში თქვენს ინტერიერში უფრო მშვიდ და თანამედროვე ატმოსფეროს ქმნის ნაძვისებრი ნიმუშთან შედარებით, რომელიც ოდნავ უფრო დატვირთულია. Herringbone-ის წყობითა და სხვადასხვა ელფერის მქონე ფიცრების გამოყენებით, შეგიძლიათ უფრო დინამიკური იატაკის სტილი შექმნათ.
რომ შევაჯამოთ, ერთი რამ ცხადია: ორივე ვარიანტი ძალიან ლამაზად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, თუ რომელ ნიმუშს აირჩევთ, თქვენ ისეთ ინტერიერს შექმნით, რომელიც არასდროს გადავა მოდიდან.