ჰიდროიზოლაცია სამშენებლო და სარემონტო პროცესის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც შენობის საფარსა და შიდა ზონებს წყლისა და ნესტისგან იცავს. ის წარმოადგენს სპეციალურ დამცავ ფენას, რომელიც ეფექტურად უმკლავდება სივრცეში წყლის შეღწევის საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. ჰიდროიზოლაცია განსაკუთრებით საჭიროა ისეთ ადგილებში, რომელსაც წყალთან თუ წვიმის ნალექთან ხშირი შემხებლობა აქვს და ტენიანობით გამოირჩევა. ჰიდროიზოლაცია ძირითადად სახლის სახურავზე, სარდაფებში, სამზარეულოსა და სველ წერტილებში კეთდება და რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა:
უსაფრთხოების დაცვა – ჰიდროიზოლაციის უპირველესი ფუნქციაა შენობის დაცვა წყლისა და ტენისგან. ასევე, ის სივრცეს ლპობის, დაშლისა და კოროზიისგან იცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შენობის მედეგობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ასევე, ის ეფექტურ ბარიერს ქმნის მეზობელი ბინებისთვისაც და წყლის ჩასვლის რისკებს ამცირებს, რაც ბევრად დაცულ საცხოვრებელს განაპირობებს სამეზობლოს თითოეული მობინადრისთვის.
სარემონტო ხარჯების შემცირება და მასალების მედეგობა — წყალი და ნესტი არა მხოლოდ შენობას, არამედ მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებს აზიანებს, იწვევს ხის ლპობას, ბეტონის დაბზარვას და რკინის კოროზიას, რაც ხელახლა სარემონტოს ხდის სივრცეს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და ხარჯების დასაზოგად კი საუკეთესო გზა ხარისხიანი ჰიდროიზოლაციის გაკეთებაა, რომელიც ხელს შეუშლის მასალის დაზიანებას და შენობის მედეგობას უზრუნველყოფს.
ენერგოეფექტურობის ზრდა — ხარისხიანი ჰიდროიზოლაცია, შენობის დაცვასთან ერთად, ეფექტურ ბარიერს ქმნის სითბოს იზოლაციისთვის და თბოდანაკარგს ამცირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლები მოხმარებული ენერგიის შედეგად, სივრცეში სასურველი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება, ეს კი კომუნალური გადასახადების შემცირებას იწვევს.
ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა – ჰიდროიზოლაცია შენობას ობისა და სოკოს გაჩენისგან იცავს, რაც არაერთი დაავადებისა თუ ალერგიის გამომწვევია და მაცხოვრებლების ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. შესაბამისად, ჰიდროიზოლაცია ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.
მასალათა მრავალფეროვნება — ძირითადად არსებობს სამი ტიპის ჰიდროიზოლაციის მასალა – ბიტუმის ბაზაზე დამზადებული ჰიდროიზოლაცია, რომელსაც ტოლის სახელითაც იცნობენ; თხევადი, წასასმელი ჰიდროიზოლაცია, რომელიც ბიტუმის ბაზაზე დამზადებული მასალისგან იმით განსხვავდება, რომ ის ზედაპირზე სითხის სახით დაიტანება და მესამე — მემბრანული ტიპის ჰიდროიზოლაცია, რომელიც ყველაზე მედეგი, გამძლე და ძვირადღირებული პროდუქტია.
მონტაჟის სიმარტივე — აღსანიშნავია, რომ ჰიდროსაიზოლაციო მასალად ორ კომპონენტიან ცემენტს იყენებენ, რომელიც ერთმანეთში ირევა. შემდგომ მას სპეციალური ხსნარი ემატება, რომელიც მასალას კრავს და წყლის მიმართ მედეგს ხდის. ინსტალაციისას კი ჰიდროიზოლაცია კერამიკული ფილის დაგებამდე კეთდება. ასევე აუცილებელია ზედაპირი მშრალი, სწორი და გალესილი იყოს. ზედაპირის გალესვის შემდგომ კი სასურველია მინიმუმ 1 კვირიანი ინტერვალი, რათა კედელი თუ იატაკი ბოლომდე გამოშრეს და სინესტე არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ზედაპირი ამოიბერება და ჰიდროიზოლაცია დაზიანდება.
რომ შევაჯამოთ, ჰიდროიზოლაცია წყლისა და ნესტის შეღწევის საწინააღმდეგოდ შენობის დასაცავად გამოიყენება და არაერთი უპირატესობით ხასიათდება, როგორიცაა: უსაფრთხოება, ხარჯების შემცირება, მედეგობა, ენერგოეფექტურობა, ეკოლოგიურობა, მონტაჟის სიმარტივე და მასალის ხელმისაწვდომობა.
რუბრიკის წამრგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი”