in

ჰილარი სუონკის შესანიშნავი რეზიდენცია კოლორადოში

Banner M2
Banner M2

„მიწას ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ვეძებ“ — ამბობს ოსკარის ორგზის მფლობელი მსახიობი — ჰილარი სუონკი. „ბუნება ყველაზე ბედნიერ ადგილად მიმაჩნია, ცხოველები კი ჩემი მეორე უდიდესი ბედნიერებაა. ორივეს გარემოცვაში ყოფნა ჩემთვის ყველაფერია“.

სამხრეთ-დასავლეთ კოლორადოს მთებში მდებარე მისი ახალი სახლის დასრულება ABC-ის Alaska Daily-ს ვარსკვლავისთვის, რომელიც ამჟამად ქმართან — ფილიპ შნაიდერთან ერთად ტყუპებს ელოდება, ახდენილი ოცნება იყო. „ეს 68 ჰექტრის მქონე მიწა უბრალოდ ჯადოსნურია. ამ ადგილის ნახვის შემდეგ მასზე ფიქრს ვერ ვწყვეტდით. შესანიშნავია ბუნებაში ყოფნა — ვერ ვხედავთ მეზობლებს, ახლომახლოს არავინაა.“

ჰილარის სურვილი იყო, აეშენებინა საოცნებო სახლი, რომელიც მდგრადი და ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული იქნებოდა. მას სურდა დიდი ფანჯრები, რომლებიც მთების თვალწარმტაც ხედებს კარგად წარმოაჩენდა და ადგილი, სადაც საკუთარი საკვების მოყვანას შეძლებდა. გარდა ამისა, ჰილარის უნდოდა, რომ მისი ოჯახის მიერ გადარჩენილ ცხოველებს თავისუფალი სივრცე ჰქონოდათ.

„ჩემდა გასაკვირად, მეპატრონეები ძაღლებს, მას შემდეგ, რაც ისინი თოვლითა და ტალახით დაისვრებიან, სახლში უშვებენ“, — ამბობს დიზაინერი მარკ ზეფი, რომელიც ჰილარისთან სხვადასხვა პროექტებზე მუშაობდა (თავდაპირველი თანამშრომლობა ნიუ-იორკის სახლის დაპროექტებისას შედგა, რასაც ნიუ-იორკის ბინა მოჰყვა, შემდეგ ლოს-ანჯელესის სახლი და, ბოლოს, ეს რეზიდენცია კოლორადოში). „სახლი ძალიან არაპრეტენზიულია და მისი დიზაინი ხელს უწყობს მეპატრონეების კავშირს ძაღლებთან“.

წყვილმა მიწა 2016 წელს იპოვა და მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო. Covid-19-ის პანდემიამ პროექტის დასრულება გააჭიანურა და მეპატრონეები საბოლოოდ დასრულებულ სახლში 2020 წლის აგვისტოში გადავიდნენ.

 „ჩვენ ვიგრძენით, რომ ადგილობრივი მასალების გამოყენება და რაც შეიძლება მდგრადი მიდგომა მართლაც მნიშვნელოვანი იყო“. ჰილარის არქიტექტორებმა — ჯოდი და ბრიუს რაიტებმა One Architects, Inc.-დან სახლის ქვის კედლების ასაგებად ადგილობრივი ქვები გამოიყენეს. „ამ ქვების ენერგიის გარემოცვაში ყოფნა მართლაც მშვენიერი გრძნობაა” — აღნიშნავს ჰილარი.

„ფანჯრები სპეციალურად ამ სახლისთვის დამზადდა. ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი ხარჯი, რომელიც გავიღეთ, რადგან გვინდოდა ამ შესანიშნავი ხედით განუწყვეტლად ტკბობა შეგვძლებოდა“ — ამბობს ჰილარი.

ჰილარის ერთ-ერთი საყვარელი სივრცე არის სასადილო ოთახი, რომელიც შიდა ეზოში გადის. „ვფიქრობ, სახლის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ნაწილი გარე სივრცეა”, – ამბობს ზეფი.

„ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ხის პატარა სახლი ყოფილიყო,” — ამბობს ჰილარი, „ჩვენი მიზანი მსუბუქი საცხოვრებელი სივრცის შექმნა იყო.” შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისია შესრულებულია.

“ეთნონორდიკი” — დეკორი ეთნიკურ სკანდინავიურ სტილში

რამდენად ეფექტურია დეკორატიული რადიატორი თბოგამოცემის კუთხით?