29 სექტემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ჟურნალმა Homeis.ge-მ „ლისი დეველოპმენტთან” ერთად ღონისძიება – “homeis შეკრებას” უმასპინძლა. ღონისძიება, რომელიც უკვე მეორედ გაიმართა, მიზნად ისახავს ერთგვარი საკომუნიკაციო სივრცის შექმნას არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, მშენებლობის, რემონტისა და მომიჯნავე სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის. აღნიშნული პლატფორმა მონაწილეებს საშუალბას აძლევს, რომ ერთი მხრივ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა, იდეები, აზრები და გამოცდილება, მეორე მხრივ კი დაამყარონ საჭირო კონტაქტები და შექმნან თანამშრომლობის ახალი ფორმატები.
„ანაბეჭდი” — ასეთი იყო წლევანდელი „შეკრების” თემა, რომელმაც გამომსვლელები ერთი იდეის გარშემო გააერთიანა. როგორც ცნობილია, ადამიანის ინდივიდუალურ მხარეს სწორედ მისი თითის ანაბეჭდი განსაზღვრავს, არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში კი „ანაბეჭდი” პროექტის ავტორის, მისი ნამუშევრის გამორჩეულობას უსვამს ხაზს და მის უნიკალურ მახასიათებლებს გამოკვეთს.
იმის გამო, რომ Homeis.ge-ის პირველ ღონისძიებას, რომელიც 2023 წელს ჩატარდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, წლევანდელმა „შეკრებამ” ბევრად უფრო მასშტაბური სახე მიიღო და დამსწრე საზოგადოების რაოდენობამ 600 დელეგატამდე შეადგინა შესაბამისად, ამჯერად ბევრად მეტ ადამიანს მიეცა ღონისძიებაზე დასწრებისა და მასში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა.
რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, შარშანდლის მსგავსად, წელსაც გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პრეზენტაციები წარუდგინეს და შთამაგონებელი ისტორიები გაუზიარეს. ამას გარდა, „შეკრების” ტრადიციულ ფორმატს დაემატა პანელური დისკუსიის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმრებმა ქართული არქიტექტურული სივრცისთვის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
homeis.gathering-ის სცენაზე წელს 8 ინდივიდუალური სპიკერი, საინტერესო ხედვისა და გამოცდილების მქონე გამომსვლელი წარსდგა. ესენი იყვნენ:
ენრიკე მასკორტი (Ricardo Bofill Taller de Arquitectura); ნატალია ნებიერიძე (MUA); გიორგი ზაუტაშვილი (R 312 architects); მარიამ მენაბდე (კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი); ნინო ლეგაშვილი (საერთაშორისო ბრენდების რეგიონული მენეჯერი ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთში); გიორგი მამასახლისი (Nakanimamasakhlisi); რომან ქრისტესიაშვილი (UN Studio); ნიკოლოზ ჯაფარიძე (Architects of Invention).
რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, მას მარიამ მენაბდე უძღვებოდა, პანელისტებს შორის კი იყვნენ გაგა კიკნაძე (Architects.ge), თამაზ გიორგაძე (Extendo) და ანა ბიბილაშვილი (ANNDESIGN, Eastern Regional Director of AIA EUROPE), რომლებმაც იმსჯელეს თემაზე – “ურბანული ანაბეჭდი დროსა და სივრცეში”.
სპიკერები შეეცადნენ, რომ 15-წუთიანი გამოსვლის ფარგლებში, საკუთარი ხედვები განსხვავებული რაკურსით წარმოეჩინათ. მათ ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ თუ პროფესიულ „ანაბეჭდებზე”, რომლებმაც უდიდესი კვალი დატოვა როგორც მათ პიროვნულ, ისე შემოქმედებით ცხოვრებაზე. ასევე, სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარი ნამუშევრები და განხორციელებული პროექტები წარუდგინეს მაყურებელს და მათ მახასიათებლებზე, შექმნის პროცესსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საბოლოოდ, აუდიტორიამ მოისმინა შთამაგონებელი, განსხვავებული, უნიკალური და მრავალფეროვანი ისტორიები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოება სხვადასხვა საკითხზე დააფიქრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლევანდელ „შეკრებაზე” შესვენების გაზრდილმა დრომ სტუმრებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და ახალი საქმიანი თუ შემოქმედებითი კონტაქტები დაემყარებინათ.
პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „homeis შეკრება” კვლავ გაგრძელდება და მომავალ წელს მეტი სიახლით, კვლავ საინტერესო სპიკერებითა და მრავალფეროვანი ისტორიებით დაუბრუნდება მაყურებელს.
ღონისძიების წარმდგენი: ლისი დეველოპმენტი.
პარტნიორები: Render Group, JYSK, ცელსიუსი, კაპაროლი, გაბილდი, VELI.store, ss.ge, Zeekr
მხარდამჭერები: Miele, TON, რივერსაიდი, MA Architects, ელიტ ელექტრონიქსი, IPS, ლაზიერი, Next Building Technologies, თიბისი კონცეპტი, Office Technologies, ალდაგი, Archtrade.