სამზარეულო ფუნქციურად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა სახლის ინტერიერში. ამიტომ მის თითოეულ ელემენტსა და დეტალს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით შერჩევა სჭირდება, განსაკუთრებით კი სამზარეულოს ზედაპირებს. აუცილებელია ზედაპირი იყოს მდგრადი, უსაფრთხო, გამძლე, ვიზუალური თვალსაზრისით ინტერიერს კარგად შეეფერებოდეს და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად ბიუჯეტურიც იყოს. დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ მასალებზე გიამბობთ, რომლებსაც სამზარეულოს ზედაპირების დასამზადებლად იყენებენ და მოგაწვდით ინფორმაციას თუ, რომელი მასალა დაგიჯდებათ ყველაზე იაფი.
რა ტიპის სამზარეულოს ზედაპირები არსებობს?
ხის ზედაპირი – ხის ზედაპირი, პირველ რიგში, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტია და ინტერიერს თბილ და განსაკუთრებულ იერს მატებს. ის ძირითადად ხის გამძლე, მყარი მასალისგან მზადდება, როგორებიცაა მუხა, ბამბუკი, თხილი. მოცემული ზედაპირის გამოყენება ბიუჯეტური ნამდვილად არ არის, თუმცა იაფია ბუნებრივი ქვის ზედაპირთან შედარებით. მისი ფასი 1 კვადრატულ მეტრზე 300 – 400 ლარიდან იწყება. ასეთი ტიპის სამზარეულოს განსაკუთრებული სიფრთხილე და მოვლა სჭირდება, რადგან მარტივად ზიანდება მაღალი ტემპერატურისა თუ ნესტის შედეგად.
ბუნებრივი ქვა (მარმარილო, ონიქსი, გრანიტი) – ბუნებრივი ქვის ზედაპირი განსაკუთრებული გამძლეობითა და სიმტკიცით გამოირჩევა და ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს. მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ნაკაწრების მიმართ. განსაკუთრებით პრაქტიკული გრანიტის გამოყენებაა. ასეთი ტიპის ზედაპირი ადვილად არ ზიანდება და ჭუჭყიანდება. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ საჭიროა გრანიტის რადიაციაზე შემოწმება. უნდა აღინიშნოს, ბუნებრივი ქვის ზედაპირები რთულად ექვემდებარება განახლებასა და რესტავრაციას. ბაზარზე გრანიტის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 340 – 1400 ლარს შეადგენს; მარმარილო 190 – 1000 ლარია; ხოლო ონიქსის ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 800 – 1300 ლარის ფარგლებში მერყეობს.
კვარცის ზედაპირი (ხელოვნური ქვა) – განსაკუთრებით პრაქტიკულია და გამძლე. ბუნებრივი ქვის სამზარეულოს ზედაპირის კარგი ალტერნატივაა და ფასიც მასთან შედარებით დაბალი აქვს. კვარცი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ამავდროულად, მისი მოვლაც მარტივია და მდგრადია ლაქების მიმართ. კვარცის ზედაპირის ფასი 1 კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 400 – 900 ლარია.
აკრილის ზედაპირი – თანამედროვე პლასტმასისგან მზადდება. მასალა მდგრადია წყლისა და ცხიმის მიმართ. მარტივი მოსავლელია და ადვილად იწმინდება. მისი რესტავრირება და განახლება შესაძლებელია, უბრალოდ განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, რადგან აკრილის ზედაპირი მგრძნობიარეა ნაკაწრების მიმართ. ამასთანავე, შედარებით მაღალი ფასი აქვს ბაზარზე, რომლის საშუალო მაჩვენებელი 1 კვადრატულ მეტრზე 480 ლარიდან იწყება.
ფოლადის ზედაპირი – ძირითადად პროფესიონალურ სამზარეულოებში იყენებენ. ზედაპირი მოსავლელად საკმაოდ მტკიცე და პრაქტიკულია. ადვილად იწმინდება, არ იწოვს წყალსა და ცხიმს. გამძლეა მაღალი ტემპერატურის მიმართ. პროდუქტი საკმაოდ მაღალი ფასით გამოირჩევა და შესაძლოა მარტივად დაზიანდეს ნაკაწრების შედეგად. საქართველოში ფოლადის ზედაპირის მქონე სამზარეულოს დამზადება დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 900 დოლარიდან იწყება.
სამზარეულოს ზედაპირი მდფ-ის შიგთავსით – „მდფ“ ეკოლოგიური მასალაა და ფაქიზ დამუშავებას საჭიროებს. შედარებით ამტანი და გამძლე პროდუქტია, თუმცა ძლიერი დარტყმის შედეგად მარტივად ზიანდება. ის საკმაოდ ბიუჯეტური მასალაა, ამიტომ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. “მდფ”-ის ფასი ფორმატების ზომების მიხედვით 460 -1500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
სამზარეულოს ზედაპირი დსპ შიგთავსით – ყველაზე ბიუჯეტური პროდუქტია. მარტივად დასამზადებელი და დასამონტაჟებელია. ის წარმოადგენს ლამინატს, რომელიც დაფარულია „დსპ“-თი და ვიზუალური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ თუ არ დამონტაჟდა კარგად, შესაძლოა დაზიანდეს – წყალი მარტივად შევიდეს და გაიბეროს. ასევე, ნაკლებად მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ჭუჭყის მიმართ.
რომელი მასალა უფრო იაფი ჯდება?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამზარეულოს ზედაპირი „დსპ“-ის შიგთავსით ყველაზე ბიუჯეტური პროდუქტია. „დსპ“ – მერქან ბურბუშელოვანი ფილა მზადდება მერქნის ნახერხისა და ბურბუშელასგან, რომელიც ერთმანეთთან ცხელი დაპრესვის მეთოდითაა დაკავშირებული, სპეციალური შემაკავშირებელი ნივთიერებით – ფორმალდეჰიდის ფისით.
საქართველოს ბაზარზე, დსპ-ის მქონე სამზარეულოს ზედაპირის შეძენა საშუალოდ 180 – 500 ლარად შეგიძლიათ და ეს ფასი ფორმატების ზომების მიხედვით დგინდება. მის საბოლოო ღირებულებას განსაზღვრავს მასალის ზომა, ფერი, ბრენდი. მაგალითად, ავსტრიულ, იტალიურ და თურქულ “დსპ” მასალას განსხვავებული ფასი აქვს.
კონკრეტული ფასის დასადგენად ჩვენ „კასტა ავეჯის მასალებს“ მივმართეთ, რომელიც Kronospan-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, „დსპ“ შიგთავსით სამზარეულოს ზედაპირის პოსტფორმირება დაფარულია დეკორატიული HPL პლასტიკით და გაძლიერებულია გარედან სპეციალური HDF ჩანართით, რაც მას იდეალურ სამუშაო ზედაპირად აქცევს. მოცემული პროდუქტი ყველაზე დაბალფასიანია და განკუთვნილია სამზარეულოს, ოფისებისა და მაღაზიებისთვის. მთლიანი სიგრძის გასწვრივ, მას სპეციალური სილიკონის ზოლები აქვს განთავსებული, რაც ქმნის ერთგვარ ბარიერს და იცავს მას წყლისგან. აღნიშნულ კომპანიაში ფასი სპეციალურად დადგენილი ზომების მიხედვით დაიანგარიშება და შემდეგნაირად გამოიყურება:
- 4100 სმ – 635 სმ – 38 მმ – ფასი 490 ლარი
- 4100 სმ – 600 სმ – 38 მმ – ფასი 390 ლარი
- 4100 სმ – 600 სმ- 28 მმ – ფასი 285 ლარი
„კასტა ავეჯის მასალებში” შედარებით ბიუჯეტურია ქვის შემცვლელი ზედაპირებიც. მაგალითად ე.წ Slim Line (კომპაქტი) ზედაპირი კარგი ვარიანტია ავეჯისა და ინტერიერის დიზაინისთვის. პროდუქტი გამძლეა წყლისა და ცეცხლის მიმართ. მყარია და მარტივად იწმინდება, არაა მიდრეკილი ლაქებისადმი. ღირებულება კი აქაც ზომაზეა დამოკიდებული:
- 3050 სმ – 1300 სმ – 12 მმ – ფასი 1900 ლარი
- 3050 სმ – 650 სმ – 12 მმ – ფასი 950 ლარი
შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სახის სამზარეულოს ზედაპირები არსებობს, რომელთაც თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვთ. თუმცა, ფასის თვალსაზრისით, ყველაზე ბიუჯეტური პროდუქტი, „დსპ“-ს შიგთავსის მქონე მასალაა. მისი საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია ზომაზე, ფერსა და ბრენდზე. ამიტომ, სანამ სამზარეულოს ზედაპირს შეიძენთ, ყურადღებით განსაზღვრეთ რა ფორმისა და დიზაინის პროდუქტის შეძენა გსურთ.