in

იაპონური სტილის ინტერიერის თავისებურებები

დღეს მოგიყვებით თუ როგორ უნდა შევქმნათ სახლში ტრადიციული იაპონური ატმოსფერო, როგორიც ამ 160 მ2 ფართის კიევურ ბინაშია. აქ ფანჯრები ბაღში გადის, მისაღებში „BB Italia“-ს დივანი, „Maxalto“-ს სავარძელი, „Zumtobel Light“-ის ჩაშენებული სანათი და „Wastberglighting“-ის დეკორატიული განათება გვხვდება.

იაპონური სტილის ინტერიერის ცალკეულ მიმართულებად განხილვა მიღებული არ არის. დიზაინერები და დეკორატორები მას მინიმალისტურ სტილად აღიქვამენ, რადგან თანამედროვე მინიმალიზმი ტრადიციული იაპონური ინტერიერების ზეგავლენითაც ყალიბდებოდა. ასე რომ, სახლის მოწყობის იაპონური მიდგომა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

ამ სტილის ფესვები იაპონელების კულტურიდან და მსოფლმხედველობიდან მოდის. მათი საცხოვრებლები ხომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ბუდიზმისა და სინტოიზმის ფილოსოფიური პრინციპების ზეგავლენით ყალიბდებოდა. მაგალითად, სინტოიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება ადამიანს ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობისკენ მოუწოდებს. შემთხვევითობა არაა, რომ ინტერიერის იაპონურ სტილში გაფორმებისას მნიშვნელოვანია ნატურალური მასალების გამოყენება, რომელთაგან წამყვანი ხეა. მოპირკეთებისთვის ასევე ქვას, ბამბუკს, თიხას, ბამბასა და აბრეშუმს იყენებენ.

შეძლებისდაგვარად უნდა შევეცადოთ ლითონისგან და პრიალა ზედაპირებისგან თავი შევიკავოთ. იაპონური სტილის ესთეტიკა ბუნებრივი ტექსტურებისა და რბილი, მშვიდი ფერების გამოყენებას გულისხმობს. ძირითადი ფერების როლში შესაძლებელია ღია ბეჟი, რძისფერი, მორუხო და კრემისფერი ელფერების გამოყენება, რომლებიც დომინანტური ხის თაფლისფერ ელფერს კარგად შეავსებს. კონტრასტული დეტალები შესაძლებელია შავ ფერში დამზადდეს. ნათელი აქცენტებისგან კი უმჯობესია თავი შევიკავოთ.

ბუდისტურ სწავლებაში მთავარი არა გარეგნობა, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროა.  ადამიანი ზედმეტი სურვილებისგან უნდა გათავისუფლდეს და მცირედით დაკმაყოფილება ისწავლოს. იაპონელების საცხოვრებელი ასკეტურია, ყველა ობიექტი კი ფუნქციური. ზედმეტ დეკორატიულ დეტალებს აქ არ მიესალმებიან. ყველაფრის მიუხედავად, იაპონურ სტილში შესრულებულ ინტერიერს ფორმალურს და არაკომფორტულს ვერ დავარქმევთ, ამ ეფექტს ის ბუნებასთან გაერთიანების მცდელობით აღწევს.

ინტერიერის იაპონური სტილით გაფორმების დროს უპირატესობა საშუალო სიმაღლისა და მკაცრი გეომეტრიული ფორმების მქონე ავეჯს ენიჭება (სასურველია ფეხების გარეშე). თუ სახლი ან ბინა ნულიდან იწყება, უმჯობესია სივრცის დანაწევრებაზე უარის თქმა. ტრადიციულ იაპონურ სახლებში სტატიკურ შიდა ტიხრებს ხშირად ნაჭრის ან ქაღალდის მსუბუქი კონსტრუქციებით ცვლიან (ეს მიდგომა მიწისძვრის დროს მიყენებული ზარალის მინიმუმამდე შემცირების საშუალებას იძლეოდა). კარგი ალტერნატივაა გასაშლელი ტიხრები, რომლებიც „მოქნილი“ დაგეგმარების საშუალებას იძლევა.

განსაკუთრებული ყურადღება განათებას უნდა დაეთმოს. იდეალურია, როცა ყველაფერი ბუნებრივი შუქით ნათდება (ყველაზე მარტივად ამის გაკეთება ქალაქგარე სახლებში პანორამული ფანჯრების მეშვეობით არის შესაძლებელი). ხელოვნური განათება უნდა იყოს თბილი, მინავლებული და გაფანტული. ამიტომ სასურველია ოთახის სხვადასხვა კუთხეში რამდენიმე სანათის განთავსება. დაბოლოს, მაქსიმალურად ავთენტური იქნება ქაღალდის ბრის მოდელები.

#Homeisინსპირაცია: სასრიალოები ინტერიერში – რამდენიმე შთამბეჭდავი მაგალითი

იტალიური შარმის მქონე ვილა პულიაში