იატაკის საფარი თქვენი ინტერიერის ჰარმონიულობას განაპირობებს, ვინაიდან იგი სახლის ყველაზე დიდი ზედაპირია. იატაკის სხვადასხვა ტიპები არსებობს და თქვენი სივრცისთვის შესაფერისი ვარიანტის შერჩევა დამოკიდებულია თქვენს ბიუჯეტზე, ცხოვრების წესსა და გემოვნებაზე.
რა ტიპის იატაკის საფარი გვხვდება ყველაზე ხშირად?
პარკეტი
ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი პროდუქტია. მისი მრავალფეროვნება და ხარისხი, მას იატაკის სასურველ ვარიანტად აქცევს.
უპირატესობები:
- ძლიერი და გამძლე.
- იკავებს სითბოს.
- მრავალფეროვანი.
- ეკოლოგიურობა.
- შესაძლებელია რამდენჯერმე გადაკეთება.
ნაკლოვანება:
- მგრძნობიარე ტენიანობის მიმართ.
- არ არის შესაფერისი სველი წერტილებისთვის.
- ზედაპირი პერიოდულად შეიძლება დაიკაწროს, სჭირდება გალაქვა.
- მაღალი ღირებულება
ლამინატი
პრაქტიკული და შედარებით დაბალფასიანი იატაკის საფარია ლამინატი, რომელიც დღეს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტია.
უპირატესობები:
- მისი მოვლა საკმაოდ მარტივია.
- მისაღები ღირებულება.
- არ იკაწრება მარტივად.
- მრავალფეროვანი არჩევანი.
ნაკლოვანება:
- თუ ის არასწორად დაამონტაჟეს, ხშირია ამობურცული ზედაპირი და ამის შედეგად გამოწვეული ხმები.
- პარკეტთან შედარებით ნაკლებად გამძლე.
ფილები
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი იატაკის საფარი ფილაა, რომელიც გამძლეობითა და ესთეტიკური მახასიათებლით გამოირჩევა. ამ მასალას ძირითადად მისაღებში და სველი წერტილების მოსაწყობად გამოიყენება.
უპირატესობებია:
- წყალგაუმტარი.
- მდგრადია სინესტისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ.
- მისი მოვლა საკმაოდ მარტივია.
ნაკლოვანება:
- ზამთარში სითბოს ვერ ინარჩუნებს და ცივია.
- სრიალა.
- რთული დასაყენებელია, ინსტალაციამდე საჭიროა ბევრი მოსამზადებელი სამუშაო.
ლინოლეუმი
ლინოლეუმის საფარი გამოირჩევა იმით, რომ ის არის ძალიან დაბალფასიანი და პრაქტიკული მოსახმარი.
უპირატესობებია:
- კარგად იტანს წყალს.
- დაგება მარტივია.
- დაზიანების შემთხვევაში მარტივად გამოსწორებადი.
ნაკლოვანება:
- დაბალი ხარისხი
- მზის სხივების ზემოქმედებისას შეიძლება გამუქდეს ან მოყვითალო გახდეს.
- ხშირად ფუჭდება.
- ნივთების კვალი მარტივად რჩება.
რა ჯდება იატაკის დაგება საქართველოში?
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოს საბოლოო ფასი თქვენ მიერ შერჩეულ იატაკის საფარზე იქნება დამოკიდებული. ამ მხრივ ქართულ ბაზარზე მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს და ბევრი რამ თქვენს საჭიროებებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, ხის პარკეტის საფასური ბევრად მაღალია (1 კვადრატულ მეტრზე მისი ღირებულება საშუალოდ 119 ლარიდან 240 ლარამდე მერყეობს), შემდეგ საფასო კატეგორიას ლამინატის იატაკი წარმოადგენს (20-90 ლარი), ყველაზე ბიუჯეტური ვარიანტი კი ლინოლეუმის იატაკია (14-25 ლარი). რაც შეეხება ფილას, ამ მხრივ მრავალმხრივი არჩევანი არსებობს და ფასთა დიაპაზონიც შესაბამისად დიდია (15-200ლარი).
ხელობის ფასი
მას შემდეგ, რაც თქვენი გემოვნებისა და ბიუჯეტის შესაფერის მასალას შეარჩევთ, საჭიროა ხელოსნის მომსახურების ხარჯების გათვალისწინება. საორიენტაციო ფასის დასადგენად ჩვენ კომპანია „გერმანული სახლს“ მივმართეთ. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მომხმარებლის მაღალი დაინტერესება პარკეტზე მოდის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ლამინირებული იატაკი შედარებით ბიუჯეტური ვარიანტია, ის უფრო გაყიდვადი ვარიანტია.
პარკეტის დაგება 1კვადრატულ მეტრზე “გერმანული სახლის” მომსახურებით 30-65 ლარი ჯდება, ხოლო ლამინატის შემთხვევაში აღნიშნული კომპანიის მომსახურება 8-30 ლარს შეადგენს.
იატაკის დაგების ღირებულების შესასწავლად, ჩვენ ფიზიკურ პირებს, ხელოსნებსაც გავესაუბრეთ. როგორც მათგან ვიგებთ, ხელობის ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე, სახლის გეგმარებაზე, მასალაზე და ბევრ სხვა წვრილმანზე. ნიკა, რომელსაც მხოლოდ თბილისში 50-ზე მეტ სახლში აქვს მოპირკეთებულ იატაკი, გვიამბობს, რომ მისი მომსახურება ლამინატის შემთხვევაში 10-25 ლარის ფარგლებში მერყეობს, პარკეტის შემთხვევაში 25-60 ლარის ფარგლებში, ხოლო ლინოლეუმის შემთხვევაში – 10-20ლ.
რაც შეეხება ფილას, ნიკას თანახმად, ვინაიდან ამ მასალას დაგების მხრივ განსაკუთრებული სირთულე და სპეციფიკა გააჩნია, ამ მომსახურების ღირებულება მის გუნდში 30-40 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რომ შევაჯამოთ, იმისთვის, რომ იატაკის მოპირკეთების საორიენტაციო ფასი დაადგინოთ, პირველ რიგში, საჭიროა, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მასალა, რაზეც მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული სამუშაოს საბოლოო ფასი. რაც შეეხება მომსახურების ღირებულებას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მხრივ გარკვეული სტანდარტები არსებობს და საშუალო ფასი მკაცრად არის განსაზღვრული როგორც კომპანიების, ასევე კერძო პირების შემთხვევაში.