in

რა განსხვავებაა იატაკის ელექტრო გათბობასა და წყლის გათბობას შორის?

იატაკქვეშა გათბობა ორი სახისაა – იატაკის ელექტრო გათბობა და იატაკის წყლის გათბობა. შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს უჭირთ არჩევანის გაკეთება და ორ სისტემას შორის მათთვის სასურველი ვარიანტის შერჩევა. დღევანდელ სტატიაში, დარგის წარმომადგენლის დახმარებით, გათბობის სისტემის ორივე ვარიანტს განვიხილავთ და თითოეული მათგანის უპირატესობებზე ვიმსჯელებთ.

სივრცის გათვალისწინება —  უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ელექტრო გათბობა ორ სახეობად იყოფა — დიდი სიმძლავრის მქონე ელექტრო გათბობა, რომელსაც ძირითად გათბობის სისტემად იყენებენ და შედარებით მცირე სიმძლავრის სისტემა, რომელსაც დამატებით გათბობის საშუალებად იყენებენ ისეთ ზონებში, რომლებიც არაეფექტურად თბება — ვერანდა, დერეფანი, სველი წერტილი. ხოლო წყლის იატაკქვეშა გათბობას, უმეტესად, ცენტრალური გათბობის სისტემად მოიხმარენ, რომელიც გათბობის ქვაბის, თბური ტუმბოს დახმარებით მუშაობს და ეფექტურად ათბობს მთელ ფართს.

შეიძლება ითქვას, რომ დიდი ფართობის პირობებში, შედარებით არაეფექტურია იატაკის ელექტრო გათბობა, რომელიც ძირითად სისტემად გამოიყენება, რადგან ასეთ დროს ელექტროენერგიის ხარჯი მაღალია, ხოლო ელექტრო გათბობის გამოყენება 30 მ2-ზე მეტად რეკომენდებული არ არის, რათა 7 კილოვატს არ გადააჭარბოს გათბობის სიმძლავრემ.  ხოლო მცირე ფართობის მქონე ბინებში, ან კონკრეტულ ზონებში ელექტრო იატაკის გათბობა უპირატესობით სარგებლობს, რადგან დასამონტაჟებლად მარტივია, განსაკუთრებულ ფინანსურ ხარჯებს არ წარმოქმნის და რაც მთავარია, სრულფასოვნად ათბობს სივრცეს.

სითბოს შენარჩუნება და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა —  წყლის იატაკქვეშა გათბობა იატაკის ქვეშ დამონტაჟებული წყლის ცირკულაციის მილების მეშვეობით მუშაობს, რომელიც ქვაბის სისტემას უკავშირდება. ხოლო იატაკის ელექტრო გათბობა, იატაკქვეშ არსებული ელექტრო სადენების პრინციპით ფუნქციონირებს. იმის გამო, რომ წყალი შედარებით გვიან თბება, წყლის სისტემის იატაკის გათბობა დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს სითბოს, ხოლო ელექტრო სისტემა უფრო სწრაფად თბება და გრილდება. ასევე, დარგის წარმომადგენლის თქმით, წყლის იატაკის გათბობა შედარებით მეტად ცხელდება, რის გამოც მაცხოვრებლებს ტემპერატურის დაბლა დაწევა სჭირდებათ. ამიტომ დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე იატაკის გათბობაც თბილ გარემოს უზრუნველყოფს. იატაკის ელექტრო გათბობა კი იატაკის გადახურების რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

უსაფრთხოების ხარისხი — ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ იმის გამო, რომ იატაკქვეშა წყლის გათბობის სისტემა მეტად ცხელდება და ხურდება,  აშრობს ბეტონს და მის საექსპლუატაციო ვადას, რომელიც დაახლოებით 50 წელია, ამცირებს. ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, წყლის სისტემის შემთხვევაში არსებობს წყლის მილის დაზიანების საფრთხე, რომელიც მთლიან იატაკსა და გათბობის სისტემას აფუჭებს. ელექტრო გათბობის შემთხვევაში კი უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია და თითქმის არ არსებობს იმის საფრთხე, რომ სადენი დაზიანდეს, ან მაცხოვრებელს შემთხვევით დენმა დაარტყას. ელექტრო იატაკის გათბობა ხშირად კეთდება აუზებზეც, რის გამოც წყალთან კავშირის დროსაც უსაფრთხოების ნორმები შენარჩუნებულია და  სპეციალური დამუშავების და მონტაჟის სპეციფიკის  წყალობით უსაფრთხოა.

ფინანსური ხარჯი — ექსპერტის მიხედვით, ხარჯები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ წინასწარ ღირებულების განსაზღვრა თითოეულ შემთხვევაში შეუძლებელია. თუმცა  დიდი ფართობის მქონე საცხოვრებელში,  ცენტრალურ გათბობად ელექტრო სისტემის გამოყენება, შესაძლოა არარელევანტური იყოს, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება გაცილებით ძვირი დაჯდება, ვიდრე წყლის სისტემის შემთხვევაში. ხოლო მცირე ფართობის მქონე ბინებში, შეიძლება, ელექტრო გაყვანილობა ნაკლები დაჯდეს, რადგან მცირე რაოდენობის სადენებითა და დაბალი ღირებულების თერმოსტატით, მაცხოვრებელმა ეკონომია გააკეთოს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ინდუსტრიული ხასიათის მქონე ლოფტი პარიზში

ქართული რივიერა ბუკნარში – ახალი პროექტი “ლისი დეველოპმენტისგან”