სარემონტო სამუშაოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური იატაკის მოხვეწაა, რომელიც დაზიანებული ადგილების აღდგენას/გამოცვლას, ზედაპირის მოსწორებას, ლაქისა და ზეთის წასმას გულისხმობს. მოხვეწის საშუალებით ახლდება იატაკის საფარი და მას მეტი მიმზიდველობა და სიმტკიცე ენიჭება.
კომპანია „ვუდმენში“, რომელიც ამ სფეროში საქმიანობს, გვიხსნიან, რომ იატაკი მუშავდება/ახლდება ხის საგანგებო აპარატით, რომელიც საფარს ათანაბრებს. ექსპერტის თქმით, იატაკის მოსახვეწად საჭიროა შემდეგი მასალა: სხვადასხვა ზომის ზუმფარა, რომელიც იატაკის ძველი ფენის მოსახსნელად და მისი საფარის დასამუშავებლად გამოიყენება, ლაქი – იატაკზე წასასმელად და ლილვაკი – მის ზედაპირზე დასატანად.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, იატაკი სულ ბოლოს, რემონტის დასრულების შემდეგ უნდა მოიხვეწოს, რათა აღდგენილი/განახლებული ზედაპირი სარემონტო სამუშაოს დროს არ დაზიანდეს. ცხადია, მოხვეწისას სივრცე ცარიელი უნდა იყოს, რათა ავეჯმა სამუშაო არ შეაფერხოს.
თავდაპირველად იატაკი მტვრისგან სრულყოფილად იწმინდება, რის შემდეგაც, ზუმფარების ეტაპობრივი ცვლილებით, უშუალოდ მოხვეწის პროცესი იწყება. მომდევნო ეტაპზე იატაკის საფარი საგანგებო აპარატით მუშავდება. დიდი ყურადღება ექცევა კუთხეებისა და კიდეების განახლებას. საბოლოოდ, იატაკი ლაქით იფარება.
როგორც კომპანია „ვუდმენში“ აღნიშნავენ, იატაკის მოხვეწის ღირებულება ხელოსნისა და მასალის მიხედვით გამოითვლება. სპეციალისტის თქმით, ხელობის ფასი იატაკის ტიპის მიხედვით განსხვავდება:
„არსებობს სხვადასხვა სახეობის იატაკი, რომელთა დამუშავების ღირებულება ინდივიდუალურად გამოითვლება. მაგალითად, პარკეტის 1 მ2 ზედაპირის მოხვეწა და გალაქვა 10-12 ლარი ღირს. ფიცრული იატაკის შემთხვევაში ეს ფასი 13-15 ლარის ფარგლებში მერყეობს. შეღებილი იატაკის (გასათვალისწინებელია, რომ ფიცრული იატაკი ძირითადად შეღებილია) მოხვეწის ღირებულება 15-17 ლარია“.
არსებობს დაბალი, საშუალო და მაღალი ხარისხის ლაქი, შესაბამისად, მასალის ფასიც ლაქის ხარისხის მიხედვით იცვლება. ჩვენი რესპონდენტის თქმით, დაბალი ხარისხის ლაქის 5-ლიტრიანი პაკეტის ღირებულება 200 ლარიდან იწყება, საშუალო ხარისხის ლაქი 270 ლარი ღირს, მაღალი ხარისხისა კი – 350 ლარი. გასათვალისწინებელია, რომ 5-ლიტრიანი შეფუთვა 18-20 მ2 ფართის იატაკის საფარის 4 ფენად გალაქვისთვისაა საკმარისი.
რაც შეეხება ზუმფარის ფასს, იგი 1 მ2-ზე, საშუალოდ, 2-3 ლარს შეადგენს.
„ამ ხარჯებს ემატება ღიობების შევსების ღირებულებაც. თუ იატაკის ღიობების ამოვსება (ე. წ. დაშპაკვლა) გახდა საჭირო, ხელობის ფასს 1მ2-ზე 5-6 ლარი ემატება“, – აღნიშნავს სპეციალისტი.
როგორც კომპანიაში გვიხსნიან, მომხმარებელთა უმეტესობა საშუალო ხარისხის ლაქს ანიჭებს უპირატესობას, რადგან მისი ხარისხი დამაკმაყოფილებელია, ფასი კი – მისაღები. ამ შემთხვევაში, ხელობისა და მასალის ფასის გათვალისწინებით, იატაკის მოხვეწის მთლიანი ღირებულება 1მ2-ზე, საშუალოდ, 25-30 ლარი გამოვა.