in

4 მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც იატაკის მოხვეწის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ

IPS
IPS

მოხვეწა ხის იატაკის განახლებას, აღდგენას, მოსწორებას და დაზიანებული ადგილების შესწორებას გულისხმობს, რაც იატაკის საფარს სრულიად ახალ იერს სძენს და მას ერთიან, მიმზიდველ სახეს ანიჭებს.

იმის გამო, რომ ბუნებრივი ხე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინტერიერში, მაცხოვრებელთა უმეტესობა ახალი იატაკისა თუ ფილების დაგებას, ძველი პარკეტის და ფიცრული იატაკის განახლებას ამჯობინებს. შესაბამისად, რემონტის დროს  იატაკის მოხვეწას ხშირად მიმართავენ. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია იატაკის მოხვეწის დროს გაითვალისწინოთ, რათა წარმატებული და სასურველი შედეგი მიიღოთ.

იატაკის შეფასება — პირველად ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ იატაკის ხარისხი შემოწმდეს, რადგან გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც საფარი უხარისხოა, იატაკის მოხვეწა სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს. მაგალითად, თუ იატაკი მოძრავია ან არ არის სწორად დაგებული, მოხვეწისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარება არ არის რეკომენდირებული. რადგან მოძრავი იატაკის დროს, იატაკის ფენებს შორის სივრცეები ჩნდება, მისი ამოვსება კი ფითხით ვერ ხერხდება. შესაბამისად, ზედაპირზე ღიობები რჩება და  სრულყოფილად ვერ სწორდება. ხოლო თუ პარკეტის ბოლო ფენა იმდენად თხელია, რომ მოხვეწას ვერ უძლებს, ის განახლებას აღარ ექვემდებარება და მისი გამოცვლაა საჭირო. თუმცა თუ მაცხოვრებელს მაინც სურს ძველი იატაკის შენარჩუნება, მოძრავი იატაკის მოხვეწა მაინც შესაძლებელია მისი გასუფთავება-გათეთრების მიზნით. მაგრამ ამ შემთხვევაში, აუცილებელია მაღალი ხარისხის ლაქის გამოყენება, რომელიც ზედაპირის სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

მონტაჟის სპეციფიკის გათვალისწინება —  იატაკის მოხვეწა ყოველთვის რემონტის ბოლო ეტაპზე უნდა შესრულდეს, სივრცე კი კარგად გასუფთავებული, ავეჯისა და ნივთებისგან სრულად დაცლილი უნდა იყოს, რათა სამუშაო შეუფერხებლად წარიმართოს. იატაკის მტვრისგან გაწმენდის შემდეგ, მოხვეწის ეტაპი ზუმფარების გამოყენებით იწყება, შემდეგ კი საფარი სპეციალური აპარატით მუშავდება, საბოლოდ კი ზედაპირი ლაქით იფარება. დიდი ყურადღება ექცევა კუთხეების, კიდეების დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ღიობების ამოვსებას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაზარზე განსხვავებული ხარისხის ლაქები არსებობს, ამიტომ მაცხოვრებლებმა ფასის გათვალისწინებით კარგად უნდა შეარჩიონ პროდუქტი და იატაკის სიმტკიცის შესანარჩუნებლად, მაღალი ხარისხის მასალას მიანიჭონ უპირატესობა.

აპარატის შერჩევა ­— ქართულ ბაზარზე იატაკის მოსახვეწად იყენებენ რუსულ და გერმანულ აპარატებს, რომლებიც ერთმანეთისგან ზედაპირის გასწორების ხარისხითა და  ხელობის ფასით განსხვავდება.  მაგალითად,  გერმანული წარმოების დანადგარი თანამედროვე, ინოვაციური მოდელია, რომელიც შესრულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ის ეფექტურად ასწორებს ზედაპირს და სრულყოფილ შედეგს იძლევა, თუმცა სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილ ხელოსანს მოითხოვს, რათა აპარატი ზედმიწევნით სწორად იქნას გამოყენებული. ასევე, უმჯობესია, რომ დაბალი ხარისხის, თხელი და არამყარი ხის იატაკის საფარის შემთხვევაში, გერმანული დანადგარი არ ვიხმაროთ, რადგან ზედაპირს ეფექტურად ვერ გაასწორებს. დაბალი ხარისხის, მოძრავი საფარის დროს უკეთესია, რუსული აპარატის გამოყენება, რომელიც შედარებით დაბალი ხარისხისაა, თუმცა მძიმე, შავ სამუშაოს უკეთესად ასრულებს და  ხელობის ღირებულებაც ბევრად ნაკლებია.

გაშრობის ინტერვალი — სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ლაქი კარგად გაშრეს და გარკვეული დროითი ინტერვალი დავიცვათ ზედაპირის სრულ სიმშრალემდე,  მხოლოდ ამის შემდეგ კი იატაკით სარგებლობა და ავეჯის განთავსება დავიწყოთ.

რუბრიკის წარმდგენია სამშენებლო სერვისების და მასალების კომპანია “აიპიესი

ავტორი: მეკო მეტრეველი

Art House – ტრაპეციის ფორმის ნაკვეთზე შექმნილი ორიგინალური ნაგებობა

ინტერიერში შემოჭრილი ექსტერიერი – Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეული პროექტები საქართველოდან