in

რას ნიშნავს იატაკის მოსწორება და რატომ არის ის საჭირო?

IPS
IPS

ბინის ან სახლის რემონტის დროს იატაკის მოსწორება აუცილებელი ნაბიჯია. იმისათვის, რომ იატაკი თანაბარი გამოვიდეს, საჭიროა იდეალური ბაზის შექმნა. ამისათვის გამოიყენება ქვიშისა და ცემენტის ნარევის ფენა, რომელიც საიზოლაციო ფენაზე ან უხეშ ზედაპირზე თავსდება. ქვიშისა და ცემენტის ნარევით შექმნილი ფენა მზად იქნება იატაკის ნებისმიერი სახის საფარით დასაფარად (ფილები, ლამინატი, ლინოლეუმი).

ყველაზე ქვემოთ არის რკინაბეტონის საბაზისო ფენა, შემდეგ მოდის ხმის საიზოლაციო მასალის ფენა, ჰიდროსაიზოლაციო ფენა (როგორც წესი, გამოიყენება პოლიეთილენი), გამაგრებითი სამშენებლო ბადე, ქვიშისა და ცემენტის ხსნარი.

სტანდარტული შემადგენლობა

იატაკის მოსწორებისთვის საჭირო ნარევის მისაღებად გარკვეული პროპორციებით გამოიყენება ცემენტი, ქვიშა და წყალი. ზოგიერთი სამშენებლო ნარევი, შესაძლოა, შეიცავდეს დანამატებს, რომლებიც ფენის გაშრობას აჩქარებს. ზოგჯერ მორევისას მასას ამატებენ ბოჭკოს, რომელიც გაშრობისას ცემენტის ფენის შეკუმშვას ამცირებს. ამა თუ იმ კომპონენტის კონცენტრაციის რეგულირებით, შეგიძლიათ ნარევის ხარისხზე ზეგავლენა იქონიოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქვიშის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება ფენას უფრო მტვრევადს ხდის – ასეთი ნარევი, სავარაუდოდ, სწრაფად გაიბზარება, რადგან ის ნაკლებად მტკიცე იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ ხმის იზოლაციას. სამწუხაროდ, ბევრი მომხმარებელი (ან არაკეთილსინდისიერი ხელოსანი) ცდილობს ამ მხრივ ფული დაზოგოს. თუმცა, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება არ არის, რადგან ბინაში ცხოვრების კომფორტი ხმის სათანადო შთანთქმაზეა დამოკიდებული. ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ხმაურთან დაკავშირებით გარკვეული წესები და რეგულაციები არსებობს. თუ გსურთ, რომ მეზობლებთან პრობლემები თავიდან აიცილოთ, აუცილებელია, რომ ეს წესები დაიცვათ.

ცემენტისა და ქვიშის ნარევის მთავარი დანიშნულება იატაკის მოსწორებაა, თუმცა, სინამდვილეში, ეს ფენა უამრავ სხვა ფუნქციას ასრულებს:

  • ზრდის იატაკის ჰიდროიზოლაციის მახასიათებლებს და სიმტკიცეს;
  • აუმჯობესებს საფუძვლის თბოიზოლაციას;
  • ქმნის ფენის შიგნით ზოგიერთი კომუნიკაციის მოთავსების შესაძლებლობას (მავთულები, მილსადენები, იატაკქვეშა გათბობის სისტემები);
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს იატაკების გარკვეულ დონეზე ამაღლებას;
  • ქმნის იდეალურ ჰორიზონტალურ ზედაპირს, რაც ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამონტაჟებისას ძალიან მნიშვნელოვანია.
  • იდეალურად სწორი ზედაპირი იატაკის სხვადასხვა სახის საფარის გამძლეობას უზრუნველყოფს.

ნარევის ტიპები მასალების მიხედვით

სველი

ცემენტისა და ქვიშის ნარევი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. სველი ნარევის დაგების შემდეგ, სრულ გაშრობას მინიმუმ ერთი თვე სჭირდება. საცხოვრებელი კორპუსისთვის, როგორც წესი, ასეთი ტიპის ნარევი არ გამოიყენება – ის უფრო შესაფერისია საწარმოო სახელოსნოებისთვის ან მსგავსი შენობებისთვის.

ნახევრადმშრალი

ეს ვარიანტი საკმაოდ ხშირად გამოიყენება. ნახევრადმშრალი ნარევის შემადგენლობაში ნაკლები რაოდენობის წყალი, მაგრამ უფრო მეტი ქვიშა შედის. ნახევრადმშრალი მასა, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად შრება, მაგრამ მისი სიმტკიცე უფრო ნაკლებია, ვიდრე სველის. ასეთი მასა ბინებისთვის გამოდგება.

მშრალი

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს სრულიად მშრალი ტიპის ნარევია. ზედაპირი დაფარულია სპეციალური მშრალი ნაზავით. ზემოდან იდება და ფიქსირდება ხის ბურბუშელას ფილა (ე. წ. „დეესპე“), თაბაშირბოჭკოვანი ფილები და შრეებიანი ფიცრები. მშრალი ნარევი იატაკსა და საძირკველს ზედმეტად არ ტვირთავს, ამასთან, გაშრობის მიზნით ლოდინიც არ არის საჭირო.

თვითსწორებადი

მიზნიდან გამომდინარე, ნარევის შემადგენლობას, შესაძლოა, განსხვავებული თანმიმდევრულობა ჰქონდეს. ნარევის ცალკე გასწორება საჭირო არ არის, რადგან თხევადი შემადგენლობა ზედაპირზე თანაბრად ნაწილდება. თუმცა, ასეთი ნარევი სრულყოფილად არ განიხილება, ამიტომ ის ხშირად გამოიყენება, როგორც ზედა საფარი, რომელიც უხეშ ბაზაზეა მოთავსებული.

ბინისთვის ნარევის საუკეთესო ვარიანტია მშრალი ან ნახევრად მშრალი. ამ მეთოდის არჩევა განპირობებულია ფენის გაშრობის საკმაოდ მცირე დროით და გამოყენებული მასალების ხელმისაწვდომი ფასებით.

ბინა ჭავჭავაძეზე ფრანგული ესთეტიკით – სტუდია Objects-ის ნამუშევარი

ტური ჯონ მელენკამპის განმარტოებულ სახლში მონტესიტოში