in

10 ნაბიჯი იდეალური აბაზანის საშრობის შესაძენად

პირსახოცის საშრობი სააბაზანოში დამატებით კომფორტს ქმნის — პირსახოცებს ნესტის სუნი არ აქვს, ობის გაჩენის რისკი მცირდება და პატარა ტანსაცმლის გაშრობაც მოსახერხებელია. საშრობის შერჩევისას რამდენიმე დეტალის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი, რომელთა შესახებაც სწორედ დღეს ვისაუბრებთ.

ნაბიჯი 1. ფუნქციისა და ფორმის შერჩევა

უპირველესად, უნდა განსაზღვროთ, რისთვის გჭირდებათ საშრობი. საერთოდ, ორი სახის საშრობი არსებობს, რომლებიც გამოიყენება:

  • აბაზანის გასათბობად;
  • პირსახოცებისა და ტანსაცმლის გაშრობისთვის.

გათბობის ფუნქციას სტანდარტული ხვეულა საუკეთესოდ ასრულებს. გრძელი, მოხრილი მილი შეიძლება S, M ან C ფორმის იყოს. დიდ ოთახებისთვის შეარჩიეთ მოდელი მილის მაქსიმალური სიგრძით.

ჩვეულებისამებრ, ნივთების გასაშრობად კიბის ფორმის საშრობი გამოიყენება. ორ ვერტიკალურ მილს შორის რაც უფრო მეტი საფეხურია, მით მეტი ნივთის გაშრობაა შესაძლებელი.

ნაბიჯი 2. რომელი საშრობი სჯობს – ელექტრო თუ წყალზე მომუშავე?

ტრადიციული საშრობები წყალმომარაგების ან გათბობის სისტემის საშუალებით თბება. პირველი მთელი წლის განმავლობაში ცხელია, მეორე — მხოლოდ ცივ სეზონზე.

წყლის მეშვეობით გაცხელებული საშრობის განთავსება ყველგან არ შეგიძლიათ, რადგან აუცილებლად ცხელი წყლის მიწოდების წყაროსთან უნდა იყოს. მისი სხვა კედელზე გადატანა ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, მონტაჟი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.

ელექტროსაშრობები ბევრად უფრო მოქნილია. მათი დამონტაჟება სააბაზანოს ნებისმიერ კედელზეა შესაძლებელი. მოწყობილობა დენის წყაროში ერთდება, ამიტომ წყალგაუმტარი როზეტების დასამონტაჟებლად პროფესიონალის დახმარება დაგჭირდებათ. მათი ძირითადი ნაკლი გაზრდილი კომუნალური გადასახადია. გარდა ამისა, ელექტროენერგიის გათიშვის დროს მოწყობილობით სარგებლობა შეუძლებელია.

ნაბიჯი 3. მასალის შერჩევა

პირსახოცის საშრობის წარმოებისთვის შემდეგი სახის მასალა გამოიყენება:

  • სპილენძი და თითბერი — გამოირჩევა თბოგამტარობის მაღალი ხარისხით, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას, თუმცა, სწრაფად ხუნდება. შეიძლება წყალმა გააფუჭოს. ცენტრალური გათბობის სისტემასთან დასაკავშირებლად მხოლოდ გალვანიზებული მილების გამოყენება შეიძლება.
  • უჟანგავი ფოლადი – გამძლე და მბზინვარეა. მინიმუმ 2,5 მმ კედლის სისქის მილების შერჩევის შემთხვევაში, მისი გამოყენების ვადა თითქმის უსასრულოა.
  • შავი ფოლადი — მისგან მზადდება ცენტრალური გათბობის სისტემასთან დაკავშირებული მოდელი, რომლის გამოყენებაც აგარაკებსა და კოტეჯებშია რეკომენდებული. მისი შიგთავსი ანტიკოროზიული ნაერთითაა დაფარული. დროთა განმავლობაში წყალმა, შესაძლოა, მასში ნალექი დააგროვოს, რის გამოც მილის დიამეტრი მცირდება და მოწყობილობა ცუდად მუშაობს.

ნაბიჯი 4. მიწოდების განსაზღვრა

ეს საკითხი ელექტრომოდელებს არ ეხება. წყლით გაცხელებულ საშრობს შეიძლება შემდეგი ტიპის წყლის მიწოდება ჰქონდეს:

  • ქვედა
  • მარჯვენა
  • მარცხენა

ეს დეტალი საშრობის შეძენამდე აუცილებლად უნდა დააზუსტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შერჩეული მოდელი სააბაზანოს ვერ მოარგოთ.

ნაბიჯი 5. მანძილი ჰორიზონტალურ მილებს შორის

ჰორიზონტალურ მილებს შორის სტანდარტული მანძილი 5 სანტიმეტრია. უფრო დიდი დაშორება საჭიროა დიდი სააბაზანოსთვის. თუმცა, ასეთი მოდელი, სტანდარტულთან შედარებით, გაცილებით გრძელია, რაც სააბაზანოს გეგმარებისას უნდა გაითვალისწინოთ.

ნაბიჯი 6. მონტაჟის მეთოდის შერჩევა

არსებობს პირსახოცის საშრობის მონტაჟის შემდეგი ტიპები:

  • კედელზე დამონტაჟებული — ასეთია როგორც წყლის, ასევე ელექტრომოდელები. მოწყობილობა მცირე ადგილს იკავებს და კედელზე, წყლის ან დენის წყაროსთან ახლოსაა დამონტაჟებული.
  • იატაკზე დასადები — როგორც წესი, ეს წყალზე მომუშავე მოდელია. განკუთვნილია დიდი სააბაზანოებისთვის. მნიშვნელოვანია, წყალმომარაგების ადგილმდებარეობა გაითვალისწინოთ.
  • პორტატიული — მობილური ელექტრომოდელები, რომელთა გადაადგილებაც შესაძლებელია. საკმარისია, მხოლოდ დენის წყაროში შეაერთოთ. ასეთი მოდელები გამოიყენება პატარა სააბაზანოებში.

ნაბიჯი 7. დიზაინი და ზომა

სპილენძის საშრობებს დამატებით შეღებვა არ სჭირდება, მათი ელფერი შესანიშნავად ერგება ვიქტორიანული ეპოქის სტილის კლასიკურ ინტერიერს.

უჟანგავი ფოლადის საშრობები გამოირჩევა ქრომირებული ბზინვარებით და უხდება ღია პასტელური ფერებით გაფორმებულ სააბაზანოს. შეგიძლიათ, მქრქალი ვარიანტები ან თქვენთვის სასურველი ელფერი შეარჩიოთ.

შავი ფოლადის მოდელებს მონტაჟის შემდეგ დამატებითი შეღებვა სჭირდება. შეგიძლიათ, ისეთი ელფერები შეარჩიოთ, რომლებიც კედლების ფერს უხდება, ან ფუტურისტული დიზაინი შექმნათ და მოწყობილობა ნათელ ფერებში შეღებოთ.

ელექტროსაშრობები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, მქრქალი ან ქრომირებული. ასეთი მოდელების დამზადება დაძველებული ბრინჯაოს მოოქროებით შეიძლება.

პირსახოცის საშრობის ზომა სააბაზანოს ზომაზეა დამოკიდებული. კომპაქტური მოდელების დამონტაჟება ნებისმიერ ვერტიკალურ ზედაპირზე შეიძლება.

დიდი მოდელები ოთახს უკეთესად ათბობს. ამასთან, მათზე მეტი ნივთის განთავსებაა შესაძლებელი.

ნაბიჯი 8. ტექნიკური მოთხოვნები

წყალზე მომუშავე საშრობის დამონტაჟებისას მნიშვნელოვანია წნევის განსაზღვრა ცენტრალური გათბობის სისტემაში. მრავალბინიან შენობებში ის შეიძლება 2-დან 7,5 ატმოსფერომდე მერყეობდეს. გარდა ამისა, ეს მაჩვენებელი შეიძლება განსხვავდებოდეს, განსაკუთრებით ძველი კომუნიკაციების მქონე შენობებში, სადაც წნევა ხშირად იმატებს, რაც ძირითადად ერთი სეზონიდან მეორეზე გადასვლას უკავშირდება. პირსახოცის საშრობის მოდელი თქვენი სისტემის მაქსიმალურ წნევაზე უნდა იყოს გათვლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წყალმა გაჟონოს.

აგარაკებში წნევა 2-3 ატმოსფეროს იშვიათად აღემატება. ასეთ დატვირთვას თანამედროვე, წყალზე მომუშავე საშრობების უმეტესობა უძლებს.

გაითვალისწინეთ, რომ ელექტრომოდელის შერჩევამდე ელექტრიკოსთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.

ნაბიჯი 9. მნიშვნელოვანი დეტალები

წყლის მოდელების შერჩევისას, დარწმუნდით, რომ მილების ზედაპირი ერთიანი და გლუვია, ჩაზნექილობისა და ჩანართების გარეშე. ელექტროსაშრობს კარგად დამაგრებული, ძლიერი მავთულები უნდა ჰქონდეს, ნაკეცების გარეშე.

ნაბიჯი 10. პროდუქტის შეძენა

სააბაზანოს საშრობების მრავალფეროვანი არჩევანი კომპანია “მაქსთერმშია” წარმოდგენილი, სადაც საუკეთესო მოდელის შერჩევაში სპეციალისტები დაგეხმარებიან. შოურუმში წარმოდგენილ ყველა მოდელს გააჩნია გარანტია და სრული ტექნიკური დოკუმენტაცია.

რუბრიკის წარმდგენია მაქსთერმი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

არქიტექტურა, როგორც მნიშვნელოვანი მისია და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი

ბუნებრივი სინათლით აღსავსე მომხიბვლელი შვედური აგარაკი