in

სამზარეულოს იატაკი – რა ვარიანტები არსებობს?

სამზარეულოს გაფორმების დროს მთავარი აქცენტი ხშირად განლაგებასა და კარადების სტილზე კეთდება. თუმცა, ამ ოთახის დაპროექტებისას იატაკი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია.

თქვენი სამზარეულოს იატაკი არა მხოლოდ ძალიან თვალსაჩინოა, არამედ ის უფრო ინტენსიურად გამოიყენება, ვიდრე სახლის სხვა ოთახების იატაკი. აქედან გამომდინარე, შესაფერისი საფარის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

სამზარეულოს იატაკი უნდა იყოს გამძლე, ადვილი გასაწმენდი და დასველების დროს უსაფრთხო. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ის ლამაზად გამოიყურებოდეს და ოთახის მთლიან დიზაინს შეესაბამებოდეს.

დღეს ვისაუბრებთ სამზარეულოს იატაკის თანამედროვე იდეების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ მშვენივრად გამოიყურება, არამედ საუცხოო გამძლეობითაც ხასიათდება.

ფილები

სამზარეულოს იატაკისთვის ფილები ყველაზე პოპულარული არჩევანია. მათი გაწმენდა მარტივია და ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ხელმისაწვდომი, ამიტომ თქვენი სამზარეულოსთვის სასურველი დიზაინის პოვნა არ გაგიჭირდებათ. ამ სახის იატაკი მზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელსაც განსხვავებული გარეგნობა და თვისებები ახასიათებს.

კერამიკული ფილები

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სტილი, შეგიძლიათ იპოვოთ კერამიკული ფილა, რომელიც მას შეესაბამება. არსებობს მრავალი განსხვავებული ნიმუშის მქონე, სტილისა და ფერის კერამიკული ფილა. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ მქრქალი ან პრიალა ზედაპირის მქონე ვარიანტი.

თუმცა, კერამიკული ფილები უფრო ფოროვანია ვიდრე — ფაიფურის, რაც მათ გაჭუჭყიანებასა და ამ უკანასკნელზე მეტად გაცვეთას იწვევს.

სივრცეების ზონირებისთვის შეგიძლიათ იატაკისთვის ორი სახის ზედაპირი გამოიყენოთ. ეს გადაწყვეტა ხელსაყრელია სამზარეულოში, რომელიც მისაღებ ოთახთან არის ინტეგრირებული.

ფაიფურის ფილები

საშუალოდ, ფაიფურის ფილები წინა ვარიანტზე უფრო ძვირია. როგორც კერამიკული, ასევე ფაიფურის ფილები ადვილად იწმინდება. გარდა ამისა, ისინი ძალიან გამძლეა და ძნელად ზიანდება. ამ ვარიანტის მინუსი ისაა, რომ ფაიფურის ფილები ძალიან მყარი (შესაბამისად, ნაკლებად კომფორტული) და ცივია.

ტერაკოტას (გამომწვარი თიხის) იატაკი

ტერაკოტას ფილები იატაკის კერამიკული ფილების სახეობაა. ისინი მზადდება კონკრეტული ტიპის თიხისგან, რომელიც ფილებს მოწითალო ელფერს სძენს. ფილები ფოროვანია, თუმცა, ტერაკოტა უფრო ძვირია, ვიდრე კერამიკული ფილების უმეტესობა და სათანადო მოვლის შემთხვევაში, ის დიდხანს ძლებს.

ბუნებრივი ქვა

ბუნებრივი ქვის იატაკები, როგორიცაა გრანიტი, მარმარილო და კირქვა, სამზარეულოსთვის ძალიან პოპულარული არჩევანია, რადგან ისინი ადვილად იწმინდება. ქვის ფილები ამ ოთახს სითბოს, ხასიათს და სტილს მატებს.

ფაიფურის ფილების მსგავსად, ეს ვარიანტიც მყარი და ცივია, ამიტომ ისინი ნაკლებად კომფორტულია.

ტერაცო

ტერაცოს ფილები ცემენტის საშუალებით მარმარილოს, გრანიტის, კვარცის ან მინის ნატეხების შერევით მზადდება. იატაკის ეს ტიპი წყალგამძლეც არის და სათანადოდ ჰერმეტიზაციის შემთხვევაში, ადვილად არ ჭუჭყიანდება, ამიტომ ის სამზარეულოსთვის იდეალური არჩევანია. რადგან ტერაცო სხვადასხვა მასალების შერევით მზადდება, შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი დიზაინი, რომელიც თქვენი სამზარეულოს სტილს ყველაზე მეტად შეეფერება.

ბეტონი

თქვენი სამზარეულოს თანამედროვე ან ინდუსტრიული იერსახისთვის შეგიძლიათ არჩევანი ბეტონის იატაკზე შეაჩეროთ. ბეტონი უკიდურესად გამძლე ზედაპირია, რაც მას სამზარეულოსთვის სრულყოფილად აქცევს.

ბეტონის იატაკი შეიძლება სხვადასხვა ფერის ან ფაქტურის იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ის ცივია, იატაკქვეშა გათბობის საშუალებით ეს ნაკლოვანება ადვილად გამოსწორდება.

ვინილი

წავიდა ის დრო, როდესაც ვინილის იატაკს გაურბოდნენ. დღეს ის თანამედროვე ვარიანტად ითვლება. წყალგაუმტარობის, გამძლეობისა და ადვილად გასაწმენდი ზედაპირის წყალობით, ვინილი სამზარეულოსთვის ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია.

თუ ეს სტილი მოგწონთ, შეგიძლიათ შეარჩიოთ ვარიანტი, რომელიც ხეს, ფილას ან ბუნებრივ ქვას ჰგავს. ამასთან ვინილის ცოცხალი ფერები და ფორმები საოცნებო იატაკის შექმნას აადვილებს.

ხე

ხის იატაკს ნებისმიერ ოთახში სითბოს ელემენტი შემოაქვს, მაგრამ სამზარეულოსთვის ეს ყველაზე მარტივი არჩევანი ნამდვილად არ არის. ის ადვილად ზიანდება და წყალთან არ „მეგობრობს“, მაგრამ ყურადღებით მოვლის შემთხვევაში, შეგიძლიათ ხის იატაკი თამამად აირჩიოთ.

ლამინატი

ლამინატი სამზარეულოს იატაკის მოპირკეთების ბიუჯეტური ვარიანტია. შეგიძლიათ ხის ან ქვის გარეგნობის მქონე ზედაპირი გაცილებით იაფად მიიღოთ.

ლამინატი კარგად გამოიყურება და ადვილად იწმინდება. ლაქების თავიდან ასაცილებლად წყალგაუმტარი საფარის მქონე ვარიანტი შეარჩიეთ.

კორპი

კორპის იატაკი ხელმისაწვდომია ფილების, ფიცრებისა და წყალგაუმტარი ფილების (ბოლო წლებში) სახით, რაც მას სამზარეულოსთვის შესანიშნავ ვარიანტად აქცევს. რადგან კორპი ბუნებრივი მასალისგან არის დამზადებული, ის ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა არჩევანია, გარდა ამისა, კორპი თქვენს სამზარეულოს ბუნებრივ იერსახეს სძენს.

ლინოლეუმი

ლინოლეუმის იატაკი ბუნებრივი ნედლეულისგან არის დამზადებული, შესაბამისად, ეს მდგრადი არჩევანია. არსებობს მრავალი სხვადასხვა ფერის ლინოლეუმი და შეგიძლიათ ის იატაკზე თქვენი სახლისთვის შესაფერის სტილში დააგოთ. ლინოლეუმის ზედაპირი დამუშავებულია, მაგრამ ის ნეიტრალური საწმენდით უნდა გაიწმინდოს, რათა მასალა არ დაზიანდეს.

ფისოვანი იატაკი

ფისოვანი იატაკი არის გამძლე პლასტმასის ზედაპირი, რომელიც მაღალი გამძლეობისთვის გათვალისწინებული ინგრედიენტების შერევით იქმნება, რაც ამ ვარიანტს იდეალურს ხდის ისეთი სივრცეებისთვის, სადაც დიდი დატვირთულობაა. ფისოვანი იატაკი ადვილად იწმინდება და თქვენს სახლს თანამედროვე იერს ანიჭებს. გარდა ამისა, მისი მრავალფეროვანი ვარიანტები არსებობს.

ბამბუკი

დადებითი და უარყოფითი მხარეების თვალსაზრისით, ეს ვარიანტი ძალიან ჰგავს ხის იატაკს. თუმცა, თუ გარემოსდაცვითი მიზნები თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ ბამბუკი უკეთესი არჩევანია. ბამბუკი ბალახის სახეობაა, რომელსაც მომწიფებისთვის მხოლოდ ხუთი ან ექვსი წელი სჭირდება, ხეების შემთხვევაში კი ამისთვის რამდენიმე ათეული წელია საჭირო.

რომელია საუკეთესო არჩევანი თქვენი სამზარეულოსთვის?

ამ კითხვაზე პასუხი ბევრ რამეზეა დამოკიდებული: სივრცეზე,  თქვენს საყვარელ ინტერიერის დიზაინის სტილზე, ბიუჯეტზე, გარემოსდაცვით მიზნებზე და ა. შ. მაგრამ სტილის ან ბიუჯეტის მიუხედავად, არსებობს ბევრი შესანიშნავი ვარიანტი, რომელიც შეგიძლიათ თქვენს სამზარეულოში გამოიყენოთ.

ჰოლივუდის უძრავი ქონების ინვესტორისა და მოდელის ფრანგული სტილის სახლი

ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეული პროფესია – ინტერვიუ რუსო ჯანშიაშვილთან