გსურთ თქვენი სამზარეულო გახადოთ ისეთივე ელეგანტური და მყუდრო, როგორც ტრადიციულ ვიქტორიანულ სახლებშია? დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ და დაგეხმარებით მიაღწიოთ იმ ესთეტიკას, რომელიც ინგლისური სამზარეულოსთვის არის დამახასიათებელი.
ხის ავეჯი
ინგლისური სტილი ხასიათდება ბუნებრივი მასალების, მათ შორის ხის გამოყენებით. კარადების ფასადები, როგორც წესი, შეღებილია ბუნებრივ ელფერებში — თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი — და გაფორმებულია სპილენძის ან თითბრის სახელურებით. სამზარეულოს დიზაინის შექმნისას ნუ ეცდებით, მთელი სივრცე ქვედა და ზედა კარადებით დატვირთოთ. გახადეთ ინტერიერი მრავალფეროვანი მინის კარებიანი ბუფეტის საშუალებით, რომელშიც ჭურჭელსა და სანელებლების ქილებს მოათავსებთ.
ტექსტილი
ინგლისური სტილის სამზარეულოს ასევე გამოირჩევა მყუდრო ატმოსფეროთი, რომელსაც ფარდები და სხვა ტექსტილი ქმნის. თუ ფართობი ამის საშუალებას გაძლევთ, მოაწყვეთ პატარა სასადილო ზონა სამზარეულოში — მოათავსეთ ხის მაგიდა და სკამები რბილი დასაჯდომებით, რომლებზეც დატანილი იქნება ყვავილების ნიმუშები.
განათება
ინგლისური სტილის კიდევ ერთი თვისება ცენტრში ჩამოკიდებული ჭაღია, რომელიც სამზარეულოს ყველა კუთხეს ანათებს. აუცილებელი არ არის, რომ ის დიდი ან მდიდრულად მორთული იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჭაღის დიზაინი საერთო ფერთა პალიტრასთან იყოს შერწყმული. ამასთან შეგიძლიათ პატარა სანათები კედლებზეც დაამონტაჟოთ.
საყოფაცხოვრებო ტექნიკა რეტრო სტილში
ინგლისური სტილი უბრუნდება ვიქტორიანული და გეორგიანული ეპოქის სახლებს ბუხრით და თუჯის ღუმელებით, ამიტომ ანტიკური სტილის გაზქურები, ღუმელები და ჩაიდნები საუკეთესო გზაა თქვენი სამზარეულოს გასალამაზებლად.
კერამიკული ფილები
როგორც წესი, ტრადიციულ ინგლისურ სახლებში, სამზარეულოს წინსაფარი მოპირკეთებულია უბრალო კერამიკული ფილებით მიწიერ ტონებში, როგორიცაა თეთრი, ყავისფერი, ლურჯი ან მწვანე. სამზარეულოს კედლების ნაწილი შეგიძლიათ გააფორმოთ ძველმოდური ყვავილების ორნამენტებიანი შპალერით, რომლის ფერსაც წინსაფარს ან ფასადს შეუხამებთ.
აქსესუარები
ინგლისური სტილის სამზარეულოს შესანიშნავად ავსებს სანელებლებისა და სხვა პროდუქტებისთვის განკუთვნილი მინის ქილები, სპილენძის ქვაბები და ჩაიდნები, თიხის ქოთნები და, რა თქმა უნდა, ღია თაროებზე ან მინის კარებიან კარადებში გამოფენილი ფაიფური.