in

საფეხბურთო კლუბ “მილანის ინტერის” სათავო ოფისის დიზაინი, რომელიც კლუბის ისტორიას აცოცხლებს

FC Internazionale Milano-მ ბრენდების ჯგუფს DEGW, FUD, და Lombardini22-ის რთული და საპასუხისმგებლო გამოწვევა დაუწესა, როდესაც მათ „მილანის ინტერის” სათავო ოფისის შექმნა დაავალა. ოფისი, რომელიც მილანში მდებარეობს, della Liberazione-სა და Melchiorre Gioia- ს ქუჩების გადაკვეთაზე, ატელიე ალფონსო ფემიის მიერ შექმნილი შენობაა, რომელიც 70-იანი წლების სტრუქტურის სრული განახლების შედეგია და ქალაქის ცენტრიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, ისეთ ადგილას, რომელსაც შეუფერხებლად ემსახურება მთელი ურბანული ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა.

„მილანის ინტერის“ ახალ სათავო ოფისს ბევრად უფრო ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს, გარშემორტყმულია საჯარო სივრცეებით და კომფორტულია კლიენტებისა და სტუმრებისთვისაც.

ახალი შტაბი შენობის ბოლო 5 სართულს იკავებს. საერთო სტანდარტული სართული დაახლოებით 1700 კვადრატული მეტრია, ხოლო შენობის საერთო ფართობი – 4000 კვადრატული მეტრი და მასში სხვადასხვა ოფისებია განთავსებული. ტერიტორიას ემატება 800 კვადრატული მეტრიც, რომელიც ტერასას ეთმობა და დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს. ეს ყველაფერი ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ბუნებრივი განათებითა და ურბანული ექსტერიერის სიუხვით.

შესაძლებლობები, რომელიც ამ პროექტს აქვს, გამოიხატება პროგრესული განლაგების გეგმით, რომელიც ტოვებს უფრო დიდ ვიზუალურ კავშირს იტალიის ლანდშაფტთან. VI, VI და VII სართულები ეთმობა სამუშაო სივრცეებს, IX გამოიყენება როგორც საერთო შეხვედრების ოთახი, X – სპორტული ზონებისთვის, ხოლო XI სართულზე ტერასაა განთავსებული.

პროექტის კონცეფცია

ახალი შტაბ-ბინა, რომელიც მდებარეობს მილანის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ მხარეში, იყენებს ურბანულ მეტაფორას, როგორც დიზაინის კონცეფციიას. სივრცეები ხასიათდება დაბალანსებული მონაცვლეობით სამუშაო სივრცესა და გარემოს შორის. ოფისებში თბილი, შინაურული ატმოსფერო გვხვდება, რასაც დამატებით უზრუნველყოფს მწვანე და ყავისფერი ფერების არსებობა და ხის აქცენტები. ინდივიდუალური ხასიათი გამოიხატება ინტერიერში, სადაც უხვია ლურჯი ფერი, რომელიც „ინტერის“ იდენტობის ნაწილია, რადგან მათი გერბი სწორედ ლურჯ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი.

აქვეა მყუდრო და გამჭირვალე სივრცეც, რომელიც დაკომპლექტებულია ღია სტრუქტურებითა და მოსასვენებელი ზონებით და ქმნის არაფორმალური შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის განკუთვნილ ატმოსფეროს.

საერთო ფართი, მე-9 სართული

ამ სართულზე გვხვდება მთავარი სივრცე, სადაც თანამშრომლებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ. ამის შემდეგ მოდის მედიისთვის განკუთვნილი ოთახი, რომელსაც ტრენინგებისთვისაც იყენებენ. ჭერი მთლიანად „მილანის“ ფერებშია გადაწყვეტილი და საფეხბურთო მოედნის მსგავს კომპოზიციას ქმნის.

Inter Heritage, სადაც გუნდის მთელი ისტორია ინახება, სავსეა ნახატებით, ჯილდოებითა და სხვადასხვა აქსესუარებით, რომლებიც კლუბის წარსულსა და განვლილ გზას ასახავენ. ამას გარდა, მოწყობილია  ე.წ the Clock Room, კერძებითა და სასმელებით. ამ დახლის დასახელება მოდის იმ რესტორნის სახელწოდებიდან, რომელშიც კლუბი დაარსდა.

აღმასრულებელი სართული და ტერასა

დახურულ ოფისებს შორის, დასაჯდომი სივრცეები და დარბაზი ლურჯი ხალიჩებითა და ხის პანელებითაა განწყობილი, რაც კერამიკული ფილებით შექმნილ იატაკის საფართან ერთად, ოფისში განსაკუთრებულად თბილ და მეგობრულ გარემოს ქმნის.

ღია და გაშლილი ტერასა ქალაქის ხედებს გადაჰყურებს და შეუძლია სტუმრების მიღება როგორც კერძო, ოფიციალური შეხვედრებისთვის, ასევე მუსიკალური სესიებისთვის და თანამშრომლებისთვის განსატვირთი ღონისძიებების მოწყობის მიზნით. იატაკის საფარზე ვხვდებით მწვანე მინდორს, რომელსაც საფეხბურთო მოედნის მსგავსი დიზაინი აქვს.

მიზანი და საკომუნიკაციო სტრატეგიები

„მილანის ინტერი“ უფრო მეტია, ვიდრე სიმბოლო, ნიშანი ან რაიმე სახის გერბი. ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს დიდი ისტორია, რომლის ჩვენებაც FUD-ისა და Lombardini22-ის ჯგუფისთვის მთავარი გამოწვევა იყო. მათ კლუბთან ერთობლივი შემოქმედებითი თანამშრომლობით შექმნეს სივრცე, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ ექსკლუზიურად „ინტერის“ და რომელიც პირველივე დანახვისთანავე იწვევს გონებრივ და ფიზიკურ კავშირს ამ საფეხბურთო კლუბთან.

გუნდის ისტორიიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე, ფიზიკურმა ბრენდინგმა სივრცე გადააქცია კომუნიკაციის საშუალებად ფეხბურთსა და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შორის. არქიტექტურული სტილის, დიზაინისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის დახმარებით, შეიქმნა სათავო ოფისი, რომელიც აერთიანებს დასამახსოვრებელ მოგონებებს და იწვევს ემოციურ კავშირს კლუბსა და მის გულშემატკივრებს შორის.

უსაზღვრო და მარადიული

„ინტერის“ ბრენდის არსი გამოიხატება ისტორიისა და ღირებულებების ღრმა ცოდნასა და პატივისცემაში. პროექტის ავტორებს სურდათ შეექმნათ ძლიერი და ელეგანტური არქიტექტურული სივრცე, რომელიც კლუბის კულტურას მსოფლიოს გააცნობდა. „ჩვენ ვართ მსოფლიოს ძმები“, „მშვიდობის ძმები“, – ასეთია მათი გზავნილი, რომელიც ახალ სათავო ოფისში წარწერის სახითაც გვხვდება.

დიზაინი

ყველა შეხვედრის დარბაზს აქვს საკუთარი სტილი. თითოეული კარი ეძღვნება მსოფლიოს იმ ქვეყანას, რომელიც უკავშირდება „ინტერის“ ისტორიას. ამ შემთხვევაში, მთავარი ინტერიერის გამოყენებით ამბის მოყოლა იყო. ერთ-ერთი ელემენტი, რომელსაც FUD-მა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო, იყო ფერები, რომლებიც შეირჩა კლუბის გერბიდან გამომდინარე.

FUD-ის მიდგომა გახლდათ ამბის გაცოცხლება და სივრცის გამოცდილებად გარდაქმნა, რომელიც თითოეულ მნახველს აღაფრთოვანებს და განსაკუთრებული ემოციებით მუხტავს.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ პროექტით, რადგან ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ჩვენ გვჯერა, რომ შევძელით საკმაოდ რთული მისიის შესრულება შენობაში, რომელშიც გაერთიანებულია სამუშაო სივრცეები, სპეციალური ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ოთახები და ისტორია,” – ამბობს ალესანდრო ადამო, DEGW-ის დირექტორი და Lombardini22-ის პარტნიორი

2024 წლის მარტში, ბათუმში, საქართველოს ნაკრების ლეგენდები პროექტ „ლეგენდების სერიის“ ფარგლებში სწორედ მილანის „ინტერის“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. ქართველ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა დატკბეს იმ ფეხბურთელების თამაშით, რომლებიც სხვადასხვა დროს იცავდნენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული გუნდის ღირსებას.

ოცნებებით დაწყებული არქიტექტურა და ნაგებობებში გაცოცხლებული ხელოვნება – ინტერვიუ შორენა წილოსანთან

რა არის კლინკერის ფილა, რომელსაც ხშირად თბოიზოლაციისთვისაც იყენებენ?